ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ნაადრევი ფინალი

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი "ოლიმპია"-"სანტა ფეს" მსგავსი შედეგით დასრულდა. მასპინძლებმა აქაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

სპეციალისტების და ჟურნალისტების აზრით, "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ატლეტიკო მინეიროს" დაპირისპირება ტურნირის ნაადრევი ფინალია და რთულია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. შესაბამისად, 4 ივლისის გამარჯვებით ხერარდო მარტინოს გუნდმა არა მარტო ფინალისკენ, არამედ თასისკენაც გაიწია.

არგენტინელთა რიგებში მაქსი როდრიგესი, იგნასიო სკოკო და მარკოს კასერესი აქტიურობდნენ, სტუმართაგან კი რონალდინიო და კონფედერაციათა თასიდან დაბრუნებული ბერნარდი გამოირჩეოდნენ. "ატლეტიკოს" ერთი საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - 1/4-ფინალში
გაძევების გამო ეს თამაში რევერმა გამოტოვა, რომლის ადგილიც ბრაზილიელმა რაფაელ მარკეშმა დაიკავა.

სწორედ ცენტრალური მცველების შეცდომას მოჰყვა პირველი გოლი, რომელიც მაქსი როდრიგესმა გაიტანა. მე-60 წუთზე, ვიქტორ ფიგეროას ჩაწოდების შემდეგ, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გამოცდილმა ნახევარმცველმა ვიქტორის კარი თავური დარტყმით აიღო და "ძველი ბიჭები" დააწინაურა.

გოლის გატანის შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ ბერნარდმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. როგორ აღვნიშნეთ, აქტიური იყო რონალდინიო, მაგრამ "გაუჩოს" თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, 81-ე წუთზე კი "ატლეტიკომ" მეორე გოლიც გაუშვა, რომელიც შესაძლოა, ორმატჩიან დაპირისპირებაში გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. თავი იგნასიო სკოკომ გამოიჩინა, ვინც ვიქტორს საკმაოდ შორიდან, საჯარიმო დარტყმით გაუტანა.

28 წლის ფორვარდმა ტურნირზე თავისი მე-6 გოლი გაიტანა და მას აქვს შანსი, მართლაც უნიკალური მიღწევის ავტორი გახდეს, კერძოდ, ყველა იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვოს, სადაც ითამაშა. შეგახსენებთ, რომ სწორედ სკოკო გახდა არგენტინის ორივე ჩემპიონატის (ტორნეო ინისიალი, ტორნეო ფინალი) საუკეთესო სნაიპერი.

ამის ფონზე, გასაკვირია, რატომ არ იწვევს მას ნაკრებში ალეხანდრო საბელია, მით უმეტეს, რომ "ნიუელსის" ფორვარდმა ეროვნულ გუნდში სულ ერთი მატჩი ჩაატარა (ბრაზილიასთან), იქაც ცვლილებაზე გამოვიდა და ორი გოლი შეაგდო...

მართალია, "ნიუელსმა" სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ არგენტინელებს მოშვების უფლება არ აქვთ, რადგან "ატლეტიკო" ერთმანეთზე გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია.

"ჩვენი მიზანი გამარჯვების მოპოვება და საშინაო კედლების ფაქტორით სარგებლობა იყო. "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი გუნდია, ალბათ, საუკეთესო შემორჩენილთა შორის, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მშვენიერი შედეგიც მივიღეთ. თუმცა დამშვიდების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ბრაზილიაში ძალიან რთული მატჩი გველის და ყველაფერი სწორედ იქ გადაწყდება," - განაცხადა მაქსი როდრიგესმა.

საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, ბელუ ორიზენტეში გაიმართება.

ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი

ნიუელსი-ატლ. მინეირო 2:0
გოლები: 1:0 მაქსი როდრიგესი (60), 2:0 სკოკო (81)
ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - მატეო, პ. პერესი (79. კრუსადო), ბერნარდი - ვ. ფიგეროა (78. ტონსო), მაქსი როდრიგესი - სკოკო (90. ურუტი)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა, რაფაელ მარკეში, ჟილბერტო სილვა, რიჩარლისონი - პიერი, ჟოსუე - დიეგო ტარდელი (69. ლუანი), რონალდინიო, ბერნარდი - ჟო
გაფრთხილება: მაქსი როდრიგესი, პ. პერესი, კასკო - ბერნარდი, ჟილბერტო სილვა, ლუანი
მაყურებელი: 40 000

ბომბარდირები: 6 - იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ფრედი ბარეირო (ოლიმპია), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრაიან როდრიგესი (უაჩიპატო), ხუან მანუელ სალგეირო (ოლიმპია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: "ოლიმპია" თითქმის ფინალშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული