ტრანსფერ ONLINE: ხესე, გადადი, რა!.. 29 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:10. პირველი ინფორმაცია იტალიიდანაა - "რომას" ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა "იუვენტუსი" დააინტერესა. საქმე ისაა, რომ "ბებერ ქალბატონს" შუა ხაზში მეტი კრეატივი სჭირდება და ამ პერსპექტივას სწორედ არგენტინელისა და მირალემ პიანიჩის ტანდემში ხედავს. "კორიერე დელო "სპორტის" ინფორმაციით, "იუვეს" პადერესისთვის 25 მილიონი ევრო აქვს გამზადებული.

12:18. "ზენიტი" პსვ-ს ნახევარმცველ დევი პრიოპერს აღარ ყიდულობს.

12:26. "სანმა" გადმოსცა, რომ "ვესტ ბრომვიჩმა" "ზენიტს" 5,8 მილიონი ევრო შესთავაზა ნიკოლას ლომბერტსში.

12:38. "ჯენოას" ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი "მილანს" უახლოვდება. "როსონერისგან" დაინტერესებას გენუელთა მწვრთნელი ივან ჯურიჩიც ადასტურებს.

12:51. "ლესტერი" უარს
აცხადებს ისლამ სლიმანის ჩინეთში გაშვებაზე. არადა, "ტიანძინი" ალჟირელ ფორვარდში, არც მეტი, არც ნაკლები, 44 მილიონ ევროს იძლეოდა.

12:56. "ლივერპულსა" და დენ სტარიჯს გაყრა არ ასცდებათო, წერს "დეილი მეილი". პოპულარული გამოცემა დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი ინგლისის ნაკრების შემტევს ზაფხულში მაინც მოიცილებს.

13:00. "სანდერლენდის" ჰოლანდიელი მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი "კრისტალ პალასში" გადადის.

13:03. "არსენალი" ანტუან გრიზმანისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო. "დეილი მეილი" ელოდება, რომ მალე აუქციონზე პირველი შეთავაზება სწორედ არსენ ვენგერისგან წამოვა და ეს იქნება - 100 მილიონი ევრო!

13:08. ამასობაში, "თაიმსი" წერს, რომ ჟოზე მოურინიო თურმე, დაჟინებით არწმუნებს "მანჩესტერ იუნაიტედის" უფროსობას - ანტუან გრიზმანის ხელიდან გაშვება არ შეიძლებაო!

13:15. ხესე როდრიგესსაც არა და არ დაადგა საშველი. ბოლო კვირაა, უკვე მერამდენედ გვიწევს წერა, რომ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი პსჟ-დან "ლას პალმასში" გადადის. ხესე, გადადი, რა!

13:21. წეღან ლეანდრო პარედესი რომ ვახსენეთ, ახლა "დეილი მირორმა" დაწერა - 22 წლის ნახევარმცველი "ლივერპულსაც" უნდაო. თან აქ უკვე თანხაზეც არის ლაპარაკი. "მირორის" მტკიცებით, "წითლები" რომაელებს 31 მილიონ ევროს შესთავაზებენ. პოპულარულ გამოცემას ისიც სცოდნია, რაში აპირებს "ჯალოროსი" ამ ფულის დახარჯვას - "ატალანტასგან" მცველი ფრანკ კესი უნდა იყიდოსო.

13:24. "ნაპოლის" ფორვარდი მანოლო გაბიადინი "საუთჰემპტონში" გადასასვლელი საბუთების გასაფორმებლად ემზადება. ეს ტრანსფერიც კარგა ხანს მზადდებოდა. "მედიასეტი" წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა 17 მილიონ ევროზე, ზედაც 3,5 მილიონი ევროს მოსალოდნელი ბონუსების იმედით.

13:29. "დეილი მირორი" დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ დააბრკოლებს კაპიტანს, ბომბარდირსა და რეკორდსმენს, მით უფრო, რომ ეს თავადაც აწყობს ბიზნესის ამბავში. ხუმრობა საქმეა?! - 31 წლის ფეხბურთელი კლუბის სალაროში... 165 მილიონ ევროს შეიტანს!

13:36. ხორვატი ნახევარმცველის, მილან ბადელის აგენტი სრულიად რეალურად მიიჩნევს, რომ მისი კლიენტი ამ დღეებში "ფიორენტინადან" "რომაში" აღმოჩნდეს.

13:39. თუ "არსენალს" უნდა ანტუან გრიზმანი, "ატლეტიკომ" თვალი დაადგა ალექსის სანჩესს. საინტერესო გაცვლა შეიძლება გამოვიდეს, არა? "სანი" წერს, რომ მადრიდელები ჩილელ ფორვარდს კვირაში 260 ათას ევროს ჰპირდებიან, ოღონდ ეს მარტო ხელფასის სახით, ბონუსებს ცალკე დაუთვლიან.

13:53. "ბილდის" ინფორმაციაა ასეთი - "ჰამბურგი" ბრაზილიური "გრემიოსგან" 21 წლის ნახევარმცველ უოლასს ყიდულობს. გარიგების საფასურად 10 მილიონ ევროს ასახელებენ.

13:57. როგორც იქნა! "სქაი სპორტი" წერს, რომ "ვესტ ჰემმა" და "მარსელმა" დიმიტრი პაიეს ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ჯერჯერობით, ამ "მშრალი" ინფორმაციით უნდა შემოვიფარგლოთ.

14:16. "ლივერპულს" ცოცხალი თავით არ სურს ადამ ლალანას გაშვება. ამის დასტურად, მერსისაიდელები 27 წლის ნახევარმცველს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. "დეილი ექსპრესს" საიდანღაც გაუგია, რომ ლალანას კვირაში 140 ათას ევროს გადაუხდიან. ეს კი უკვე ის ხელფასია, რაც პსჟ-სა და "ტოტენჰემს" აქტიურობის სურვილს დაუკარგავს.

14:18. ახალი ინფორმაცია დიმიტრი პაიეზე. "ტელეფუტი" აზუსტებს, რომ "მარსელი" "ვესტ ჰემს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფეხბურთელის კონტრაქტი კი 4.5-წლიანია. საინტერესოა, რომ "მარსელში" დაბრუნებით პაიე ხელფასის შეკვეცაზეც დათანხმდა - ყოველკვირეულად, ის ახლა 30 ათასი ევროთი ნაკლებს აიღებს, ვიდრე "ვესტ ჰემი" უხდიდა.

14:29. "სტოკ სიტიმ" ბოიან კრკიჩი იჯარით "მაინცში" გაუშვა. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

14:31. კიდევ ერთი ინფორმაცია ბუნდესლიგიდან. როგორც ვწერდით, "ლევერკუზენი" ბელგიური "გენკიდან" ლეონ ბეილის წაყვანას აპირებდა. და აი, როგორც ირკვევა, კლუბებმა 19 წლის ნახევარმცველთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

14:58. ანტონიო კონტემ "ჩელსის" ხელმძღვანელობას "სასუოლოს" ფორვარდ დომენიკო ბერარდის ყიდვას სთხოვა. "ლა რეპუბლიკა" ვარაუდობს, რომ "არისტოკრატები" ტურინელებს 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

15:06. "უოტფორდის" ფორვარდი ოდიონ იგალო ჩინეთში მიდის. 27 წლის ნიგერიელში 31 მილიონ ევროს იხდიან.

15:14. "ჰალ სიტი" "ლიონის" მცველ ნიკოლა ნკულუს აკვირდება.

15:21. "რომას" გეგმებზე ზემოთ გაკვრით ვთქვით, ახლა უფრო კონკრეტულად - აღმოჩნდა, რომ "ჯალოროსი" 20 წლის ფრანკ კესის 25 მილიონ ევროდ ყიდულობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოტდივუარელი ნახევარმცველი ახლავე გადავა "ოლიმპიკოზე" - რომაელები სეზონის ბოლომდე მას "ატალანტაშივე" გაანათხოვრებენ.

15:35. რობერტო მანჩინიმ პსჟ-ში მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი, რომ მასთან ამ თემაზე ჯერ არავის უსაუბრია, რომ პარიზი ძალიან ლამაზი ქალაქია... ბოლოს კი ესეც დასძინა - ფეხბურთში არასოდეს არაფერია გამორიცხულიო...

15:38. "ნიუკასლმა" "ევერტონს" ჯეიმს მაკკარტის თაობაზე 19-მილიონიანი წინადადებით მიმართა, რაზეც პასუხად მიიღო - ეგ ბიჭი არ იყიდებაო.

15:40. 32 წლის პერუელი ფორვარდი, კარგა ხანს "შალკეში" ნათამაშები ჯეფერსონ ფარფანი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა.

16:05. უკვე ოფიციალურად! დიმიტრი პაიე "მარსელის" ფეხბურთელი გახდა.

16:20. "სუონსის" ძალიან უნდა "ბენფიკას" მცველი ლისანდრო ლოპესი, ოღონდ აქ შეცდომა არ გეგონოთ და არ აგერიოთ ფორვარდ ლისანდრო ლოპესში.

16:38. "მიდლსბრომ" უარი უთხრა "ლესტერს" გასტონ რამირესის მიყიდვაზე.

17:46. "სანდი მირორი" გვარწმუნებს, რომ "ლივერპულიდან" წასვლის შემთხვევაში, დენ სტარიჯი "დორტმუნდში" გადავა.

18:00. ალეშანდრე პატო "ვილიარეალიდან" ჩინურ "ტიანძინში" მიდისო, გვაუწყა "მარკამ".

18:05. "სამპდორიას" სურვილი გაუჩნდა, "ინტერის" მარცხენა მცველი, იაპონელი იუტო ნაგატომო გადაიბიროს.

18:24. დიმიტრი პაიე კერძო თვითმფრინავით მარსელში გადაფრინდა...

18:35. "სუპერდეპორტეს" ინფორმაციით, ჩილელი ფორვარდი ფაბიან ორელიანა "სელტიდან" "ვალენსიაში" გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული