პასი ამერიკიდან: "პონტე პრეტა" და "ფლამენგო"

AutoSharing Option
ბრაზილიაში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა: "პონტე პრეტამ" კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრის ეგიდით "სან პაულოს" უმასპინძლა, "ფლამენგო" კი ბრაზილიის თასის ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ატლეტიკო პარანაენსეს" შეხვდა.

სან პაულოს დერბიმ სენსაციური შედეგი გამოიღო - ბრაზილიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა წააგო და ფინალის, ისევე, როგორც 2014 წლის ლიბერტადორესის საგზური, "პონტე პრეტას" დაუთმო. არადა, "სან პაულო" ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იყო.

ამ წყვილში ყველაფერი პირველ შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც აუტსაიდერად მიჩნეულმა "პონტე პრეტამ" სტუმრად 3:1 მოიგო. 28 ნოემბერის შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლები
43-ე წუთზე ლეონარდომ (პირველ მატჩშიც გაიტანა) დააწინაურა, სტუმართაგან კი წონასწორობის აღდგენა ლუიშ ფაბიანომ შეხვედრის 86-ე წუთზე შეძლო.

***
ბრაზილიის თასის გამარჯვებული კი "ფლამენგო" გახდა. პირველი შეხვედრა, რომელიც "ატლეტიკოს" მოედანზე გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა; საპასუხო მატჩში კი მთავარი მოვლენები ბოლო 2 წუთში განვითარდა - 88-ე წუთზე "ფლა" ელიასმა დააწინაურა, რასაც ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი და ორმაგი გაძევება (ანდრე სანტოსი "ფლამენგოდან" და სირო "ატლეტიკოდან") მოჰყვა, ზუსტად ერთ წუთში კი მასპინძლებმა მეორე და გადამწყვეტი ბურთი გაიტანეს - თავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ერნანმა გამოიჩინა და "ფლას" ბრაზილიის თასი ისტორიაში მესამედ (1990, 2006, 2013) მოაგებინა.

"ფლამენგომ", "პონტე პრეტას" მსგავსად, მომავალი წლის ლიბერტადორესის თასის საგზური მოიპოვა.

საინტერესოა, რომ "პონტე პრეტა" ამ ტურნირზე პირველად ითამაშებს და ისტორიაში 28-ე ბრაზილიური კლუბი გახდება, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოვა, "ფლამენგო" კი ლიბერტადორესს ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება (სულ მე-12 მონაწილეობა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოპა სუდამერიკანა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: "ლანუსი" და "სან პაულო" საგზურს ელიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული