ბრაზილია. სერია A. X ტური: ახალი ცოცხი კარგად გვის

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მეათე ტურში მოხდა ის, რასაც უკვე შევეჩვიეთ - პირველ ადგილზე მყოფმა გუნდმა ქულები დაკარგა და ლიდერობა დათმო...

ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა
ჩემპიონატის ლიდერი "კრუზეირო" გასვლაზე "ფლუმინენსეს" ეთამაშა და მინიმალური ანგარიშით წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 78-ე წუთზე ფრედმა, ახალგაზრდა კენედის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი კინაღამ ანტიგმირი გახდა, რადგან 45-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა დანაშაული მეორე ნახევარში მაინც გამოისყიდა და ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა.

ამ შეხვედრაში, "ფლუს" მთავარი მწვრთნელი პოსტზე დებიუტი ჰქონდა ვანდერლეი ლუშემბურგოს და როგორც
ხედავთ, ცნობილი გამოთქვა: "ახალი ცოცხი კარგად გვის", ამჯერადაც გამართლდა. ბრაზილიის ჩემპიონმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და გასავარდნი ზონიდან სატურნირო ცხრილის შუაში გადაინაცვლა.
პირველ ადგილზე კი (დროებით) "კორიტიბა" გადავიდა, რომელმაც "პონტე პრეტასთან" საოცარი მატჩი ჩაატარა.

პირველობის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი სტუმართან ორჯერ აგებდა, მაგრამ პარანას შტატის წარმომადგენლებმა ორივეჯერ არა მარტო ანგარიში გაათანაბრეს, არამედ დაწინაურებაც შეძლეს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს "კორიტიბას" ვეტერანებმა - 34 წლის ლინკოლნმა დუბლი შეასრულა და გარდა ამისა, "შალკეს" ყოფილმა ლიდერმა საგოლე პასიც გააკეთა, 35 წლის ალექსმა კი მორიგი, უკვე მე-6 გოლი გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან ასევე გამოირჩა რობინიო, ვინც ლინკოლნის მსგავსად, ასევე ორი გოლი გაიტანა.

"პონტე პრეტას" შემადგენლობაში კარგი მატჩი ჩაატარა ვილიამმა - პაულისტას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ასევე დუბლი შეასრულა, თუმცა ეს მის გუნდს არ ეყო.

"ბაია" აღარ ხუმრობს
ბრაზილიის 2-გზის ჩემპიონმა წაუგებელი სერია 5-მდე გაზარდა და სამეულში დამკვიდრდა. "ბაიას" მორიგი მსხვერპლი გახდა "ფლამენგო", რომელთანაც, სხვათა შორის, სალვადორის გუნდმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვა - აქამდე, ორივე კლუბს 10-10 მოგება ჰქონდა.

მასპინძელთა მხრიდან თავი სამივე შემტევმა გამოიჩინა. ფერნანდაოსთვის აღნიშნული გოლი მეხუთე იყო და 26 წლის ფორვარდი ბომბარდირთა დავაში დიეგო ფორლანს და ედერსონს წამოეწია, ვინც ამ ტურში ასევე გაიტანა.

"ფლამენგო" მანო მენეზეშის ხელში თითქოს გამოცოცხლა, მაგრამ ბოლო პერიოდში ბრაზილიის ყველაზე პოპულარულ გუნდს ისევ ჩავარდნა დაეწყო და "მენგო" კვლავ ცხრილის მეორე ნახევარში, მეტიც, გასავარნდ ზონაში იმყოფება.

ატლეტიკოების დერბი
"ფლას" მხოლოდ მეტი მოგების ხარჯზე უსწრებს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბი, რომელიც მორიგ ტურში სეხნიასთან დამარცხდა. "ატლეტიკო მინეირო" რონალდინიოს გარეშე, მაგრამ ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდა და მიუხედავად იმისა, რომ "მამლებმა" დაწინაურება მე-80 წუთზე შეძლეს, კუკას გუნდი მაინც უქულოდ დარჩა.

მასპინძლები ბერნარდმა დააწინაურა, თუმცა იქვე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "ატლეტიკო მინეირო" 10 კაცით დარჩა. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 10 წუთში, "ატლეტიკო პარანაენსემ" არა მარტო ანგარიში გაათანაბრა, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. თავი ევერტონმა და ედერსონმა გამოიჩინეს, თუმცა მათთან ერთად ზეზინიოც უნდა გამოვყოთ, ვინც ორივე ფეხბურთელს საგოლე პასი გაუკეთა.

"კორინთიანსმა" "გრემიოს" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან მეხუთედ მოუგო და ცხრილში მის მეზობლად დამკვიდრდა. ანგარიში 34-ე წუთზე ემერსონ შეიკმა გახსნა, საბოლოო შედეგი კი მეორე ტაიმში, ცვლილებაზე შემოსულმა ალეშანდრე პატომ დააფიქსირა. "მილანის" ყოფილი ფორვარდის ანგარიშზე უკვე 4 გოლია, თანაც პატომ ეს 4 ბურთი ბოლო 5 შეხვედრაში გაიტანა.

ამ ტურში ორი საკმაოდ საინტერესო მატჩი გადაიდო - "ინტერნასიონალი"-"სანტოსი" და "ნაუტიკო"-"სან პაულო" კომერციული ამხანაგური შეხვედრების გამო სხვა დროს გაიმართება. "სანტოსი" დღეს "ბარსელონას" ეთამაშება, "სან პაულო" კი გუშინ "მილანს" შეხვდა, ხვალ კი "ბენფიკას" უნდა დაუპირისპირდეს.

ბრაზილია. სერია A. X ტური

ფლუმინენსე-კრუზეირო 1:0
გოლი: 1:0 ფრედი (78)

ატლ. მინეირო-ატლ. პარანაენსე 1:2
გოლები: 1:0 ბერნარდი (80), 1:1 ევერტონი (86), 1:2 ედერსონი (88)
გაძევება: ბერნარდი (81. ატლეტიკო მინეირო)

პორტუგეზა-კრისიუმა 1:1
გოლები: 1:0 ბრუნო ენრიკე (68), 1:1 ელტონი (90)

კორიტიბა-პონტე პრეტა 5:3
გოლები: 0:1 ვილიამი (4), 1:1 ლინკოლნი (24), 2:1 რობინიო (27), 2:2 ბარაკა (46), 2:3 ვილიამი (49), 3:3 ალექსი (56), 4:3 ლინკოლნი (59), 5:3 რობინიო (88)

კორინთიანსი-გრემიო 2:0
გოლები: 1:0 ემერსონ შეიკი (34), 2:0 პატო (81)

ბაია-ფლამენგო 3:0
გოლები: 1:0 ფერნანდაო (29), 2:0 ვალისონი (45), 3:0 მარკინიოს გაბრიელი (77)

ბოტაფოგო-ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 ვიტინიო (32), 2:0 ელიასი (80)

გოაისი-ვასკო 1:1
გოლები: 0:1 პედრო (16), 1:1 ვალტერი (88-პენ)

ინტერნასიონ.-სანტოსი გადაიდო
ნაუტიკო-სან პაულო გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 7 - ბიანკუჩი (ვიტორია); 6 - ალექსი (კორიტიბა), ვილიამი (პონტე პრეტა); 5 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ფორლანი (ინტერნასიონალი), ფერნანდაო (ბაია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. IX ტური: ლიდერი ისევ შეიცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული