10:05 01-07-2015
კოპა ამერიკა 2015. 1/2-ფინალი: ვარგასმა ივარგა
AutoSharing Option
მაგრამ, ბევრის აზრით, ეს არბიტრების დამსახურებაც გახლავთ. იქამდე მომხდარი რამდენიმე ინციდენტი განხილვის საგანი გახდა, როდესაც მსაჯებმა ან აშკარა შეცდომა დაუშვეს, ან საკამათო სიტუაციაში მიიღეს ჩილელთა სასარგებლო გადაწყვეტილება.
საქმე ის არის, რომ პერუს უკვე მე-20 წუთზე კარლოს სამბრანო გაუძევეს. მასპინძლები ისედაც აშკარა ფავორიტები იყვნენ და ამის მერე ხომ საერთოდ უნდა გაადვილებოდათ საქმე, მაგრამ მთლად ასეც არ მოხდა. ტურნირის ორი საუკეთესო ბომბარდირის პაექრობაც შედგა - არტურო ვიდალსა და ხოსე პაოლო გერეროს 3-3 გოლი ჰქონდათ გატანილი, მაგრამ ამჯერად თავი ვერც ერთმა გამოიჩინა. მატჩის გმირი სულ სხვა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ხსენებულებს გადაუსწრო. მას 4 ბურთი დაუგროვდა და ეს ედუარდო ვარგასია.
ედუმ პირველი გოლი ისეთი შეაგდო, როგორიც უნდა იყოს კიდეც თავდამსხმელის გოლი - საჭირო დროს, საჭირო ადგილას გაჩნდა, დამატებაზე იყოჩაღა. ჩილელებმა თავის სტილში ტექნიკური, სწრაფი და დამაბნეველი კომბინაცია გაათამაშეს, ალექსის სანჩესმა საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, ჩარლზ არანგისმა ბურთს მიმართულება ისე ვერ შეუცვალა, როგორც სურდა, შემდეგ კი ბურთი ძელიდან მიუვიდა და გაიტანა.
თუმცა... ისე ჩანდა, რომ ვარგასი თამაშგარეში იყო. გარდა ამისა, სამბრანოს გაძევებისას, ჟოზე არგოტეს თავის შეკავება შეეძლო, თანაც პირველი ყვითელი ბარათი მან სამბრანოს არტურო ვიდალთან ჩხუბისას მისცა, როდესაც "მეფე არტურო" არ გაუფრთხილებია.
არადა, თუ პერუელი იღებდა ბარათს, მაშინ ჩილელსაც უნდს მიეღო. არბიტრს ასევე ჩილეს კარში არდანიშნულ პენალტს ედავებიან, როდესაც გერერო წააქციეს... ერთიც ვთქვათ, საკამათო სიტუაციაში ჩილეც დაზარალდა, როდესაც ვარგასმა მეორე ტაიმის დებიუტში იხეირა, მაგრამ ოფსაიდი დაფიქსირდა, არადა, თითქოს, ფეხბურთელები ერთ ხაზზე იყვნენ. მოკლედ, სალაპარაკო ბევრია, ფაქტი კი ერთი - ჩილე ფინალშია (!) და შეეცდება, პირველი სანაკრებო ტიტული მოიპოვოს.
პერუს 0:0-ზეც ჰქონდა მომენტი, როდესაც ჯეფერსონ ფარფანის თავური ძელს მოხვდა. ფარფანს ამ ტურნირზე არ უმართლებს, სულ ცოტა აკლდება. პერუმ ათი კაცითაც გაიბრძოლა და ლუის ადვინკულას ანდრე კარილიოსკენ გაკეთებული გადაცემისას გარი მედელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ მალევე იმავე ვარგასმა მშვენიერი შორეული დარტყმით იხეირა - პასი გერეროსკენ გაკეთდა, რომელიც წაბორძიკდა. მას ჩილელები გიენებივით დაესივნენ და ხორხე ვალდივიამ მას ბურთზე ფეხი წაუკრა, რომელიც გარი მედელს მიუგორდა და ამ უკანასკნელმა ვარგასს გადააწოდა, ედუმ კი შესანიშნავი დარტყმით გაიტანა, შესაძლოა, მცირე რიკოშეტის დახმარებით, მაგრამ გოლი ლამაზი იყო.
პერუს მთავარი მწვრთნელი რიკარდო გარეკა: "ამდენი ხნის განმავლობაში მასპინძელი ნაკრების წინააღმდეგ 10 კაცით თამაში ორმაგად ძნელია. წითელი ბარათის ეპიზოდმა გეგმები აგვირია, ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა.
მსაჯმაც მაქსიმალური სიმკაცრე გამოიჩინა და სამბრანოსაც შეეძლო უფრო თავშეკავებულად მოქმედება. მისი სახით ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე დავკარგეთ. მთლიანობაში, კარლოსი კოპა ამერიკაზე შესანიშნავი იყო. ეს, როგორც კონკრეტულად მისთვის, ასევე მთელი გუნდისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან გაძევებები თავიდან უნდა ავირიდოთ ხოლმე და მატჩები ყოველთვის 11 მოთამაშით ჩავამთავროთ. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ და ამაზე ფიქრი დავიწყოთ. ჩემი აზრით, პერუელებს შეუძლიათ იამაყონ ნაკრებით, ბიჭები ყველაფერს აკეთებდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ და ფაქტია, ვვითარდებით".
"საკუთარ კედლებში "ლა როხასთან" ერთად ფინალში გასვლა ის ოცნება იყო, რომლის ახდენაც გვსურდა. ამას მივაღწიეთ და ახლა წინ ახალი და მთავარი ოცნებაა - ჩემპიონობა. პერუელებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. მეტოქემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
კოპა ამერიკაზე ჩვენთვის ყველაზე რთული შეხვედრა სწორედ ეს გამოდგა. ამიტომაც გამარჯვება ძალიან გვიხარია. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფინალში გასვლას დიდი ენერგია დასჭირდა. ხოსე როხასი შესანიშნავი გახლდათ, მას ტურნირის საუკეთესო ფორვარდ გერეროსთან უწევდა ჭიდილი და დავალებას ჩინებულად გაართვა თავი. რაც შეეხება ვარგასს, ყოველთვის სასარგებლოა. ედუსი გვჯერა და გვეიმედება. თავადაც ხედავთ, რომ მუდამ ბოლომდე იხარჯება" - თქვა ხორხე სამპაოლიმ.
ჩილე-პერუ 2:1
გოლები: 1:0 ვარგასი (42), 1:1 მედელი (60 ს.კ.), 2:1 ვარგასი (64)
ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, მედელი, როხასი, ალბორნოსი (46. მენა) - არანგისი, დიასი (46. დ. პისარო), ვიდალი - ვალდივია (86. გუტიერესი) - სანჩესი, ვარგასი
პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, სამბრანო, ასკესი, ხ. ვარგასი - ბალიონი, ლობატონი (73. იუტონი) - კარილიო (73. კ. პისარო), კუევა (27. რამოსი), ფარფანი - გერერო
გაფრთხილება: სამბრანო
გაძევება: სამბრანო (20)
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 16(5)-9(4) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 45 651
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული