არგენტინა. პრიმერა დივიზიონი. ტორნეო ფინალი. II ტური: "ესტუდიანტესი" გალიდერდა

AutoSharing Option
ტორნეო ფინალის მეორე ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მაურისიო პელეგრინოს "ესტუდიანტესს" აქვს მოგროვებული. კვლავ არაფერი ეშველა "ბოკა ხუნიორსს", რომელმაც შინ "ბელგრანოსთან" წააგო, "ლანუსმა" და "ნიუელსმა" კი ამ ტურში ლიდერები დაასვენეს და შესაბამისი შედეგიც მიიღეს...

მაურისიო პელეგრინოს "ესტუდიანტესში" მისვლის შემდეგ ეს გუნდი გამოკვეთილი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი გახდა. ახლაც "სტუდენტებმა" ჩემპიონატის ორ ტურში მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ეს ორი ბურთი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გუნდს ამდენივე გამარჯვება მოეპოვებინა.

მორიგ ტურში ხუან სებასტიან ვერონმა და კომპანიამ "ოლ ბოისს" მოუგეს, მიუხედავად იმისა, რომ
მატჩის ბოლო 22 წუთი კაცნაკლულებმა ჩაატარეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი გვიდო კარილიომ გაიტანა, რის შემდეგაც არბიტრმა მოედნიდან კარლოს აუსკი გააძევა, მაგრამ სტუმრებმა დარჩენილ წუთებში გაძლეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

ორმა ფავორიტმა, "ნიუელსმა" და "ლანუსმა" ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო. ალფრედო ბერტის და გილერმო ბაროს შელოტოს გუნდების ამ ფიასკოს ძალიან მარტივი ახსნა აქვს - მწვრთნელებმა გადატვირთული კალენდრის გამო ამ ტურში ძირითადი შემადგენლობის წევრების დასვენება გადაწყვიტეს. წინა სეზონში რეზერვისტებმა "ლანუსს" არაერთხელ გაუმართლეს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ცუდად დასრულდა.

"ატლეტიკო რაფაელამ" მეტოქის მდგომარეობით ისარგებლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა მხრიდან დუბლი ურუგვაელმა დიეგო ვერამ შეასრულა, კიდევ ერთი ბურთი კი კრისტიან კანუემ გაიტანა.

დიდი ანგარიშით დამარცხდა "ნიუელსიც", რომელსაც არგენტინის ჩემპიონატში საოცარი, 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. "ლანუსისგან" განსხვავებით, "ძველი ბიჭების" შემადგენლობას სარეზერვოს ვერ ვუწოდებთ, რადგან ბანეგა, ჰაინცე, მაქსი როდრიგესი და კასკო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ ასევე სასტარტო 11-ეულში იყო 16 წლის ფორვარდი ესეკილ პონსეც, რომელმაც თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა.

ბიანკის კრიზისი გრძელდება
უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარლოს ბიანკის ფეხბურთში დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. "პაპა კარლოს" მეთოდები აშკარად დაუძველდა და ეს ყველაფერი "ბოკა ხუნიორსის" შედეგებზეც ადეკვატურად აისახება. ამ ტურში "ბოკამ" "ბომბონერაზე" მორიგი მარცხი განიცადა და საკუთარი "ინჩადა" კიდევ ერთხელ გააწბილა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი "ესპანიოლის" ყოფილი მცველის, ხუან ფორლინის გოლის წყალობით კი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს. მატჩის უკანასკნელ წუთებზე მაყურებლებმა კიდევ ორი გოლი იხილეს - ჯერ წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა სესარ პერეირამ იხეირა, რამდენიმე წამში კი ცვლილებაზე გამოსულმა 19 წლის ლუსიანო აკოსტამ კარიერაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბელგრანო" "ბოკასთვის" უხერხული მეტოქეა. სულ ამ გუნდებს შორის 31 მატჩი გაიმართა, აქედან 14 "ბოკამ" მოიგო, 10 კი "ბელგრანომ". არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ასეთი შედეგით ბევრი გრანდიც კი ვერ დაიკვეხნის.

ტორნეო ფინალი. II ტური

გოდოი კრუსი-კილმესი 2:0
გოლები: 1:0 კასტელანი (25), 2:0 კ. აკინო (31)
გაძევება: საკარია (58. კილმესი)

ოლ ბოისი-ესტუდიანტესი 0:1
გოლი: 0:1 კარილიო (65)
გაძევება: აუსკი (68. ესტუდიანტესი)

არსენალი-ველესი 1:3
გოლები: 0:1 მ. სარატე (48), 0:2 მ. სარატე (58), 0:3 ხ. კორეა (64), 1:3 ეჩევერია (85)
გაძევება: დ. პერესი (76. არსენალი)

ტიგრე-ოლიმპო 0:0
გაძევება: მოირაგი (90. ოლიმპო)

სან ლორენსო-რასინგი 1:0
გოლი: 1:0 ბლანდი (8)

კოლონი-არ. ხუნიორსი 1:0
გოლი: 1:0 გრასიანი (55)

ხიმნასია-ნიუელსი 3:0
გოლები: 1:0 გ. დიასი (9), 2:0 ბლენხიო (60), 3:0 ფ. პერეირა (80)

ლანუსი-ატლ. რაფაელა 0:3
გოლები: 0:1 დ. ვერა (28), 0:2 დ. ვერა (42), 0:3 კანუე (70)

როსარიო-რივერი 1:1
გოლები: 0:1 ლანსინი (4), 1:1 კ. ლუნა (29)
გაძევება: პ. ფერარი (82. როსარიო)

ბოკა-ბელგრანო 2:3
გოლები: 1:0 ფორლინი (7), 1:1 რიგონი (47), 1:2 ლოლო (65-პენ), 1:3 ს. პერეირა (90), 2:3 ლუსიანო აკოსტა (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესტუდიანტესი 2 2 0 0 2-0 6
2. ატლ. რაფაელა 2 1 1 0 4-1 4
3. ველესი 2 1 1 0 3-1 4
4. ოლიმპო 2 1 1 0 2-0 4
5. ბელგრანო 2 1 1 0 5-4 4
6. რივერი 2 1 1 0 2-1 4
7. როსარიო 2 1 1 0 2-1 4
8. რასინგი 2 1 0 1 3-1 3
9. ხიმნასია 2 1 0 1 3-1 3
10. გოდოი კრუსი 2 1 0 1 3-2 3
11. არ. ხუნიორსი 2 1 0 1 2-2 3
12. სან ლორენსო 2 1 0 1 1-2 3
13. კოლონი 2 1 0 1 1-3 3
14. ტიგრე 2 0 2 0 0-0 2
15. ბოკა 2 0 1 1 2-3 1
16. ოლ ბოისი 2 0 1 1 1-2 1
17. ლანუსი 2 0 1 1 2-5 1
18. ნიუელსი 2 0 1 1 0-3 1
19. არსენალი 2 0 0 2 1-4 0
20. კილმესი 2 0 0 2 0-3 0

ბომბარდირები: 2 - მ. სარატე (ველეს სარსფილდი), ლოლო (ბელგრანო), დ. ვერა (ატლეტიკო რაფაელა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული