ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის და იტალიის 1/2-ფინალმა გაორებული შეგრძნება დაგვიტოვა - მართალია, გუნდებმა 120 წუთის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ მატჩი მაინც საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა.

შეხვედრის პირველ ტაიმში უფრო კარგად იტალიის ნაკრები თამაშობდა. მართალია, ესპანეთი ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო, მაგრამ რეალური მომენტი "ფურია როხას" არ შეუქმნია, იმ დროს, როდესაც იტალიას მინიმუმ ორი კარგი ეპიზოდი ჰქონდა და ორივეჯერ მიზანთან ახლოს კრისტიან მაჯო იყო.

"ნაპოლის" გარემარბი შეტევებში ძალიან კარგად ერთვებო
და, თუმცა ორივე სახიფათო ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა იკერ კასილიასმა და საკუთარი გუნდი იხსნა.

იყო მოლოდინი, რომ ჩეზარე პრანდელი 3 ცენტრალური მცველით ითამაშებდა და ეს პროგნოზი გამართლდა. "სკუადრას" რიგებში განსაკუთრებით აქტიური მაჯო-კანდრევას დუეტი იყო; გამოირჩეოდა ჯაკერინიც, რომელსაც შესანიშნავი საგოლე მომენტი დამატებით დროში შეექმნა, როდესაც ახლო მანძილიდან დარტყმული კასილიასის კარის ძელს გაარტყა.

მატჩის 90 წუთი, პრაქტიკულად, ისე გაილია, რომ ესპანეთს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. მეორე ტაიმში იტალია ბურთს პირველთან შედარებით ხშირად აკონტროლებდა, "აძურამ" რამდენიმე კუთხურიც მოაწოდა, მაგრამ თამაშში კასილიასის ჩართვამდე საქმე არ მიდიოდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ვისენტე დელ ბოსკემ თამაშში ხესუს ნავასი ჩართო, რომელმაც ინერტული დავიდ სილვა შეცვალა. "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა თავიდანვე იაქტიურა და რამდენჯერმე სახიფათოდაც ჩააწოდა.

ნავასის ერთ-ერთ ასეთ გარღვევას ესპანეთის ყველაზე სახიფათო მომენტი მოჰყვა, როდესაც შეტევაში, ყველასთვის მოულოდნელად, პიკე ჩაერთო და კარგი პოზიციიდან ძალიან ცუდად დაარტყა.

დამატებითი დროის პირველი ნახევარი იტალიამ უკეთ ჩაატარა და ჯაკერინის ზემოხსენებული მომენტიც სწორედ მაშინ შეიქმნა. მეორე ტაიმში კი უპირატესობას უკვე ესპანეთი ფლობდა. ჩავის დარტყმას ბუფონის შეცდომა მოჰყვა და იტალია ძელმა იხსნა.

კვლავ გამოირჩეოდა ხესუს ნავასი - ერთხელ თავად "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი ურტყამდა, მეორედ კი ხავი მარტინესმა ვერ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალის მსგავსად, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო პენალტების სერია გახდა და 2008 წლის მსგავსად, გამარჯვება ამჯერადაც "ფურია როხას" დარჩა.

სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი 11-მეტრიანი იმ ფეხბურთელმა გაიტანა, ვინც ესპანელთა რიგებში ყველაზე აქტიური იყო. ხესუს ნავასამდე კი ბურთთან ლეონარდო ბონუჩი მივიდა და "იუვეს" მცველი გამოდგა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პენალტი ვერ გაიტანა.

მანამდე კი მეკარეებს შანსი არ ჰქონდათ - ორივე გუნდმა ზედიზედ 12 პენალტი ისე გაიტანა, რომ მათ დარტყმის კუთხე მხოლოდ ერთხელ გამოიცნეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, აბსოლუტურად თანაბარ შეხვედრაში უფრო მეტად ესპანეთს გაუმართლა და მსოფლიოს ჩემპიონი 30 ივნისს (თბილისის დროით უკვე 1 ივლისი იქნება) "მარაკანაზე" ბრაზილიას შეხვდება, იტალია კი იმავე დღეს, მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის დაუპირისპირდება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საუკეთესო ფეხბურთელი
იკერ კასილიასი
(ესპანეთი)
მიუხედავად იმისა, რომ პენალტი არ მოუგერიებია და კანდრევას მიერ პანენკას (გნებავთ: პირლოს, ტოტის ან ზიდანის) სტილში დარტყმული პენალტის შემდეგ თითქოს მცირე შოკშიც იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც იკერი დაასახელეს.

ამის მთავარი მიზეზი კი ის რამდენიმე ეპიზოდია, როდესაც ჟოზე მოურინიოსგან მოძულებულმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი იხსნა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
იკერ კასილიასი: პენალტების სერია ლატარიაა და ჩვენ გაგვიმართლა
ჯანლუიჯი ბუფონი: ძირითად დროში იტალიას მეტი უნდა გაეკეთებინა
ხესუს ნავასი: პენალტების სერია, უბრალოდ, თამაშის ნაწილია
ჩეზარე პრანდელი: ვულოცავ იტალიის ნაკრებს კარგ თამაშს
ვისენტე დელ ბოსკე: იტალია თამაშს აკონტროლებდა

კონფედერაციათა თასი. 1/2-ფინალი
ესპანეთი-იტალია 0:0 პენ. 7:6
პენალტების სერია: 0:1 კანდრევა, 1:1 ჩავი, 1:2 აკვილანი, 2:2 ინიესტა, 2:3 დე როსი, 3:3 პიკე, 3:4 ჯოვინკო, 4:4 სერხიო რამოსი, 4:5 პირლო, 5:5 მატა, 5:6 მონტოლივო, 6:6 ბუსკეტსი, 6:6 ბონუჩი (ააცილა), 7:6 ხესუს ნავასი

ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (79. მატა), სილვა (53. ხესუს ნავასი) - ფ. ტორესი (94. ხავი მარტინესი)
იტალია (3-4-2-1): ბუფონი - ბონუჩი, ბარძალი (46. მონტოლივო), კიელინი - მაჯო, პირლო, დე როსი, ჯაკერინი - კანდრევა, მარკიზიო (80. აკვილანი) - ჯილარდინო (91. ჯოვინკო)

გაფრთხილება: პიკე - დე როსი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-9; კარში დარტყმა: 19-13 (5-6); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 56 083

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ურუგვაი 2:1 - უფრო ძლიერი ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
იღბლიანი ესპანელები... ბრავო იტალია!!!
del piero 10
11:23 28-06-2013
0
ესპანეთი დიდი გუნდია მაგრამ უკვე არა ერთად ერთი.
ფორსა იტალია
ქართული ფეხბურთი
20:33 28-06-2013
0

სიახლეები პოპულარული