ევროუქმეების წინ: პიპიტა და გამოცხადებული ჯოჯოხეთი

AutoSharing Option
ვეზუვი შეიძლება ხელახლა ამოიფრქვეს, რადგან ნეაპოლი განრისხებულია და ელის "უძღები შვილის", გონსალო იგუაინის ჩამოსვლას მოსისხლე "იუვენტუსთან" ერთად. ბოლო დროს არც ერთ ფეხბურთელს არ დამუქრებიან ასე, როგორც პიპიტას; ინგლისში მერსისაიდული დერბია, გერმანიაში - რურის; ლონდონში პეპი არსენს სტუმრობს; ესპანეთში რაღაც უცნაური ტურია, საფრანგეთში კი ლიგის თასის ფინალია ორი გრანდის მონაწილეობით.

პრემიერლიგა:
228-ე დერბი
სანაკრებო პაუზის მერე ე. წ. ფიფას ვირუსზე ყველაზე მეტად წუწუნი, რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს უყვარს. "განსაკუთრებულმა" "ტრადიცია" არც ამჯერად დაარღვია. "ვესტ ბრომვიჩთან" თამაშის წინ მან თქვა, სანაკრებო მატჩების გამო,
პოგბას ჩათვლით, ხუთი ფეხბურთელი დავკარგეთო. თუმცა პორტუგალიელმა აქ დისკვალიფიცირებულები, ანდერ ერერა და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მიათვალა. "ნაკრებების ამხანაგურ მატჩებს სეზონის დროს არანაირი აზრი არ აქვს, მხოლოდ კლუბები ზარალდებიან და ნაკრებებს ამით არაფერი ემატებათ", - თქვა მოურინიომ.

გადავიდეთ მთავარზე - კვირას "ემირეიტსზე" არსენ ვენგერის "არსენალი" ლიგის "კუთვნილი" საგზურისთვის პეპ გვარდიოლას "სიტისთან" იბრძოლებს. "დეილი მეილს" თუ დავუჯერებთ, ვენგერმა გადაწყვიტა - მან კლუბს შეატყობინა, რომ კიდევ ორი სეზონით უნდა დარჩენა "არსენალში".

ეს სიახლე მასზე განაწყენებულ ფანებს აშკარად არ გაახარებდა. "არსენალს" მესუთ იოზილი და სანტი კასორლა არ ეყოლება, "სიტის" - გაბრიელ ჟესუსი და ილქაი გიუნდოგანი. სამ კვირაში ეს გუნდები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, ანჯერად, "უემბლიზე" ასოციაციის თასის" ნახევარფინალში. პირველ წრეში "სიტიმ" ლეროი სანესა და რაჰიმ სტერლინგის გოლებით 2:1 დაამარცხა "მეთოფეები".

მანამდე მერსისაიდული დერბი "ენფილდზე" გველის. "ევერტონი" ერთადერთი გუნდია ტოპ-6-ის მიღმა, რომელიც კიდევ იბრძვის და ამბიციები აქვს შემორჩენილი, დანარჩენები კი, თითქოს, სხვა სამყაროდან არიან. ისტორიაში ეს რიგით 228-ე მერსისაიდული დერბია ყველა შეჯიბრებაში, რომელთაგანაც "ლივერპულმა" 90 მოიგო და 66 დათმო.

ლიდერ "ჩელსის" ლიდერმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ "კრისტალ პალასთან" თამაშისთვის, წესით, მწყობრში უნდა იყოს. ბელგიელმა სანაკრებო თამაშები გააცდინა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრავმირებული აზარი მაინც გამოცხადდა ბელგიის ნაკრების შეკრებაზე და მხოლოდ ნაკრების ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაბრუნდა ლონდონში. ედენს და "ჩელსის" სიტყვაზეც ენდობოდნენ, თუმცა აზარი მაინც კარგად მოიქცა.

Sportall.Ge

ლა ლიგა:
რონალდოს ბიუსტი, მესის ბარათი
ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" "გრანადას" სტუმრობს, რომელიც გასავარდნ ზონაშია. ლეო მესი დისკვალიფიცირებულია სანაკრებო მატჩებში და ის დისკვალიფიცირებულია ლა ლიგაშიც.

წინა ტურში ლეომ მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ დასჯას კინაღამ გადაურჩა, რადგან მსაჯს ამის ოქმში შეტანა დაავიწყდა. შეცდომა მოგვიანებით გამოსწორდა და დიდი ალბათობით, მესის დენის სუარესი ჩაანაცვლებს. ასე რომ, ანდალუსიაში "ბარსა" ორი სუარესითა და ნეიმარით შეუტევს. სტუმრებს ალეიშ ვიდალი და არდა თურანი ტრავმირებული ჰყავთ.

გათამაშების ლიდერი "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალავესს" უმასპინძლებს, "სამეფო კლუბს" ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებიდან უბრუნდებიან. კრიშტიანო რონალდო სამშობლოში, მადეირაზე იყო, სადაც ძალზე დატვირთული დღეები ჰქონდა, კუნძულზე ევროპის ჩემპიონმა 2:3 დათმო შვედეთის ნაკრებთან, მეორე დღეს კი ფუნშალის აეროპორტს რონის სახელი დაარქვეს და მისი ბიუსტიც დადგეს, რომელიც ისეთი უცნაურია, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელს ინტერნეტში გვარიანად დასცინეს.

"რეალს", რონალდოს გარდა, ყველა პორტუგალიელი (თუმცა პეპეს თამაში გამორიცხული მაინც არ არის) ტრავმირებული ჰყავს, დისკვალიფიკაცია აქვს ბრაზილიელ კაზემიროს. კარში ალბათ კიკო კასილია ჩადგება, მაგრამ "ალავესთან" გუნდი მაინც აშკარა ფავორიტია.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა:
რურის დერბი
რა პოზიციაზეც უნდა იყვნენ "შალკე" და "დორტმუნდი", რურის დერბი მაინც გამორჩეული მოვლენაა ბუნდესლიგაში. გელზენკირხენში "ფელტინს არენაზე" ბრწყინვალე დაპირისპირება გველის. I წრეში ამ გუნდების მატჩმა დორტმუნდში ვერ გაამართლა, შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. 172-ე დერბი გველის, აქამდე "შალკემ" 67 მატჩი მოიგო, "ბორუსიამ" კი - 60.

"დორტმუნდის" რიგებში გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს ნური შაჰინმა და სვენ ბენდერმა, ხოლო სებასტიან როდე და მარკო როისი ინდივიდუალურად ემზადებიან. ისიც სათქმელია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა თომას ტუხელს კონტრაქტის გახანგრძლივებას უპირებს, რათა მან "არსენალში" წასვლაზე არ იფიქროს.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბაიერნი" "აუგსბურგს" მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ნოემბრის მერე არ წაუგია.

Sportall.Ge

სერია A:
პიპიტას ჯოჯოხეთი ელის
ფრანჩესკო ტოტიმ 24 წლის წინათ, 28 მარტს ითამაშა სერია A-ს პირველი მატჩი ("ბრეშას" წინააღმდეგ). ტურნირში მონაწილე ფეხბურთელების 32% მაშინ ჯერ დაბადებულიც არ იყო. მას მერე ტოტიმ 612 შეხვედრა ჩაატარა და 250 გოლი გაიტანა, შემდეგი კი ლევან მჭედლიძის "ემპოლისთან" დაპირისპირებაა, რომელიც ამჟამად ევროპის ტოპ-ლიგებში ყველაზე ცუდ ფორმაშია, მაგრამ არის შანსი, რომ ტოსკანელებს ქართველი ფორვარდი დაუბრუნდეს "ოლიმპიკოზე" სათამაშოდ.

ზაფხულში "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" გადასული გონსალო იგუაინი ვერ წარმოიდგენდა, რომ საყოველთაო სიყვარულიდან სიძულვილამდე ასე ცოტაა გასავლელი. არგენტინელისთვის ეს ჩვეულებრივი ტრანსფერია, მაგრამ სამხრეთიტალიელები ასე არ ფიქრობენ. 2 და 5 აპრილს გონსალოს ორჯერ მოუწევს ჯოჯოხეთის გადატანა, რადგან ჯერ ჩემპიონატის ეგიდით უნდა ითამაშოს "სან პაოლოზე", სადაც ერთდროულად რამდენიმე ათასი ადამიანი მას ლამის სიკვდილს უსურვებს.

ეს მატჩი, ალბათ, ბოლო იმედია საჩემპიონო ინტრიგის გასაღვივებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაურიცო სარი და კომპანია "იუვენტუსს" დაამარცხებს, "რომას" მცირე შანსი გაუჩნდება.

Sportall.Ge

ლიგა 1:
ნიცას შანსი
ლიგის თასის ფინალის გამო ტური დამცრობილია და ის ძირითადად, კვირას გაიმართება. ლიდერთა ერთადერთი მდევარი "ნიცა" მე-6 ადგილზე მყოფ "ბორდოს" მასპინძლობს და ტურის დაპირისპირებაც "ალიანს რივიერაზეა". მასპინძლებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ალასან პლეასა და ვაილან სიპრიენის დანაკლისია. "ბორდოს" დისკვალიფიკაციის გამო აკლია ნიკოლა პალოა. "ნიცას" ზედიზედ ორი ტურია, რაც ვერ მოუგია, ეს კი რივიერელებს ბოლოს იანვარში დაემართათ.

ლიგის თასი:
პირველად ფინალში
ლიგის თასის ფინალი საფრანგეთის ორ საუკეთესო გუნდს, "მონაკოსა" და პსჟ-ს შორის ნეიტრალურ მოედანზე, ლიონში გაიმართება. პსჟ-ს "ბარსასთან" 1:6 მარცხი ხინჯად რომ არ ჰქონდეს, ორივე გუნდი დიდებულ ფორმაშია და ახლა ევროპაში საუკეთესოთა შორისაცაა. პსჟ-მა ფინალისთვის მზადება ფინალამდე სამი დღით ადრე განაახლა თითქმის სრული შემადგენლობით, გუნდს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები უკან დაუბრუნდნენ.

"ბოლო ოთხი სეზონია, საფრანგეთში ბევრ ტიტულს ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის დიდი ბრძოლა გვჭირდება საამისოდ. იმავეს გამეორება მოგვიწევს შაბათსაც. დიახ, დიდებულ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ თავადაც კარგები ვართ", - უთხრა ხავიერ პასტორემ პსჟ-ის საკლუბო ტელევიზიას. ლიგის თასის ფინალში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

Sportall.Ge

მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): 4 - ბაიერნი, მონაკო, პსჟ.
* გამარჯვებები (ევროპაში): 8 - ასტრა; 4 - ბაიერნი, კლუჟი, მონაკო, პსჟ.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 18 - მანჩესტერი; 14 - ბაიერნი; 12 - მონაკო, პსჟ.
* დაუმარცხებელი (ევროპა): 29 - სელტიკი; 26 - კოპენჰაგენი; 23 - პორტუ, ლუდოგორეცი.
* ფრეების (ტოპ-5): 3 - რენი.
* ფრეების (ევროპა): 5 - დნიპრო; 4 - ფერეირა.
* მოუგებელი (ტოპ-5): 20 ოსასუნა; 12 - ბასტია; 11 - მიდლსბრო.
* მოუგებელი (ევროპა): 20 - ოსასუნა; 13 - ნასიონალი; 12 - ბასტია.
* წაგებები (ტოპ-5): 6 - ემპოლი; 4 - პესკარა.
* წაგებები (ევროპა): 6 - აროუკა, ემპოლი.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტური
შაბათი. 1-ლი აპრილი
ლივერპული-ევერტონი 15:30
ბარნლი-ტოტენჰემი 18:00
ჩელსი-კრ. პალასი 18:00
ჰალი-ვესტ ჰემი 18:00
ლესტერი-სტოკი 18:00
მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
უოტფორდი-სანდერლენდი 18:00
საუთჰემპტონი-ბორნმუთი 20:30

კვირა. 2 აპრილი
სუონსი-მიდლსბრო 16:30
არსენალი-სიტი 19:00

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტური
პარასკევი. 31 მარტი
ესპანიოლი-ბეტისი 22:45

შაბათი. 1-ლი აპრილი
ვილიარეალი-ეიბარი 15:00
ოსასუნა-ბილბაო 18:15
სოსიედადი-ლეგანესი 20:30
მალაგა-ატლეტიკო 22:45

კვირა. 2 აპრილი
სევილია-სპორტინგი 14:00
რეალი-ალავესი 18:15
ვალენსია-დეპორტივო 20:30
გრანადა-ბარსელონა 22:45

ორშაბათი. 3 აპრილი
სელტა-ლას პალმასი 22:45

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტური
პარასკევი. 31 მარტი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 22:30

შაბათი. 1-ლი აპრილი
ბაიერნი-აუგსბურგი 17:30
შალკე-დორტმუნდი 17:30
ჰამბურგი-კიოლნი 17:30
ფრაიბურგი-ვერდერი 17:30
ლაიპციგი-დარმშტადტი 17:30
აინტრახტი-გლადბახი 20:30

კვირა. 2 აპრილი
ინგოლშტადტი-მაინცი 17:30
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 19:30

ბომბარდირები: 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXX ტური
შაბათი. 1-ლი აპრილი
სასუოლო-ლაციო 20:00
რომა-ემპოლი 22:45

კვირა. 2 აპრილი
ტორინო-უდინეზე 14:30
ჯენოა-ატალანტა 17:00
ფიორენტინა-ბოლონია 17:00
პალერმო-კალიარი 17:00
კიევო-კროტონე 17:00
პესკარა-მილანი 17:00
ნაპოლი-იუვენტუსი 22:45

ორშაბათი. 3 აპრილი
ინტერი-სამპდორია 22:45

ბომბარდირები: 22 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 21 - ედინ ჯეკო (რომა); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 17 - ჩირო იმობილე (ლაციო); 14 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტური
პარასკევი. 31 მარტი
გენგამი-ნანსი 21:00

შაბათი. 1-ლი აპრილი
მარსელი-დიჟონი 19:00
ბასტია-ლილი 21:00

კვირა. 2 აპრილი
რენი-ლიონი 17:00
ლორიანი-კაენი 19:00
მონპელიე-ტულუზი 19:00
ნანტი-ანჟერი 19:00
ნიცა-ბორდო 23:00

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ლიგის თასი. ფინალი
შაბათი. 1-ლი აპრილი
მონაკო-პსჟ 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული