11:08 19-06-2017
პორტუგალია-მექსიკა 2:2 - ჯადოსნური ენდშპილი [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრაში მთავარი ეპიზოდი, ალბათ, მაინც 22-ე წუთზე მოხდა. პეპეს მიერ გატანილი გოლი არგენტინელმა პიტანამ მას შემდეგ არ ჩათვალა, რაც ეპიზოდი ვიდეოგამეორებაზე იქნა განხილული. არადა, თამაშგარე იყო არა უშუალოდ საგოლე დარტყმისას (ბურთი პეპეს მოხვდა და ისე გავიდა მექსიკელთა კარში), არამედ ჯერ კიდევ შეტევის პირველ ფაზაში. რომ არა ვიდეორეფერი, დიდი შანსი იყო, გოლი უსამართლოდ ჩათვლილიყო.
ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არც ისე დიდი ტრაგედიაა, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენებოდა. ორი აზრი არაა: უმჯობესია, თამაში თუნდაც ნახევარი წუთით შეჩერდეს და ისიც თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში, ვიდრე ესა თუ ის გუნდი უსამართლოდ დაიჩაგროს.
საერთო ჯამში, აბსოლუტურად თანაბარი თამაში გამოვიდა. მატჩის დასაწყისში ბურთი და უპირატესობა უფრო მექსიკას ჰქონდა. პირველი საგოლე მომენტები კი პორტუგალიამ შექმნა. ეს ის შეტევაა, როცა პეპეს გოლი არ ჩაითვალა. მანამდე კრიშტიანომ მექსიკელთა ხარიხა შეაზანზარა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გამოაჩინა, რომ იმ ეპიზოდში უკვე იყო თამაშგარე მდგომარეობა.
ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე პორტუგალია დაწინაურდა. კრიშტიანო რონალდო თითქოს, პირისპირ უნდა გასულიყო ოჩოასთან, მაგრამ მცველები წამოეწივნენ. რონალდომ ერთი დიდებული პასით მექსიკელთა მთელი დაცვა მოსხლიტა. რიკარდო კვარეშმამ გადაცემა შეირგო, მეკარე დააწვინა და მშვიდად გაიტანა.
ამის მერე იყო კვარეშმას კიდევ ერთი შანსი და მერე ანგარიში გათანაბრდა. მექსიკელთა შორის საუკეთესომ, კარლოს ველამ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც ჩიჩარიტომ თავურით შანსი არ დაუტოვა რუი პატრისიოს. ტაიმი მექსიკელთა შეტევით ჩამთავრდა - ჩიჩარიტომ მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის 40 წუთის განმავლობაში ორივე გუნდს, თითქოს, ეძინა. მატჩის დასრულებას ხუთი წუთი რომ აკლდა, ადრიენ სილვამ ოჩოას ვერ აჯობა. ამის შემდეგ დაიწყო თამაშის ყველაზე თვალსასეირო მონაკვეთი.
ჯერ სედრიკი გაერკვა სიტუაციაში კარგად და პორტუგალია კიდევ ერთხელ დააწინაურა. პორტუგალიას გამარჯვების დაბევება შეეძლო, მაგრამ ჟელსონ მარტინშმა შესანიშნავი შანსი გაფლანგა. მატჩის მეორე დამატებულ წუთზე კი ექტორ მორენომ ანგარიში გაათანაბრა და მექსიკას ქულა გადაურჩინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანო რონალდო დასახელდა.
სედრიკი (პორტუგალია): "ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. მიმაჩნია, რომ პორტუგალია მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესი იყო. ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება, ახლოს ვიყავით მასთან, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო".
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "ბოლო წამს გავუშვით გოლი, მაგრამ რას ვიზამთ. ფეხბურთი ასეთია. ჩვენ თავიდან მინდვრის ცენტრში გაგვიჭირდა. მეტოქეს კარგი ნახევარდაცვა ჰყავს. შეცვლებით შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში უფრო სწრაფი გაგვეხადა. სიმძლავრე არ გვეყო".
ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა): "წაგებას ბოლოს გადავურჩით. არადა, მიმაჩნია, რომ ჩვენ მარცხს არ ვიმსახურებდით. პირველი მატჩის კვალობაზე ცუდად არ გვითამაშია. გუნდი არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრა მათ. ჩვენი მიზანი დანარჩენი ორი შეხვედრის მოგებაა. ეს შეგვიძლია".
კონფედერაციათა თასი 2017. A ჯგუფი. I ტური
პორტუგალია - მექსიკა 2:2
გოლები: 1:0 რიკარდო კვარეშმა (34), 1:1 ჩიჩარიტო (42) , 2:1 სედრიკი (86), 2:2 მორენო (90)
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო -სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო - რიკარდო კვარეშმა (82. ანდრე სილვა), ჟოაო მოუტინიო (58. ადრიენ სილვა), ვილიამ კარვალიო, ანდრე გომეში - ნანი (58. მარტინში), კრიშტიანო რონალდო
მექსიკა (4-3-3): ოჩოა - სალსედო (67. არაუხო), რეიესი, მორენო, ლაიუნი - ჯონათან დოს სანტოსი, ერერა, გუარდადო - ველა (57. ჯოვანი დოს სანტოსი), ჩიჩარიტო, ხიმენესი (79. პერალტა)
მაყურებელი: 34 372
რუსეთი-ახ. ზელანდია 2:0
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 1 1 0 0 2-0 3
2. პორტუგალია 1 0 1 0 2-2 1
3. მექსიკა 1 0 1 0 2-2 1
4. ახ. ზელანდია 1 0 0 1 0-2 0
II ტური
ოთხშაბათი. 21 ივნისი
რუსეთი-პორტუგალია 19:00
მექსიკა-ახ. ზელანდია 22:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული