ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 25 აგვისტო

AutoSharing Option
13:21 ერიკ ლამელასთვის, როგორც ჩანს, ახალი კლუბი მოინახა. ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ "ინტერი" "ტოტენჰემის" არგენტინელში 20 მილიონ ევროს დახარჯავს.

13:24 როგორც ჩანს, კევინ დე ბრუინს ახალი ვარიანტები და ახალი სურვილები გაუჩნდა. Bild-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაება ბელგიელისთვის ბრძოლაში, თავად ფეხბურთელს კი "ბაიერნში" გადასვლა სურს.

13:30 ხუან კუადრადო იტალიაში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. "ჩელსის" ნახევარმცველი 1.5 მილიონ ევროდ იჯარით გადადის "იუვენტუსში". ამასთან, იტალიის ჩემპიონს 25 მილიონ ევროდ ექნება კოლუმბიელის გამოსყიდვის საშუალება.

13:36 Marca იტყობინება, რომ ლუკას სილვა "რეალის" სათადარიგოთა სკამიდან
იჯარით პირდაპირ "მარსელში" გაემგზავრება. ეს ფეხბურთელი ფრანგების ახალ მწვრთნელს, მიჩელს სურს.

13:51 ვეტერანი ნორვეგიელი იონ-არნე რიისე ინდოეთის "დელი დინამოსში" რობერტო კარლოსის ხელმძღვანელობით ითამაშებს. 34 წლის ფეხბურთელმა ბოლო სეზონი კვიპროსის აპოელ-ში გაატარა.

14:00 გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკო მარინი იჯარის წესით "ჩელსიდან" "ტრაბზონში" გადავა, - იტყობინება Fanatik-ი. 26 წლის ფეხბურთელის იჯარა ერთწლიანია.

14:07 მარიო ბალოტელი მილანში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

14:12 აქსელ ვიტსელმა "ზენიტის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ აღარ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც 2017 წლის ზაფხულში იწურება.

14:16 გაჩნდა ახალი ინფორმაცია ადემ ლიაიჩის მომავალთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი დატოვებს "რომას" და ზოგიერთი წყაროს ცნობით, "მგლების" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ინგლისში გაემგზავრა "ასტონ ვილასთან" მოსალაპარაკებლად.

14:49 მორიგი ინფორმაცია ჯანლუკა დი მარციოსგან. "ჩელსიმ" მოლაპარაკებები დაიწყო "ზენიტთან" არგენტინის ნაკრების მცველის, ესეკილ გარაის ტრანსფერზე.

14:55 მოულოდნელი ცნობა: sport.es ამტკიცებს, რომ "ბარსელონა" პედროს შეცვლას კიევის "დინამოს" ფორვარდით, ანდრეი იარმოლენკოთი აპირებს.

15:01 Bild-ის ინფორმაციით, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი არ შედის თომას ტუხელის გეგმებში. ასე რომ, პოლონელმა, შესაძლოა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დატოვოს "დორტმუნდი". პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელით დაინტერესება უკვე გამოთქვა "ბეტისმა".

15:08 "მილანის" ექსმცველი დანიელე ბონერა ახლოსაა "კარპიში" გადასვლასთან. Sky Sport-ის ინფორმაციით, ამ მომენტში მიმდინარეობს მომავალი კონტრაქტის დეტალების განხილვა.

15:20 ბომბი The Sun-გან! "მანჩესტერ იუნაიტედი" თითქმის აორმაგებს თავის წინადადებას და 329 მილიონს (!!!) სთავაზობს "ბარსელონას" ნეიმარის სანაცვლოდ. პარალელურად, ვრცელდება "ბარსას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს განცხადება: "გვინდა, რომ ნეიმარმა "ბარსელონაში" დაასრულოს კარიერა".

15:29 "ასტონ ვილას" ცენტრფორვარდი ლიბორ კოზაკი, შესაძლოა, შოტლანდიის პრემიერლიგაში გადავიდეს. ბირმინგემული კლუბის მოთამაშე "სელტიკს" აინტერესებს, - წერს The Times-ი.

16:28 "ბეტისის" გარემარბი ალვარო ვადილიო "რაიო ვალეკანოში" გააგრძელებს კარიერას. გუშინ 20 წლის ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმებით გააუქმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი და მადრიდში ახალ გუნდთან გარიგების დასადებად გაემგზავრა.

15:37 მუბარაკ ბუსუფა მაინც გადავა "ანდერლეხტში" - ბელგიელები მზად არიან, მაროკოელის სანაცვლოდ მილიონნახევარი გადაუხადონ მოსკოვის "ლოკომოტივს".

16:58 მართალია, მამადუ სახო ვერ ეწერება "ლივერპულის" შემადგენლობაში, მაგრამ მასთან მაინც სურთ კონტრაქტის გახანგრძლივება, - ასე წერს Le Parisien-ი და იქვე ამატებს, რომ მერსისაიდელები ფრანგ სტოპერს ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ ყოველკვირეული 110 ათასი ევროს ოდენობის ხელფასით.

17:03 თითქმის იგივე ისტორიაა ლუკაშ ლეივასთან დაკავშირებით. ნახევარმცველი რჩება "ლივერპულში", მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ჩაიშალოს მისი ტრანსფერი "ბეშიქთაშში". ამის მიზეზი სულელურია: თურქები გაოგნდნენ, როცა ბრაზილიელი "არსენალთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იხილეს. "ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია", - თქვეს თურქმა ფუნქციონერებმა და გააუქმეს მოლაპარაკებები.

17:21 AS-ის ინფორმაციით, "საუთჰემპტონია" მეოთხე გუნდი, რომელიც ასიერ ილიარამენდისთვის ბრძოლაში ჩაება.

17.25 აპენინებზე წარმატებით დასრულდა ორი სამედიცინო შემოწმება: ხუან კუადრადოსი "იუვენტუსში" და მარიო ბალოტელის - "მილანში".

აი, ბალოტელის სიტყვებიც: "ბედნიერი ვარ ამ დაბრუნებით, რადგან "მილანი" ყოველთვის იკავებდა განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. ფიზიკურად ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ. ბევრი ფაქტორი მმატებს მოტივაციას, მაგრამ ახლა ლაპარაკის დრო არ არის. ვარჯიშებს უნდა შევუდგე, რათა კარგი სეზონი ჩავატარო".

17:51 "მარსელის" ნახევარმცველი მარიო ლემინა, შესაძლოა, სერია A-ში გადავიდეს: Sky Italia-მ გაარკვია, რომ მის მიმართ ინტერესს "ნაპოლი" ამჟღავნებს.

17:59 ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ დავიდ დე ხეა არ არის კონცენტრირებული ფეხბურთზე, ამიტომაც არ შეიყვანა ესპანელი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრიუგეს" დღევანდელი მატჩის განაცხადში.

18:19 "ვალენსიას" ძალიან უნდა "მონაკოს" მცველი აიმენ აბდენური. L'Equipe-ის ინფორმაციით, ესპანელებს გუშინდელი მომენტით უნდა ესარგებლათ, როცა ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

18:37 "ჰამბურგის" ნახევარმცველი პეტრ ირაჩეკი ახლოსაა გერმანული კლუბის დატოვებასთან. ჩეხი ფეხბურთელი პრაღის "სპარტასკენ" იხედება. სულ მალე ირაჩეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

19:06 "ბორდო" დაინტერესებულია "ანდერლეხტის" მცველის, გიიომ ჟილეს სამსახურით. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ადრეც თამაშობდა ლიგა 1-ში, კერძოდ, იჯარით "ბასტიაში".

19:19 ხუან კუადრადოს კომენტარი "იუვენტუსში" გადასვლაზე: "მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. აქ იმისთვის ვარ, რომ კლუბს ჩემპიონის ტიტულის დაცვაში დავეხმარო. ყოველ ვარჯიშსა და მატჩში ასი პროცენტით დავიხარჯები".

19:45 დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" გამოაცხადა "ლილიდან" ნახევარმცველის, ჯონ რუისის ტრანსფერის შესახებ. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ ლაპარაკია სრულფასოვან გამოსყიდვასა და იჯარაზე.

19:45 "ევერტონის" მცველმა ჯონ სტოუნზმა კლუბს სხვა გუნდში გაყიდვა სთხოვა. ამ ფეხბურთელზე აქტიურად მუშაობს "ჩელსი".

20:11 ჯერჯერობით დე ბრუინის ტრანსფერი არ გამოდის, ამიტომაც "მანჩესტერ სიტი" გაძლიერებას ახალგაზრდა ფეხბურთელებში ეძებს. "ქალაქელებს" თვალში მოუვიდათ "ვილიარეალის" 19 წლის ნახევარმცველი ალექს სერანო.

20:48 იარმოლენკოს შესახებ გავრცელებული ჭორების პარალელურად, კიევის "დინამომ" ახალი კონტრაქტი შესთავაზა ფორვარდს. ეს გასაგებიცაა: ფეხბურთელის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება და კიეველებს არ სურთ, უფასოდ დაკარგონ ფორვარდი.

20:56 იმ შემთხვევაში, თუ "ლაიპციგი" პირველ ბუნდესლიგაში გადავა, გუნდი მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპს მიიწვევს. ამის შესახებ Bild-ს განუცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული