ოჯახის თავი ტიერი აზარი უკვე 25 წელია, აქ ცხოვრობს. ის ფეხბურთს ადგილობრივ კლუბში თამაშობდა და თავისუფალ დროს ქალთა გუნდის გაწვრთნაში იღებდა მონაწილეობას. სწორედ აქ შეხვდა ის კატრინს და შექმნა საფეხბურთო ოჯახი. გენებმა თავისი ქნა - ოთხივე აზარი ფეხბურთელია.
ედენს ყველა კარგად ვიცნობთ. მან "ჩელსიში" ისევ იპოვა საკუთარი თავი. უფროსი ძმა ძმებისათვის ნამდვილი მაგალითია. ედენის შემდეგ ბელგიის
თორგან აზარს სახელი ბელგიური კომიქსის მიხედვით შეურჩიეს. ეს არის მებრძოლი მამაკაცი, მხრებამდე თმებით. მას თორგალი ჰქვია. ტიერიმ და კატრინმა მხოლოდ ერთი ასო შეცვალეს ამ სახელში და შვილს დაარქვეს.
აზარები არასოდეს აძალებდნენ შვილებს ფეხბურთის თამაშს, მაგრამ ყველაფერი თავისთავად მოხდა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, უფრო გასაკვირი იქნებოდა. დიდ ეზოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძლებოდა ბურთის დევნა. გარდა ამისა, სახლიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე იყო საფეხბურთო მინდორი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სახლში არაერთი ბურთი ჰქონდათ აზარებს.
სანამ კილიანი წამოიზრდებოდა, ედენი და თორგანი ფეხბურთს მარტო თამაშობდნენ. უმცროსი თორგანი კარში იდგა. "განსაკუთრებით ზამთარში მიჭირდა. მე მისი დარტყმების მოგერიება მიწევდა და თან ძალიან მციოდა. ედენი კი მოძრაობდა და გახურებული იყო." - გაიხსენა მან მოგვიანებით.
ამასობაში კიდევ ერთი აზარი, კილიანი წამოიზარდა. თორგან აზარი მიხვდა, რომ ედენის მსგავსად, მისი მოწოდება შეტევაში თამაში იყო და ამასთანავე, კარში უკვე კილიანის ჩაყენებაც შეიძლებოდა.
თორგანმა ჯერ კლასიკური ჩოგბუთის, მერე კი მაგიდის ჩოგბურთის შესწავლა სცადა. ცოტა ხანში მან ყველაფერი მიატოვა. ედენ აზარი უკვე შესანიშნავად თამაშობდა ფეხბურთს და ძმის გავლენა ძალიან ძლიერი იყო.
"ედენის მაგალითი ჩემთვის მისაბაძი იყო. ის ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს. მეც მინდოდა, ისეთივე დრიბლინგი, ფინტები და დარტყმები მქონოდა არსენალში, როგორც მას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფეხბურთელობა." - ამბობს თორგანი.
ძმები ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად სეირნობდნენ და ერთად ქომაგობდნენ... საფრანგეთის ნაკრებს. იმ დროისათვის "სამფეროვანთა" შემადგენლობაში ზინედინ ზიდანი და ტიერი ანრი ბრწყინავდნენ. ისინი ასევე ხშირად უყურებდნენ მატჩებს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მონაწილეობით.
ტიერი აზარი დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილები ბელგიაში შესაბამის საფეხბურთო განათლებას ვერ მიიღებდნენ. ეს ახლა განიცდის ბელგიური ბავშვთა ფეხბურთი აღმავლობას, თორემ 10 წლის წინათ, საქმე სულ სხვანაირად იყო. მან ედენი "ლილის" საფეხბურთო სკოლაში გაუშვა, თორგანი კი "ლანსში". ამ ნაბიჯში სხვა ჩანაფიქრიც იდო. მამას უნდოდა, რომ ძმებში საფეხბურთო ჟინი გაეღვვებინა. "ლილი" და "ლანსი" ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი კლუბები არიან და ადვილი შესაძლებელი იყო, ძმების გზები მინდორზე გადაკვეთილიყო.
"უკვე 14 წლიდან დაიწყო ჩვენი შედარება ერთმანეთთან. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ედენი არის გენიოსი, მე კი - არა. არასოდეს მიეჭვიანია ამის გამო. მე ყოველთვის ისევე მახარებდა მისი წარმატება, როგორც ჩემი." - ყვება თორგან აზარი.
ასე იყო თუ ისე, თორგანს ედენ აზარის ძმის კლიშე მიეწება. ასე იყო, როცა "ლანსის" შემადგენლობაში მას დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში და მაშინაც, როცა ედენთან ერთად კონტრაქტი გააფორმა "ჩელსისთან". ბევრმა ჩათვალა, რომ ედენმა "ჩელსიში" ძმა მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის გამო მიიყვანა.
თორგანს ცივად დახვდნენ ბელგიურ "ზულტე ვარეგემში", მაგრამ ბელგიური კლუბის გულშემატკივრებმა შეცდომა მალევე აღიარეს. "შენ მოხვედი, როგორც უმცროსი ძმა და მიდიხარ, როგორც ჩვენი ოქროს ბიჭი." - ასე ეწერა თორგან აზარის გამოსამშვიდობებელ ბანერზე.
"ვარეგემში" აზარს მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან წარმატებით ითამაშა ევროთასებზე. ბელგიელი "ჩელსიში" დაბრუნებაზე დაფიქრდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ჟოზე მოურინიო. მისი გადაწყვეტილებით, თორგან აზარი ისევ გაანათხოვრეს, ოღონდ ამჯერაც გაცილებით ძლიერ კლუბში.
აზარი წავიდა "გლადბახში", სადაც მას დახვდა ლუსიენ ფავრი. პირველ სეზონში ის სათადარიგო იყო. მეორე სეზონში კი, როცა თორგანი ძირითადის ფეხბურთელი გახდა, "გლადბახმა" ხუთი სასტარტო მატჩი წააგო და ფავრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოვიდა შუბერტი, მერე დიტერ ჰეკინგი, მაგრამ ამას აზარზე გავლენა არ მოუხდენია. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
"რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ედენთან ერთად თამაში. მე მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუნდაც კარიერის ბოლოს. მანამდე კი ვისურვებდი, რომ თუნდაც ბელგიის ნაკრებში ერთად გვეთამაშა. დიდებული შეგრძნებაა, როცა ისეთი პარტნიორი გყავს, როგორიც ედენია." - ამბობს თორგანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"