ანგარიში ზელანდიელებმა გახსნეს - ლუისის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ვუდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია - 0:1. ეს ამბავი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი მექსიკელებმა გაათანაბრეს ანგარიში - ხიმენესმა უძლიერესი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. გამარჯვების გოლი პერალტას ანგარიშზეა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა და მექსიკას უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
დარჩენილ დროში ზელანდიელები ცდილობდნენ
მთლიანობაში, გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში იხილეს და მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა. ახალმა ზელანდიამ გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე პირველ შეხვედრაში, რუსეთის წინააღმდეგ - პირველ პაექრობაში ასე რომ ეთამაშათ ზელანდიელებს, მინიმუმ ქულას მაინც გამოჰკრავდნენ ხელს. თუმცა ენტონი ჰადსონის შეგირდებს მექსიკელებთანაც შეეძლოთ არათუ ქულის მოპოვება, სულაც გამარჯვება. თავის მხრივ, ვერც მექსიკას დავუწუნებთ მონდომებას და, რაც მთავარია, თამაშის მეორე ნახევარში ჩრდილოამერიკელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შეატრიალეს კიდეც თამაშის ბედი სათავისოდ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რაც შეხვედრის ბოლო წუთებზე ხდებოდა - ახალი ზელანდია სახიფათოდ უტევდა, როდესაც მექსიკელთა მცველმა იერიში თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა; ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა, მოედანზე კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ყურადღების ცენტრში მატჩის გამბიელი არბიტრი გასამა მოექცა, რომელიც ვითარებაში ვერ გაერკვა და დახმარება ვიდეორეფერის სთხოვა; ეპიზოდის გარჩევას დაახლოებით 5 წუთი დასჭირდა და საბოლოოდ, არბიტრმა სამ ფეხბურთელს აუფრიალა ყვითელი ბარათი - თუმცა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვითარებაში დიდად ვერც ვიდეორეფერი გაერკვა და ეს წუთებიც სულ ტყუილად დაიკარგა. შესაბამისად, შენელდა თამაშის ტემპი და ბოლო წუთებიც სრულიად უაზროდ გაიწელა.
კონფედერაციათა თასი პირველი დიდი ტურნირია, რომელზეც ვიდეორეფერის სისტემა იტესტება, თუმცა კონკრეტულად ამ შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ეს სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწია.
ასეა თუ ისე, მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა უმნივნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჰაერივით საჭირო ქულები ჩაიწერა აქტივში. ორი ტურის შემდეგ კონკაკაფის ზონის წარმომადგენლებს 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავიათ; თუმცა, მექსიკელებს სულაც არ აქვთ განაღდებული ნახევარფინალური ეტაპის საგზური, რადგან წინ მესამე და გადამწყვეტი ტურია; მექსიკას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება - ხუან კარლოს ოსორიოს შეგირდებს ქულაც აძლევთ ხელს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მასპინძელია, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ თამაშობს და გადამწყვეტ შეხვედრაში მაქსიმალურად მოინდომებს.
მექსიკა-ახ. ზელანდია 2:1
გოლები: 0:1 ვუდი (42), 1:1 ხიმენესი (54), 2:1 პერალტა (72)
მექსიკა (3-5-2): ტალავერა - სალსედო (33. მორენო (68. მარკესი)), არაუხო, ალანისი (46. ერერა) - დამი, რეიესი, ფაბიანი, ჯონათან დოს სანტოსი, აკინო - ხიმენესი, პერალტა
ახალი ზელანდია (5-3-2): მარინოვიჩი - ინგამი, ბოქსოლი, დურანტი, სმითი, უაინი - მაკგლინჩი, ლუისი (58. ტულომა), თომასი - როხასი (73. ბარბარუსესი), ვუდი
მაყურებელი: 15 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 2 1 1 0 4-3 4
2. პორტუგალია 2 1 1 0 3-2 4
3. რუსეთი 2 1 0 1 2-1 3
4. ახ. ზელანდია 2 0 0 2 1-4 0
III ტური
შაბათი. 24 ივნისი
მექსიკა-რუსეთი 19:00
ახ. ზელანდია-პორტუგალია 19:00
B ჯგუფი
II ტური
ხუთშაბათი. 22 ივნისი
კამერუნი-ავსტრალია 19:00
გერმანია-ჩილე 22:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 1 1 0 0 2-0 3
2. გერმანია 1 1 0 0 3-2 3
3. ავსტრალია 1 0 0 1 2-3 0
4. კამერუნი 1 0 0 1 0-2 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"