არგენტინულმა გრანდმა ნახევარფინალში "გუარანი" ჩამოიშორა. პირველი მატჩი "რივერს" 2:0 ჰქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრაში პარაგვაული კლუბი 61-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ფერნანდო ფერნანდესმა მარსელო პალაუს დარტყმულს დაამატა.
მასპინძლებს მალევე მეორე გოლის გატანის ერთი-ორი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ... საბოლოოდ, აქეთ გაუშვეს. შეცვლაზე შესულმა ფერნანდო კავენაგიმ კარგი პასი გაუჭრა ლუკას ალარიოს, რომელმაც ინტრიგა მოკლა.
არადა, "გუარანი" ზედიზედ მესამე პარაგვაული გუნდი გახდებოდა
"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა მატჩის შემდეგ 22 წლის ალარიომ.
"რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო: "ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და სასიხარულოა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ლიბერტადორესის თასის ფინალში ისევ ვითამაშებთ. ამას დიდი ხანი ველოდით. მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. გატანილი გოლის მერე მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ ვიცოდით, ამას როგორ გავმკლავებოდით".
გალიარდოსთვის ეს განსაკუთრებული მიღწევაა და თუ "რივერ პლეიტი" ფინალშიც იმარჯვებს, ეს მისთვის ორმაგად საამაყო ტრიუმფი იქნება, რადგან 1996 წელს, ანუ ბოლოჯერ, როდესაც "რივერი" ამ ტურნირის ფინალში გავიდა და მოიგო კიდეც, გალიარდო ამ კლუბის ფეხბურთელი იყო, ახლა კი მწვრთნელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"