კარიერის დაისი: ის წავიდა, როგორც გმირი...

AutoSharing Option
დირკ კუიტმა, რომელიც ივლისში 37 წლის ხდება, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დაასრულა ისე, როგორც გმირები ასრულებენ ხოლმე.

როტერდამის "ფეიენოორდმა" ჰოლანდიის ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა, კუიტმა კი ამ დიდ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა. მანამდე კი იყო ჰოლანდიელი ვარსკვლავის კარიერა, რომელსაც ეძღვნება კიდეც ჩვენი დღევანდელი წერილი.

უტრეხტი
კუიტის პირველი პროფესიონალური კლუბი "უტრეხტი" იყო. მან იქ მშვენიერი მატჩები ჩაატარა, 66 გოლი გაიტანა, მოიგო ჰოლანდიის თასი და მილიონ ევროდ გადავიდა "ფეიენოორდში". კლუბმა დირკი პიერ ვან ჰოიდონკის შემცვლელად აიყვანა.
"ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.
"უტრეხტმა", ასე ვთქვათ, გზა გამიხსნა დიდ ფეხბურთში. ამისთვის მადლობა მას. მე ამ კლუბში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რაც უნდა მოხდეს, ამ გუნდის მადლობელი ვიქნები", - ასე აფასებს დირკი "უტრეხტში" გატარებულ პერიოდს.

ფეიენოორდი
ამ კლუბში დირკი ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა. პირველ სეზონში მან 22 გოლი გაიტანა, მეორეში - 36, მესამეში კი - 25. 2006 წლის ზაფხულში კუიტი "ლივერპულმა" იყიდა, დაახლოებით 9 მილიონ ევროდ.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ფეიენოორდი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ამ გუნდის გულშემატკივრების უზომოდ მადლობელი ვარ. ჩემთვის მათთან ყოველი შეხვედრა ამაღელვებელია. გუნდის თამაშებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. ეს გუნდი ნამდვილი გრანდია თავისი ქომაგებითა და წარსულით. ამიტომ ყველა შეხვედრაში, რომელიც კი "ფეიენოორდის" მაისურით ჩამიტარებია, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი", - ამბობს კუიტი.

ლივერპული
დასაწყისი თითქმის ტრიუმფული იყო: პირველივე სეზონში "ლივერპულთან" ერთად კუიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში დირკმა "მილანის" კარის აღება შეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაიხარა, რადგან ენფილდელები იტალიურ გრანდთან მაინც დამარცხდნენ.

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატი იყო პირველი დიდი ტურნირი, სადაც კუიტი ჰოლანდიის ნაკრების ძირითად ფეხბურთელად მოგვევლინა. იტალიასთან პირველ შეხვედრაში მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

2011 აპრილში "არსენალმა" და "ლივერპულმა" პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეს. ჯეიმი კარაგერის ტრავმის გამო შეხვედრის არბიტრმა მატჩს 10 წუთი დაუმატა. 98-ე წუთზე რობინ ვან პერსიმ "არსენალი" ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, მაგრამ ოთხ წუთში პენალტი ზუსტად უკვე დირკ კუიტმა შეასრულა.

კუიტმა "ლივერპულში" 6 წელი გაატარა. მან ინგლისური გრანდის შემადგენლობაში 70 გოლზე მეტი გაიტანა. ის არასოდეს ყოფილა პრემიერლიგის უპირველესი ვარსკვლავი, მაგრამ "ლივერპულის" გულშემატკივრებს დირკი განსაკუთრებით უყვარდათ იმის გამო, რომ ის მთელი 90 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა მინდორზე.

2012 წელს, ლიგის თასის ფინალში, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში "ლივერპულმა" დაამარცხა "კარდიფი". ჰოლანდიელმა საფეხბურთო ლატარიის თავისი წილი ზუსტად შეასრულა. ეს იყო მისი ბოლო ჯილდო "ლივერპულში".

"ენფილდი" სულ სხვა სამყაროა. "ლივერპული" კი არის ერთი დიდი ოჯახი თავისი განსაკუთრებული ფანობით. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვიყავი", - აცხადებს დირკი, რომელიც ინგლისელი ფანების რჩეულად იქცა.

ფენერბაჰჩე
2012 წლის ზაფხულში კუიტი მილიონად გადავიდა თურქულ "ფენერბაჰჩეში". ეს ტრანსფერი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ როგორც იქნა, ასრულდა დირკის ოცნება და მან კარიერაში პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული.

2014 წელს 33 წლის კუიტი ბრაზილურ მუნდიალზე გამოჩნდა. იქ მან ითამაშა არა მხოლოდ შეტევის ფორპოსტზე, არამედ დაცვის ფლანგებზეც კი გამოჩნდა. კი, შეიძლება ეს არ იყო მაინცდამაინც ეფექტური (თუ არ ჩავთვლით ესპანეთთან მატჩს), მაგრამ ის განასახიერებდა ჰოლანდიის ნაკრებს - შედეგზე ორიენტირებულს, თავისი საქმის კარგად მცოდნეს.

დასასრული
ბოლოს იყო "ფეიენოორდში" დაბრუნება. ჰოლანდიის ჩემპიონატი გასულ კვირას დასრულდა. ბოლო შეხვედრაში როტერდამულ კლუბს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. შედგა ნანატრი ტრიუმფი. კუიტმა კი კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა და ჰეთ თრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ "ფეიენოორდისათვის" ბოლო 18 წლის განმავლობაში ეს პირველი ჩემპიონობა იყო. ამიტომაც გაიხარა განსაკუთრებით როტერდამმა. ამიტომაც წავიდა კუიტი, როგორც გმირი.

კოუტი
მის გვარს როგორ აღარ წერდნენ საქართველოში: კეიტი, კიუიტი, კუიტი... ეს უკანასკნელი ვარიანტი უფრო დამკვიდრდა. აბა, ახლა რაღა დროსია, მაგრამ მაინც ჰოლანდიელები მის გვარს ასე გამოთვქამენ: კოუტ-ი... დირკ კოუტი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
როტერდამის მეფე ასეთი ფეხბურთელები ძენენ განსაკუთრებულ ელფერს ფეხბურთს ის იყო და დარჩება ფეინოორდის მთავარ თილისმად 21 საუკუნეში
Glorius
11:19 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული