იტალია
"მისტერ ბინი" ფულით სავსე ჩემოდნებით
8 მარტი დიდად მნიშვნელოვანი დღეა. ხვდებით, ალბათ, რატომაც... IBM-მა სწორედ 8 მარტს წარმოადგინა თავისი PC XT, ჩრდილოეთ ირლანდიამ სწორედ 8 მარტს მიიღო დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის გადაწყვეტილება, აშშ-მა სწორედ 8 მარტს დაარტყა ვიეტნამს და დიახ, სწორედ 8 მარტს მოუგო ჯო ფრეიზერმა მუჰამედ ალის. ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: 8 მარტი არაერთი ქვეყნისთვისაა ქალთა საერთაშორისო დღე.
გასული 8 მარტის შემდეგ კი ამ დღის ისტორიას კიდევ ერთი ყურადსაღები ამბავი შეემატა: 8 მარტს იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონი, ფაქტობრივად, გაათავისუფლა, მიუსაჯა რა
და როდის უნდა მომხდარიყო ეს, თუ არა 8 მარტს - ქალთა დღეს.
ასე რომ, დონ სილვიოს თამამად შეუძლია, რომ ისევ მილანის ქუჩებში იყიალოს და ეგებ საფეხბურთო კლუბ "მილანსაც" მიხედოს.
იტალიაში მყისვე გავრცელდა ხმები, მოხუცთა თავშესაფართან მონდომებული ქალბატონები რიგში ჩადგნენო, მაგრამ ეს ცნობა არ დადასტურდა. საფეხბურთო მილანისთვის ახლა ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბერლუსკონიმ უნდა იფიქროს და მიაკვლიოს დასკვნას, ვისი ბრალია, "როსონერი" კომაში რომ ჩავარდა.
ცნობილია, რომ სილვიო "მილანის" წილის გაყიდვას გეგმავს და როგორც ამბობენ, უკვე მიაგნო ერთ სერიოზულ კანდიდატს. ეს არის ბატონი ბი ტაეჩაუბოლი (თუ როგორც ჰქვია) - 41 წლის მდიდარი ტაილანდიდან, რომელსაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, "მილანის" 30 პროცენტის ყიდვა უნდა და მზადაა, ამ საქმეში 250 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუ ეს სიმართლეა, "მილანის" ტიფოზებს გაუხარდებათ, რადგან ახალი და კარგი ფეხბურთელების შესაძენი ფინანსები გაჩნდება.
თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბატონ ტაეჩაუბოლს (თუ როგორც არის) "მისტერ ბის" ეძახიან. იტალიის აზიური ობსერვატორიუმის პრეზიდენტი ალბერტო ფორკიელი ამბობს, მე მაგას "მისტერ ბინს" უფრო ვუწოდებდი, რადგან თავის კარიერაში 15 ფირმა გახსნა და ამ 15-დან 10 დაიხურაო.
ჰოდა, საშიში ამბავია, ემანდ "მილანსაც" იგივე არ დაემართოს, რაც "ინტერს" ან სულაც "პარმას" დაემართათ.
აღარ გახსოვთ? იხილეთ წინა "დრიბლინგები"...
შაჩირია, შაჩირი!
რადიოკომენტატორმა ემანუელე დოტომ მილანის "ინტერის" გარშემო დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ემანუელეს "ინტერისა" და "სელტიკის" მატჩი მიჰყავდა და რაკი მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა, ამ საქმისთვისაც მოიცალა: "ბურთი მიიღო შაჩირიმ. დიახ, შაჩირიმ და არა შაქირიმ, მეგობრებო! მისი გვარი სწორედ ასე გამოითქმის: შაჩირი. საიდან ვიცი და იქიდან, რომ ამას წინათ მანქანაში ბენზინს რომ ვასხამდი, ჩამსხმელს ვკითხე, საიდან ხარ მეგობარო-მეთქი და იმან მომიგო, ალბანეთიდანო. ჰოდა, მეც ვკითხე, ამ ჩვენი ბიჭის გვარი როგორ გამოითქმის-მეთქი და - შაჩირიო!" - გამოაცხადა ემანუელემ პირდაპირ ეთერში.
აი, ასეთები არიან იტალიელები - უყვართ ლაპარაკი და სხვა, თუნდაც უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა. აბა, იმ ალბანელი ჩამსხმელისთვის რომ არ ეკითხა, საიდან ხარო, ხომ ვერ გაიგებდა რომ ალბანელი იყო, აღარც შაჩირი გაახსენდებოდა და საფეხბურთო სამყაროც გააგრძელებდა დისკუსიას თემაზე "შაქირი თუ რამე სხვა"...
ბალოტელი ევროპარლამენტში?
აი, პოლიტიკოსები კი, რა თქმა უნდა, ყველაფრის შესახებ ყოველთვის ყველაზე უკეთ არიან ინფორმირებულები. ასე მაგალითად, იტალიის გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტარმა მატეო სალვინიმ, რომელიც "მილანის" თავგადაკლული ფანია, "ვერონასთან" 2:2-ის შემდეგ "თვითერზე" ასეთი რამ დაწერა: "ნებისმიერი ჩამოსული, რომელიც იტალიაში არ იზარმაცებს და ბეჯითად იმუშავებს, ნებისმიერი იტალიელისთვის მისაღებია. აი, მუნტარი კი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს!" - ოჰო!
განელი ფეხბურთელის ნაცვლად მას მარიო ბალოტელიმ გასცა პასუხი, რომელმაც სალვინის რეპლიკას ასეთი კომენტარი გაუკეთა: "...და ამას უნდა ერქვას პოლიტიკოსი? ამირჩიეთ მე, ეს ყველასათვის კარგი იქნება!"
ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ ბალოტელი ბრიუსელში, ტრიბუნასთან - გრანდიოზული შოუ იქნება, არა?
ინგლისი
"საუთჰემპტონი" შვეიცარიაში
რაკი ინგლისში სათასო ბატალიები იყო, "საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დრო იხელთა და პაუზა სასარგებლოდ გამოიყენა: მან თავისი შეგირდები გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად შვეიცარიაში წაასხა. ასეთი რამისთვის გრანდები აბუ დაბისა და დუბაიში დადიან ხოლმე, მაგრამ "საუთჰემპტონი" ჯერ კიდევ არ არის ისეთ სიმაღლეზე და საკუთარი გუნდური სულისკვეთების ამაღლებაში აქეთ გადაუხადონ მილიონები და ამიტომაცაა, რომ კუმანმა იდეალური ადგილი - შვეიცარიის ალპები აირჩია.
"თხილამურებით სრიალს შევეცადეთ", - აღნიშნა მცველმა ხოსე ფონტემ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველაზე მეტჯერ სწორედ ეს უკანასკნელი გაშხლართულა თოვლში.
ფონტეს შემდეგ გუნდში ყველაზე ცუდი მოთხილამურე იტალიელი თავდამსხმელი გრაციანო პელე ყოფილა, რომელიც შინ ძალიან ბევრი ნაკაწრით და დაბეგვილი გვერდებით დაბრუნდა.
თუმცა კუმანისთვის ესეც არ იყო საკმარისი - მან შეგირდებს მეორე დღეს ჰოკეის თამაში უბრძანა...
...რომ შვილი სჯობდეს მამასა
იმას, რაც დევიდ ბექჰემის შვილმა ვერ შეძლო, ახლა თეო პირესი ეცდება. ეს გახლავთ 7 წლის ბავშვი, რომელიც მარტის დასაწყისიდან ოფიციალურად გახდა ლონდონის "არსენალის" ბავშვთა გუნდის წევრი. ცხადია, მიხვდებოდით, რომ "არსენალის" ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველის, რობერ პირესის შვილია. დიდი მამის შვილმა უკვე მოასწრო ალექსის სანჩესთან ერთად სელფის გადაღება, სტადიონზე კი სულაც თვით ტიერი ანრიმ მიიყვანა.
ჰოდა, ნუთუ შეიძლება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თეო დიდი ფეხბურთელი არ გახდეს?
ესპანეთი
რეკორდების შემგროვებელი
სანამ მადრიდის "რეალში" მცირე არეულობაა და ურთიერთდაკბენებიც წავიდა, "ბარსელონამ" ამით ისარგებლა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რეკორდების შემგროვებელი
"ბარსა" ამას, სავარაუდოდ, ლიონელ მესის გარეშეც მოახერხებდა, მაგრამ რატომ მესის გარეშე, როცა შეიძლება მესისთან ერთად? "რაიო ვალეკანოსთან" ლეომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჰოპ, არა მარტო კრიშტიანო რონალდოს წამოეწია, არამედ კიდევ ერთი-ორი რეკორდიც მიამყარა.
ალფრედო დი სტეფანო კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირი იყო, გერდ მიულერს ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, მიშელ პლატინის ყველაზე მეტჯერ ჰქონდა მოგებული "ოქროს ბურთი", პაულინიო ალკანტარა "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, ტელმო ზარას პრიმერა დივიზიონში ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა შეგდებული, რაულს - ჩემპიონთა ლიგაში, ლუიშ ფიგუს ყველაზე მეტი საგოლე პასი ჰქონდა გაკეთებული, ხოლო სესარ როდრიგესი კი კატალონიურ დერბიში "ესპანიოლის" ყველაზე დიდი რისხვა გახლდათ.
ახლა კი ეს ყველაფერი ლიონელ მესია! "ელ კლასიკოების" ბომბარდირი, "ბარსელონას" საუკეთესო გოლეადორი, ყველაზე მეტი საგოლე პასით, ყველაზე მეტი გოლით პრიმერაში, ასევე, ჩემპიონთა ლიგაში და კატალონიურ დერბებში. ერთ სეზონშიც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც ყველაზე მეტჯერ დაასახელეს.
ჰოდა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ ჰკითხოთ იმ ქალბატონს, მთავარ ფოტოზე რომ ხედავთ, რატომ ამოისვირინგა მკერდზე ლეო მესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"