"ველეს სარსფილდის" მეათე საჩემპიონო

AutoSharing Option
"ველეს სარსფილდის" და "ნიუელს ოლდ ბოისის" დაპირისპირებით არგენტინაში 2012/13 წლების სეზონი დასრულდა. ორი ტურნირის - "ტორნეო ინისიალის" და "ტორნეო ფინალის" გამარჯვებულები ერთმანეთს სეზონის ჩემპიონის გამოსარკვევად შეხვდნენ.

რეგლამენტი
2012 წლის ზაფხულში არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის რეგლამენტის შეცვლა გადაწყვიტა და აი, ასეთი უცნაური რაღაც მოიფიქრა: "ტორნეო ინისიალის" (ყოფილი აპერტურა) და "ტორნეო ფინალის" (ყოფილი კლაუსურა) გამარჯვებულები ცალ-ცალკე ჩემპიონები კი გახდებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ე.წ. სუპერფინალში დაუპირისპირდებოდნენ და კიდევ ერთ საჩემპიონო ტიტულს გაითამაშებდნენ.

დაახლოებით ანალოგიური სისტემაა ურუგვაიში, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ აპერტურას და კლაუსურას გამარჯვებულნი ფინალურ შეხვედრაში ერთ ჩემპიონს არკვევენ და ურუგვაისაც სეზონში ერთი ჩემპიონი ჰყავს, არგენტინაში კი ყველანაირ რეკორდს ამხობენ და ამ სეზონში სამი საჩემპიონო ტიტული გასცეს - "ტორნეო ინისიალის" და სეზონის ჩემპიონი "ველეს სარსფილდი" გახდა, "ტორნეო ფინალის" კი "ნიუელს ოლდ ბოისი".

ისე, "ნიუელსს" ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეეძლო: სუპერფინალში "ველესი" რომ დაემარცხებინა, ხერარდო მარტინოს გუნდი ერთ კვირაში არგენტინის ჩემპიონი ორჯერ (!) გახდებოდა.

მოკლედ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ლამის ყოველი გადაწყვეტილებით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური ფედერაციაა მსოფლიოში...

თამაში
თავად თამაში სანახაობრივი ვერ გამოვიდა და ამაში მთავარი დამნაშავე "ველესის" კაპიტანი ფაბიან კუბერო გახლავთ. ურუგვაელმა 28-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამის შემდეგ "ველეს სარსფილდს" შეტევაზე აღარც უფიქრია და მთლიანად საკუთარი კარის დაცვაზე გადავიდა. კუბერო მატჩის ანტიგმირი არ გამხდარა - ეს "წოდება" მას იგნასიო სკოკომ წაართვა. მეორე ყვითელი ბარათი კუბერომ მაქსი როდრიგესთან საჯარიმოში უხეშობის გამო მიიღო. არბიტრმა ნესტორ პიტანამ პენალტი დანიშნა, რომელიც "ტორნეო ინისიალის" და "ტორნეო ფინალის" საუკეთესო ბომბარდირმა ვერ გამოიყენა. სკოკომ ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლუკას პრატომ. "ჯენოას" ყოფილმა ფეხბურთელმა მე-9 წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნომინალური მასპინძელი კაცნაკლული დარჩა, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა და ძალიან ბევრი იშრომა.

"ველესი" თავს დიდი ძალებით კი იცავდა, მაგრამ "ნიუელსს" რეალური საგოლე შანსები მაინც ჰქონდა. მილტონ კასკომ 5 მეტრიდან თავით პრაქტიკულად ცარიელ კარში ვერ გაიტანა (ააცილა), მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა ვიქტორ ფიგეროამ, მაქსი როდრიგესმა და სანტიაგო ვერხინიმ კი 4 მეტრიდან კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხეს, არადა, მათ ხელს არავინ უშლიდა. მოკლედ, "ძველი ბიჭები" წაგებას მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებენ.

საბოლოოდ, მატჩი 1:0 დასრულდა და "ველეს სარსფილდმა" ისტორიაში მე-10 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა და "სან ლორენსოს" წამოეწია. პროფესიულ ეპოქაში ამ გუნდებზე მეტჯერ ჩემპიონატში მხოლოდ მეორე დივიზიონში გავარდნილმა "ინდეპენდიენტემ" (14), "ბოკა ხუნიორსმა" (24) და "რივერ პლეიტმა" (33) იმარჯვეს.

ჩემპიონობის გარდა, რიკარდო გარეკას გუნდმა 2013 წლის კოპა სუდამერიკანას, 2014 წლის ლიბერტადორესის თასის და არგენტინის სუპერთასის საგზურები მოიპოვა.
"ნიუელსმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ ამ სამ შეხვედრაში (თასზე, ინისიალის ბოლო ტურში და სუპერფინალში) გოლი არ გაუტანია. ახლა ხერარდო მარტინოს გუნდს ლიბერტადორესის თასის 1/2-ფინალი ელის (ატლეტიკო მინეიროსთან) და თუ არ მოუმატა, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი გვერდზე დარჩება.

აქვე, პოპულარული საიტის, Goal.com-ის აზრით, "ტორნეო ფინალის" სიმბოლურ ნაკრებს შემოგთავაზებთ:

მეკარე: სებასტიან სახა (რასინგი)
მცველები: მარკოს კასერესი (ნიუელსი), ლისანდრო ლოპესი (არსენალი), გაბრიელ ჰაინცე (ნიუელსი), ლეონელ ვანხიონი (რივერი)
ნახევარმცველები: გვიდო პისარო (ლანუსი), კრისტიან ლედესმა (რივერი), მაქსი როდრიგესი (ნიუელსი)
თავდამსხმელები: ლუსიანო ვიეტო (რასინგი), ემანუელ ჟიგლიოტი (კოლონი), იგნასიო სკოკო (ნიუელსი)

ველეს სარსფილდი-ნიუელსი 1:0
გოლი: 1:0 პრატო (9)
ველესი (4-3-1-2): ს. სოსა - კუბერო, ტობიო, ს. დომინგესი, პაპა - ბელია (30. პერუცი), რაცოტი, გაგო (72. სერო) - ფ. ინსუა - პრატო (69. ლ. რომერო), ფ. ფერეირა
ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - პ. პერესი (73. ურუტი), ბერნარდი, კრუსადო (64. ტონსო) - ფიგეროა, მაქსი როდრიგესი - სკოკო
გამოუყენებელი პენალტი: სკოკო (31. ნიუელსი)
გაფრთხილება: კუბერო, პაპა, ს. სოსა, ფ. ინსუა, რაცოტი - ვერხინი, პ. პერესი, კრუსადო
გაძევება: კუბერო (28. ველესი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. ბოლო ტური: დასასრული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული