ტორნეო ფინალი. XII ტური: მოსაწყენი სუპერკლასიკო

AutoSharing Option
ტორნეო ფინალის მე-12 ტურის მთავარი მატჩი "ბომბონერაზე" გაიმართა. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაზე და რა მდგომარეობაში არიან, "სუპერკლასიკო" ყოველთვის ყველაზე საინტერესო მატჩია.

"ბოკა ხუნიორსი" პრინციპულ მეტოქესთან გასამართ დაპირისპირებას სარეკორდო, 10-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა. "რივერი" კი, საპირისპიროდ, ამ ჩემპიონატში საკმაოდ კარგად გამოდის და პირველობისთვისაც იბრძვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო ის, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თანაც ეს პირველ წუთზე გააკეთეს - მანუელ ლანსინიმ კარლოს სანჩესის გადაცემით ისარგებლა და მასპინძელთა კარი თავური დარტყმით აიღო - 0:1.

"ბოკამ" ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, ერთადერთი
ნორმალური შეტევის შემდეგ გაათანაბრა. გოლი ვალტერ ერვიტიმ შექმნა, რომელმაც რამდენიმე მეტოქის ჩამოტოვების შემდეგ სანტიაგო სილვას გადააწოდა, ურუგვაელმა კი ბაროვეროს აუღებელი დაურტყა.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მატჩმა იმედები ვერ გაამართლა და ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უსახური და მოსაწყენი დერბი ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ კარლოს ბიანკის შეგირდებმა საკლუბო ანტირეკორდი დაამყარეს - აქამდე არასდროს მომხდარა, რომ "ბოკას" არგენტინის ჩემპიონატში ზედიზედ 11 ტურში არ ემარჯვოს.

ლიდერი შეიცვალა
ზედიზედ ორი ფრის შემდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვა "ლანუსმა", რომელმაც სტუმრად "არხენტინოს ხუნიორსს" მოუგო. შეხვედრის გმირი სილვიო რომერო გახდა - 24 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ამ წარმატების წყალობით, გილერმო ბაროს შელოტოს გუნდი პირველ ადგილზე გადავიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველ პოზიციაზე ტურის დასრულების შემდეგაც დარჩა, რადგან თავისი მატჩი წააგო "ნიუელს ოლდ ბოისმა". "ძველი ბიჭები" სარანდის "არსენალთან" დამარცხდნენ, რომლის რიგებშიც დარიო ბენედეტო გამოირჩა.

იოლი გამარჯვება მოიპოვა "გოდოი კრუსმა". მენდოსელებმა "კოლონი" გაანადგურეს და მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. მეხუთეზეა "ატლეტიკო რაფაელა", რომელმაც სკანდალურ შეხვედრაში გასავარდნად განწირულ "სან მარტინს" მოუგო. სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ ბოლო 6 წუთში მათ კარში ორი პენალტი დაინიშნა, რომლებიც ფედერიკო გონსალესმა გამოიყენა.

გარდა ამისა, არბიტრმა სანხუანელებს ორი ფეხბურთელიც გაუძევა. ამ წაგების შემდეგ "სან მარტინის" ლიგაში დარჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდა.

ინდეპენდიენტეს შანსი გაუჩნდა
სამაგიეროდ, ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა "ინდეპენდიენტეს". ლიბერტადორესის თასის 7-გზის მფლობელმა სტუმრად "ტიგრეს" მოუგო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ორივე გოლი ახალგაზრდა (20 წლის) ადრიან ფერნანდესმა გაიტანა, ვის ანგარიშზეც უკვე 4 გოლია. არადა, პარაგვაელს სულ 5 თამაში აქვს ჩატარებული.

"ინდეპენდიენტეს" გასახარად, დამარცხდნენ მისი კონკურენტები. "არხენტინოსზე" უკვე მოგახსენეთ და გარდა ამისა, წააგო "კილმესმაც", რომელიც საკუთარ მოედანზე "სან ლორენსოს" დანებდა. რომის პაპის საყვარელი გუნდი თავიდან კი აგებდა, მაგრამ ხულიო ბუფარინის და გონსალო ვერონის გოლების წყალობით 2:1 მოიგო და ლიგაში დარჩენის საკითხი საბოლოოდ გადაჭრა.

ტორნეო ფინალი. XII ტური

ბოკა-რივერი 1:1
გოლები: 0:1 ლანსინი (1), 1:1 ს. სილვა (39).
გაძევება: გ. ბურდისო (90. ბოკა ხუნიორსი).

გოდოი კრუსი-კოლონი 3:0
გოლები: 1:0 ობოლო (35), 2:0 კასტელანი (43), 3:0 ნ. სანჩესი (82).

კილმესი-სან ლორენსო 1:2
გოლები: 1:0 ელისარი (17), 1:1 ბუფარინი (49), 1:2 გ. ვერონი (62).

უნიონი-ბელგრანო 1:1
გოლები: 0:1 აველდანიო (18), 1:1 ხ. კავალიარო (63).
გაძევება: ვ. აკინო (79. ბელგრანო).

არ. ხუნიორსი-ლანუსი 1:2
გოლები: 0:1 სილვიო რომერო (8), 0:2 სილვიო რომერო (73), 1:2 მ. მარტინესი (81).

ტიგრე-ინდეპენდიენტე 0:2
გოლები: 0:1 ა. ფერნანდესი (9), 0:2 ა. ფერნანდესი (40).

ატლ. რაფაელა-სან მარტინი 2:1
გოლები: 0:1 ლანდა (17), 1:1 ფ. გონსალესი (84-პენ), 2:1 ფ. გონსალესი (89-პენ).
გაძევება: მ. ფისორე (30. ატლეტიკო რაფაელა), ს. ოიოსი (84. სან მარტინი), ალდერეტე (90. სან მარტინი).

არსენალი-ნიუელსი 2:0
გოლები: 1:0 ბენედეტო (7), 2:0 ბენედეტო (17).

ოლ ბოისი-ესტუდიანტესი 0:0
გაძევება: გელაბერტი (70. ესტუდიანტესი)

რასინგი-ველესი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 8 – სილვიო რომერო (ლანუსი); 7 – ჟიგლიოტი (კოლონი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 6 – ვიეტო (რასინგი); 5 – ობოლო (გოდოი კრუსი), ს. სილვა (ბოკა ხუნიორსი), ვილდოსო (ოლ ბოისი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
16. არ. ხუნიორსი 107 129 1.206
17. კილმესი 31 36 1.161
18. ინდეპენდიენტე 107 122 1.140
19. სან მარტინი 69 76 1.101
20. უნიონი 69 69 1.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. XI ტური: სიგიჟე გიჟის სახელობის სტადიონზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული