უეინ რუნისა და ლიონელ მესის რეკორდები

AutoSharing Option
150 - "მანჩესტერ სიტისთან" შესრულებული დუბლის შემდეგ სწორედ ამდენი გოლი აქვს გატანილი უეინ რუნის პრემიერლიგაში.

გარდა ამისა, რუნი მანჩესტერულ დერბიში "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაიტანა რა თავისი მეცხრე და მეათე გოლები "სიტის" კარში და ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო.

ახლა რუნი დერბის ბომბარდირებში 10 გოლით, ფრენსის ლისთან და ჯო ჰეიესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.

"წითელი ეშმაკების" ათიანი, ასევე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა იმათ შორის, ვისაც პრემიერლიგაში 150 გოლი გაუტანია.

რუნიმ ეს 27 წლის და 46 დღის ასაკში შეძლო. სხვა მოთამაშეები
არიან: ტიერი ანრი (150-ე გოლი 28 წლის და 150 დღის ასაკში გაიტანა), ალან შირერი (28 წელი და 247 დღე), რობი ფაულერი (29 წელის და 325 დღე), ენდი კოული (31 წელი და 60 დღე) და ფრენკ ლემპარდი (33 წელი და 294 დღე).

86 - გოლი კლუბსა და ნაკრებში 2012 წელს. ლიონელ მესიმ "ბეტისთან" შესრულებული დუბლის შემდეგ გერდ მიულერის მიერ 1972 წელს დამყარებული რეკორდი (85 გოლი) გააუმჯობესა.

არგენტინელმა ლა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ბოლო ორი გოლის შემდეგ პრიმერა დივიზიონში "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესიმ აქაც სესარ როდრიგესს აჯობა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიური გუნდის მაისურით 190 გოლი ჰქონდა გატანილი, 25 წლის მესის ანგარიშზე კი უკვე 192 გოლია.

38 - წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც "უაჩიპატო" პირველად და წლევანდელ სეზონამდე უკანასკნელად გახდა ჩილეს ჩემპიონი. გუნდის გულშემატკივართა მოლოდინი კვირას დასრულდა, თუმცა ქომაგებს სანერვიულო ბევრი ჰქონდათ.

ფინალის პირველ შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ (1:3), "უაჩიპატო" მეტოქეს საპასუხო შეხვედრაშიც ჩამორჩა, მაგრამ "უნიონ ესპანიოლას" ფეხბურთელებმა ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 1:3 წააგეს.

გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო 11-მეტრიანების სერია გახდა, რომელიც უკეთ "უაჩიპატოს" ფეხბურთელებმა შეასრულეს. საინტერესოა, რომ ამ გუნდებმა კლაუსურას რეგულარულ სეზონში მეექვსე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს და პირველ ორ ადგილზე გასულ "კოლო კოლოს" და "უნივერსიდად დე ჩილეს" 8 ქულით ჩამორჩნენ.

5 - გოლი 43 წუთში - რადამელ ფალკაომ "დეპორტივოსთან" საკუთარი რეკორდი დაამყარა. კოლუმბიელს ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი არასდროს გაეტანა, 4-ჯერ კი თავი ერთხელ, 2011 წლის 28 აპრილს გამოიჩინა, როდესაც "პორტუმ" ესპანური "ვილიარეალი" გაანადგურა (5:1).

ფალკაო გახდა პირველი ფეხბურთელი ფერნანდო მორიენტესის შემდეგ, ვინც ლა ლიგის ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ესპანელმა ფორვარდმა 2002 წლის 10 თებერვალს "ლას პალმასი" დაამწუხრა. ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი კი ბატას და ლადისლაო კუბალას ეკუთვნით - ამ ფეხბურთელებმა ერთ შეხვედრაში თავის გამოჩენა 7-ჯერ მოახერხეს, შესაბამისად, 1931 და 1952 წლებში.

1 - გოლი ყოველ მეორე მატჩში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - ასეთი შედეგი ჰქონდა მოჰამედ აბუტრიკას "კორინთიანსთან" გამართულ შეხვედრამდე.

2006 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის "სანფრეჩე ჰიროშიმასთან" გატანილი გოლი კარიერაში მეოთხე იყო და ამ მაჩვენებლით აბუტრიკა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

გარდა ამისა, 34 წლის ეგვიპტელი გახდა მეხუთე მოთამაშე, ვინც ორ სხვადასხვა ტურნირზე შეძლო თავის გამოჩენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული