ლიგის თასი. 1/2-ფინალი: "ლილმა" გამოისყიდა

AutoSharing Option
ფრედერიკ ანტონეტის "ლილი" ჯერ საფრანგეთის თასს გამოეთიშა მეოთხელიგელ მეტოქესთან სენსაციური მარცხით, მერე კი კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა და შინ დამარცხდა 21 ტურის განმავლობაში მოუგებელ "ტრუასთან".

თურმე, ფრედერიკ ანტონეტი თავის ბიჭებს ლიგის თასის ნახევარფინალისთვის ამზადებდა, სადაც ლილელთა მეტოქე "ბორდო" იყო, რომელთანაც ნახსენები ორი მატჩის წინ ჰქონდა წაგებული. ლილელებს ასე ლაღად და შთამბეჭდავად ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშიათ.

ჩემპიონატში გუნდს 22 ტურში სულ 17 აქვს გატანილი, ხოლო ვილი სანიოლის გუნდს ერთბაშად 5 გაუტანა. საქმე იასინ ბენზიას სწრაფმა გოლმა გააადვილა. მართალია, ბორდოელებმა გათანაბრება
შეძლეს, მაგრამ 41-ე წუთზე ლუდოვიკ სანეს არ გაუმართლა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და თანაც ამის მერე მასპინძლებმა შესვენებამდე კიდევ ერთის გატანა მოასწრეს, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც.

მეორე ნახევარში "ლილმა" მეტოქეს კიდევ ორი ბურთი დაუმატა, ტაიმის დებიუტში და ბოლოს, რამაც გუნდი დამსახურებულად გაიყვანა ფინალში, სადაც მისი მეტოქე ღამით "პარი სენ-ჟერმენისა" და "ტულუზის" შეხვედრაში ირკვეოდა...

"ბორდოს" კი საკმაოდ მძიმე სეზონი გამოსდის, მაგრამ ბოლო დროს გამოღვიძების ნიშნები იყო. გუნდი ჩემპიონატში ნელ-ნელა წინსვლას ცდილობს და ლიგის თასიდან კი გავარდა, მაგრამ საფრანგეთის თასზეა შემორჩენილი, სადაც მერვედფინალში მისი მეტოქე "ნანტია".

ლილი-ბორდო 5:1
გოლები: 1:0 ბენზია (7), 1:1 შანტომი (33), 2:1 სანე (41-ს.კ-ში), 3:1 სუმაორო (45), 4:1 ბოტიე (56), 5:1 ბუფალი (90+3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული