კვირა ციფრებში: იმედგაცრუება, ჩავარდნა და ფუტსალის ლეგენდა

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ფუტსალზეც ვისაუბრებთ. გასული კვირა დასამახსოვრებელი იყო ფალკაოსთვის და "ვიტესისთვის"; სამაგიეროდ, "მანჩესტერ იუნაიტედს", "ნიურნბერგს" და "იოკოჰამა ფ. მარინოსს" განვლილი დღეები არც ისე კარგად მოაგონდებათ...

350 - გოლი ბრაზილიის ნაკრების რიგებში. ეს მართლაც საოცარი მიღწევა ფუტსალის ლეგენდა ფალკაოს ეკუთვნის. 36 წლის მოთამაშემ საიუბილეო გოლი პარასკევს, საკონტინენტთაშორისო თასის ეგიდით, ჩილეს ნაკრებს გაუტანა, ბრაზილიამ კი მატჩი 4:1 მოიგო. ფალკაომ თავი კიდევ სამჯერ გამოიჩინა და საბოლოოდ, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ბრაზილიამ კი ტიტული მოიპოვა.

ფალკაო ბრაზილიის ფუტსალის ნაკრების ყველა
დროის საუკეთესო ბომბარდირი ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში გახდა, როდესაც მანოელ ტობიაშს (278 გოლი) გადაასწრო, ერთი წლის წინ კი ტაილანდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიას ტიტული სწორედ ვეტერანის კარგმა თამაშმა მოუტანა. თავისი პირველი საერთაშორისო გოლი ლეგენდარულმა მოთამაშემ 1998 წელს გაიტანა და როგორც ჩანს, ის უახლოეს მომავალში გაჩერებას არც აპირებს.

11 - ქულა პირველ 8 საშინაო შეხვედრაში - "მანჩესტერ იუნაიტედს" ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 37 წლის წინ ჰქონდა. დევიდ მოიესის გუნდმა "ნიუკასლთან" წააგო (0:1) და ზედიზედ ორი საშინაო მარცხი პრემიერლიგის ისტორიაში მესამედ განიცადა. მოქმედ ჩემპიონს უკვე 5 მატჩი აქვს წაგებული.

უკანასკნელი გუნდი, ვინც ასეთი სტარტის შემდეგ ჩემპიონობას შესწვდა, "მანჩესტერ სიტი" იყო, რომელმაც ეს 1967/68 წლების სეზონში მოახერხა. "ნიუკასლმა" კი "ოლდ ტრაფორდზე" 1972 წლის 12 თებერვლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ლივერპულის" და "ვესტ ჰემის" შეხვედრაში მაყურებლებმა სამი ავტოგოლი იხილეს, ასეთი რამ კი პრემიერლიგაში აქამდე სულ ერთხელ, 2003 წელს, "სანდერლენდის" და "ჩარლტონის" შეხვედრაში მოხდა.

"ჰალის" ფორვარდმა დენი გრემმა კი 28-მატჩიანი და 1626-წუთიანი მშრალი სერია, მაინცდამაინც ყოფილ გუნდთან, "სუონსისთან" დაასრულა.

6 - გოლი გაუტანა არნემის "ვიტესმა" "პსვ ეინდჰოვენს" გასვლით შეხვედრაში და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია შეინარჩუნა. პსვ-მ საკუთარ მოედანზე 6 ბურთი ისტორიაში მეორედ გაუშვა. აქამდე ერთადერთი გუნდი, რომელმაც ეინდჰოვენელები ასე დაამცირა, "ტვენტე" იყო.

გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილის და გიორგი ჭანტურიას "ვიტესი", რომელსაც "ჩელსის" 6 ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი, 121-წლიან ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებას ცდილობს. არნემელები საუკეთესო ფორმაში არიან - 6 მოგება ბოლო 6 ტურში, ბურთების სხვაობა: 21-3.

2 - მატჩი წააგო ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში "იოკოჰამა ფ. მარინოსმა" და თითქმის განაღდებული ჩემპიონის ტიტული დაკარგა. იაპონიის პირველობის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე "იოკოჰამა" უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებდა და 2004 წლის შემდეგ პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ერთი მატჩის მოგებაც ჰყოფნიდა, მაგრამ იასუჰირო ჰიგუჩის შეგირდებმა ჯერ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ალბირექსთან" 0:2 წააგეს, შემდეგ კი "კავასაკისთან" დამარცხდნენ (0:1).

"იოკოჰამას" ჩავარდნით (3 ქულა ბოლო 4 ტურში) ისარგებლა "სანფრეჩე ჰიროშიმამ", რომელმაც ბოლო ორი მატჩი მოიგო, მეტოქეს ერთი ქულით გადაასწრო და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

2-წრიანი ჩემპიონატი იაპონიაში 2005 წლიდან იმართება (მანამდე ჯეი ლიგა ორი ტურნირისგან შედგებოდა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში ხვდებოდნენ) და "სანფრეჩე" გახდა სულ მეორე გუნდი "კაშიმა ანთლერსის" შემდეგ, რომელმაც ორწრიანი ჩემპიონატების ეპოქაში ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

პროფესიონალურ ეპოქაში (ჯეი ლიგა 1993 წელს შეიქმნა) ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "კაშიმა ანთლერსია", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, მეორე ადგილს კი "იოკოჰამა ფ. მარინოსი" და "ჯუბილო ივატა" იყოფენ. ამ უკანასკნელმა დასრულებულ ჩემპიონატში მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

სამოყვარულო ჩემპიონატების გათვალისწინებით კი, ყველაზე მეტი ტიტული სამ გუნდს აქვს: "კაშიმას" გარდა, 7-გზის გამარჯვებულები "ვერდი კავასაკი" და სწორედ "სანფრეჩე ჰიროშიმა" არიან, რომელმაც 5 ტიტული 60-იან წლებში, "ტოიო კოგიოს" სახელით მოიპოვა.

0 - გამარჯვება 15 შეხვედრაში არის ბუნდესლიგის ანტირეკორდი, რომელიც "ნიურნბერგმა" დაამყარა. "მაინცთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ფრანკებმა "მიუნხენ 1860"-ის (1977/78) და "დუისბურგის" (1994/95) შედეგი "გააუმჯობესეს" და ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი სტარტის ავტორები გახდნენ.

ცხრილის მეორე ბოლოში კი მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდს რეკორდზე ამხობს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ბრემენში "ვერდერს" 7:0 მოუგეს - ამაზე დიდი ანგარიშით სტუმარ გუნდს ბუნდესლიგაში მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული. მიუნხენელებს უკვე 26 საგარეო მატჩია, არ წაუგიათ, რაც მათ მიერ 1985-87 წლებში დამყარებული რეკორდის გამეორებაა.

აი, ჩემპიონთა ლიგაში კი "ბაიერნის" სარეკორდო სვლა დასრულდა. ზედიზედ მოპოვებული 10 გამარჯვების შემდეგ "რეკორდმაისტერმა" "მანჩესტერ სიტისთან" 2:3 წააგო, თანაც, 10 წუთის წინ 2:0-ს იგებდა.

საშინაო მოედანზე ასეთი უპირატესობის მოპოვების შემდეგ "ბაიერნი" ბოლოს 39 წლის წინ დამარცხდა, როდესაც 1975 წლის 25 იანვარს, "სიტის" მსგავსი გმირობა ოფენბახის "კიკერსმა" ჩაიდინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: უამრავი გოლი და ბოლო წამების დრამა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული