ძალიან გაუჭირდა ნიგერიის ნაკრებს, რომელიც ეთიოპიასთან გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა. იმის გამო, რომ პარალელურ შეხვედრაში ანგარიში 0:0 იყო, ანალოგიური შედეგი ნიგერიას ჯგუფში ტოვებდა. ფავორიტებმა ეთიოპიას მე-80 წუთამდე ვერაფერი მოუხერხეს, ამ დროს კი საქმეს ხელი ვიქტორ მოზესმა მოკიდა, რომელმაც 10-წუთიან მონაკვეთში ორი პენალტი დაიმსახურა და ორივე თავად გაიტანა.
პირველ შემთხვევაში მოზესი მცველმა მოცელა, მეორე ეპიზოდში კი ის ეთიოპიელთა კიპერმა, სისაი ბანჩამ წააქცია, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო
საინტერესოა, რომ ეთიოპიელებს მეკარე პირველ ტურშიც გაუძევეს – მაშინ ჯემალ ტასევმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩისამბა ლუნგუ “კუნგ-ფუს” ილეთით შეაჩერა. ამ ეპიზოდმა ბევრს შუმახერი-ბატისტონის ცნობილი შეჯახება გაახსენა. საბოლოოდ ნიგერიამ 2:0 მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა.
ტურნირი კი მოქმედი ჩემპიონის, ზამბიის ნაკრების გარეშე დარჩა, რომელმაც ბურკინა ფასოს ვერ მოუგო და 3 ფრით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ვიქტორ მოზესის გოლამდე, 1/4-ფინალში ბურკინა ფასო და ზამბია გადიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ჩელსის” ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა, ზამბიას მდგომარეობა დამძიმდა.
შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული იყო, რადგან გოლის გაშვების შემთხვევაში ტურნირს უკვე ბურკინა ფასოს ნაკრები გამოეთიშებოდა. საბოლოოდ, პიტროიპამ და კომპანიამ კარი მშრალად შეინახეს და საკუთარ ოთხეულში პირველი ადგილი დაიკავეს.
ფავორიტები მომდევნო ეტაპზე
B ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი ფავორიტი გავიდა. განის ნაკრებმა ნიგერს ძალიან იოლად მოუგო, მალის კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან გაუჭირდა და გულშემატკივარიც ანერვიულა.
განელებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში ასამოა გიანმა გახსნა, 23-ეზე კი მეორე გოლი "პორტუს" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრისტიან ატსუმ გაიტანა. მეორე ტაიმის დებიუტში თავი "რენელმა" ჯონ ბოიემაც გამოიჩინა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. საბოლოოდ 3:0 და განა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში განა კაბო ვერდეს ნაკრებს შეხვდება.
მეორე საგზური კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და მალის შეხვედრაში თამაშდებოდა. ყოფილ ზაირს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ანგარიშიც კონგოელებმა გახსნეს – შეხვედრის მესამე წუთზე, დიუმერსი მბოკანიმ პენალტი გამოიყენა და მათ კოლორიტულ მეკარე მუტება კიდიაბას ზეიმის საბაბი მისცა, თუმცა კონგოელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – მბოკანის გოლიდან 11 წუთში, ანგარიში მამადუ სამასამ გაათანაბრა. სხვათა შორის, "მარსელის" და "ვალანსიენის" ყოფილმა ფორვარდმა ნაკრებში მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანიც.
მეორე ტაიმში კონგო უტევდა, მაგრამ მომენტები მალის ნაკრებს ექმნებოდა. გოლის გატანა სეიდუ კეიტას, სიგიმარი დიარას და შეიკ დიაბეტეს შეეძლოთ, მაგრამ მალელებმა ვერც ერთი კონტრშეტევა გოლით ვერ დააგვირგვინეს.
ამ ფრის წყალობით მალი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ახლა მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.
აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. III ტური.
B ჯგუფი
ნიგერი-განა 0:3
გოლები: 0:1 ასამოა გიანი (6), 0:2 ატსუ (23), 0:3 ბოიე (49).
კონგოს დრ-მალი 1:1
გოლები: 1:0 მბოკანი (3-პენ), 1:1 სამასა (14).
თ მ ფ წ ბ ქ
1. განა 3 2 1 0 6-2 7
2. მალი 3 1 1 1 2-2 4
3. კონგოს დრ 3 0 3 0 3-3 3
4. ნიგერი 3 0 1 2 0-4 1
C ჯგუფი
ბურკინა ფასო-ზამბია 0:0
ეთიოპია-ნიგერია 0:1
გოლები: 0:1 მოზესი (80-პენ), 0:2 მოზესი (90-პენ).
გაძევება: სისაი ბანჩა (85. ეთიოპია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბურკინა ფასო 3 1 2 0 5-1 5
2. ნიგერია 3 1 2 0 4-2 5
3. ზამბია 3 0 3 0 2-2 3
4. ეთიოპია 3 0 1 2 1-7 1
ბომბარდირები: 3 – ა. ტრაორე (ბურკინა ფასო); 2 – ემენიკე (ნიგერია), ჟერვინიო (კოტ დივუარი), სანგვენი (სამხრეთ აფრიკა), იაია ტურე (კოტ დივუარი), მბოკანი (კონგოს დრ), მოზესი (ნიგერია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: სიკვდილის ჯგუფის პირველი მსხვერპლი