ადენორ ლეონარდო ბაკი ტიტე - ვინ არის ბრაზილიის ნაკრების ახალი თავკაცი

AutoSharing Option
კოპა ამერიკა სენტენარიოზე ჯგუფში ჩარჩენის მერე კარლოს დუნგა ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რომ მოხსნეს, უკვე მოგეხსენებათ.

"სელესაოს" ყოფილი კაპიტნის მეორედ მისვლაც არ გამოდგა წარმატებული. თუმცა სათქმელია ისიც, რომ დუნგას არც ერთხელ არ დასცალდა ნორმალურად მუშაობა. ბრაზილიელებს უმალვე შედეგი უნდათ და წარსულის წარმატებებით იკვებებიან. არადა, ახლა რაოდენ გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, ბრაზილიურ ფეხბურთში კრიზისია.

ამ ფორმაციის ნაკრებით კი, მით უმეტეს, ნეიმარის გარეშე, წარმატების მიღწევა არ გამოვიდა. დუნგასთან მთავარი პრეტენზია "არაბრაზილიური" სათამაშო სტილი გახლდათ. ესეც წარსულის გადმონაშთია. ბრაზილიელებს არაფრით არ სურთ, ფეხი აუწყონ
თანამედროვე ფეხბურთს, რომელიც მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ შეიცვალა.

ახლა მეტი პრაგმატიზმია საჭირო, დუნგა კი სწორედ პრაგმატული მწვრთნელი გახლავთ. ბრაზილია კი მარტო იმიტომ ვერ მოიგებდა თამაშებს, რომ ბრაზილიაა. თუმცა შეცდომებს, ცხადია, ეს უკანასკნელიც უშვებდა. ვთქვათ ისიც, რომ დუნგას გარდა, თანამდებობა დაატოვებინეს ნაკრების კოორდინატორს, ჟილმარ რინალდის.

დუნგას ტიტე ჩაანაცვლებს. ეს ინფორმაცია პირველად "კორინთიანსის" პრეზიდენტმა რობერტო დე ანდრადემ დაადასტურა. შესაბამისად, თუკი ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ ბრაზილია ძველ მამაპაპურ ფეხბურთს ითამაშებს, დიდი ალბათობით, მწარედ შეცდება, რადგან ტიტე კიდევ უფრო პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული, მკაცრი და გამოცდილი ტაქტიკოსია, ვიდრე დუნგა. ფესვებს ხელს უწყობს... 55 წლის ტიტეს სრული სახელი და გვარია - ადენორ ლეონარდო ბაკი.

ტიტე თავისთან ერთად საკუთარ ვაჟსა და "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს, ედუ გასპარს იახლებს. ისინი ნაკრებში ტიტესთან ერთად იმუშავებენ. ფედერაცია ოფიციალური დასტურისგან ჯერ თავს იკავებს, მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, წუთი-წუთზე მოხდება. თანაც, უკვე ყველგან დაიწერა და ითქვა ამის შესახებ. კონტრაქტის პირობები და დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

"იგი ამიერიდან "კორინთიანსში" აღარ იმუშავებს. ტიტემ გადაწყვიტა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის შემოთავაზება მიეღო. მე პირველი ადამიანი ვიყავი, ვისაც მან ამის შესახებ ამცნო. აქამდე ორი საათით ადრე ვიცოდი, რომ არ მიდიოდა და ჩემთვის ეს სიურპრიზი გახლდათ. თუმცა ის ამ შანსს იმსახურებს განვლილი გზისა და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით" - განაცხადა ანდრადემ.

ტიტეს "პალესტრა იტალიის" ბინადრებთან ერთად ორჯერ ბრაზილიის ჩემპიონატი, ლიბერტადორესის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. იგი "კორინთიანსში" ორ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა. მას ასევე უამრავ კლუბში უმუშავია.

კაკა, რომელიც ბრაზილიაში ფეხბურთის ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რამდენიმე თვის წინათ საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანაში რეალობას თვალს არ უსწორებენ, არც სათამაშო სტილის შეცვლა სურთ, არც სტრუქტურის და ფეხი ვერ ააყოლეს თანამედროვე ფეხბურთს.

მხოლოდ ერთეულები არიან ქვეყანაში, ვინც პროგრესულად აზროვნებს და ერთ-ერთი ასეთი თუ ერთადერთი არა ტიტეაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული