მარჩელო ლიპის "გუანჯოუ" საოცარ ფორმაშია - გუნდმა პლეი ოფის ეტაპზე ექვსივე შეხვედრა მოიგო და გადამწყვეტი მატჩის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ ექვს შეხვედრაში ჩინეთის ჩემპიონატის ლიდერმა 19 გოლი გაიტანა და აქედან 17 "მაგიური ტრიოს" - დარიო კონკას, ელკესონის და მურიკის ანგარიშზეა. კიდევ თითო გოლი კი ჩინეთის ნაკრების წევრმა გაო ლინმა და გუნდიდან უკვე წასულმა ლუკას ბარიოსმა გაიტანეს.
ამ ყველაფრის
მეორე ფინალისტი გახდა "სეული", რომელმაც ირანის "ესტეღლალს" (ორი მატჩის ჯამში) უპრობლემოდ მოუგო. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთადერთმა ლეგიონერმა ითამაშა და ერთ-ერთი გოლი სწორედ მან გაიტანა - ინგლისის პრემიერლიგის ყოფილმა მოთამაშემ, ჯლოიდ სამუელმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში "ესტეღლალი" სოლიდური უპირატესობით აგებდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის მოქმედი ჩემპიონის რიგებში არ უთამაშია კიდევ ერთ ცნობილ ფეხბურთელს, ჯავად ნექუნამს, რომელიც საკუთარ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა.
ფინალის პირველი შეხვედრა 26 ოქტომბერს სეულში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 9 ნოემბერს შედგება. "სეული" ფინალში მეორედ ითამაშებს - 2002 წელს გუნდმა თანამემამულე "სუვონ ბლუვინგსთან" წააგო, "ევერგრანდი" კი გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად იასპარეზებს.
გამარჯვების შემთხვევაში, მარჩელო ლიპის გუნდი, "ლიაონინგის" შემდეგ (1990 წელს იმარჯვა) გახდება პირველი ჩინური კლუბი, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
აზიის ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი
გუანჯოუ-კაშივა 4:0 (4:1)
გოლები: 1:0 ელკესონი (16), 2:0 კონკა (57), 3:0 მურიკი (79), 4:0 მურიკი (88)
ესტეღლალი-სეული 2:2 (0:2)
გოლები: 0:1 დაე სუნგ ჰა (37), 1:1 სამუელი (50), 2:1 გაზი ნაჯაფაბადი (75), 2:2 ჯინ კიუ კიმი (80-პენ)
ბომბარდირები: 13 - მურიკი (გუანჯოუ ევერგრანდი); 8 - კონკა (გუანჯოუ ევერგრანდი); 7 - ვაგნერ რიბეირო (ელ ჯაიში)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"