სანაკრებო საქმე: ვარსკვლავები, რომლებიც სანაკრებო შანსს ელიან

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო ფეხბურთში არაერთი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც საკლუბო ასპარეზზე ძალიან წარმატებულნი არიან, მაგრამ მათ არასოდეს მისცემიათ ეროვნულ გუნდში შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება.

ანდერ ერერა (ესპანეთი)
ბოლო 10 წლის განმავლობაში ესპანურ ფეხბურთში უამრავი ტალანტი გამოჩნდა. ყველა მათგანს როდი ეძლევა "ფურია როხას" ღირსების დაცვის საშუალება. იმ ესპანელ ფეხბურთელთაგან, რომელთაც არასოდეს მოურგიათ ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა, თავისუფლად შეიძლება კონკურენტუნარიანი ნაკრების შედგენა. ამ გუნდში ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ანდერ ერერა. ადრე თუ გვიან, ვისენტე დელ ბოსკემ ბასკს ნაკრებში უნდა უხმოს.

ფერნანდინიო (ბრაზილია)
ბრაზილიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" ძირითადი შემადგენლობის წევრი არ არის, მაგრამ მინდორზე ძალიან ხშირად ჩნდება. ის, ძირითადად, იაია ტურეს ცვლის. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კი ფერნანდინიოს არასოდეს უთამაშია. მას პორტუგალიის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველზე ყურადღებას არც ამ ქვეყნის საფეხბურთო მესვეურები ამახვილებენ. დიდი ალბათობით, ბრაზილიელს სანაკრებო მატარებელმა უკვე ჩაუარა, რადგან ის 28 წლისაა.

ვილი კაბალიერო (არგენტინა)
არგენტინის ნაკრებში მიწვევას ვილი კაბალიერო ტყუილად ელის. ვილი არგენტინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოიგო ოლიმპიადა, მაგრამ ეროვნული გუნდის კარი მისთვის არა და არ გაიღო. თავის დროზე ის სასწაულებს ჩადიოდა "მალაგაში", მაგრამ ის არც მაშინ გახსენებიათ. ახლა კაბალიერო 34 წლისაა და მყარად ზის "მანჩესტერ სიტის" სათადარიგოთა სკამზე.

გაბრიელ პაულისტა (ბრაზილია)
"არსენალის" ცენტრალური მცველი რამდენჯერმე იყო გამოძახებული ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. არადა, არსენ ვენგერი ხშირად ენდობა სამხრეთამერიკელ უკანახაზელს.

მიკელ არტეტა (ესპანეთი)
საკვირველია,მაგრამ ფაქტია - პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველს არასოდეს უთამაშია ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. არტეტა წარმატებით იცავდა ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას, მაგრამ ის ნაადრევად წავიდა საზღვარგარეთ და, როგორც ჩანს, ამით მწვრთნელების ყურადღება მოაკლდა. ესპანეთის ნაკრებში მის პოზიციაზე უდიდესი კონკურენციაა.

ფრანსის კოკლენი (საფრანგეთი)
ფრანგი "არსენალის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, ის ერთხელაც არ უხმიათ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ფრანგებს დღეს არაერთი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ კოკლენის სანაკრებო სამსახურში ჩაყენება ურიგო საქმე არ უნდა იყოს.

სიმონე პადოინი (იტალია)
უკვე მეხუთე სეზონია, პადოინი კარგად გამოიყურება "იუვენტუსის" შემადგენლობაში, მაგრამ ჯერ მისთვის სანაკრებო კარი მაინც დაკეტილია. ის ახლა 31 წლისაა, მაგრამ "სკუადრა აძურას" ალბათ კიდევ გამოადგება. იტალიის ნაკრები უნაკლო სულაც არ არის.

ნეტო (ბრაზილია)
"ფიორენტინას" ყოფილი პირველი ნომერი და ამჟამად "იუვენტუსის" სათადარიგო მეკარე გასულ ზაფხულს ბრაზილიაში წავიდა სანაკრებო შეკრებაზე, მაგრამ "სელესაოს" მაისურა ვერ მოირგო. ის კი არა, ნეტოს ბრაზილიის ღირსების დაცვა არც ამხანაგურ შეხვედრაში მოუწია.

იაგო ფალკე (ესპანეთი)
კიდევ ერთი, ბევრისშემძლე ესპანელი ტალანტი. ფალკე ახლა 25 წლისაა და უკვე არაერთ ქვეყანაში ითამაშა - ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში... "რომას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, თუმცა ვისენტე დელ ბოსკე არ ჩქარობს მის გამოძახებას ქვეყნის პირველ გუნდში.

გაბი (ესპანეთი)
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანს სანაკრებო შანსი არ ჰქონია. ეს ნამდვილად უცნაურია. უცნაურია იმის მიუხედავადაც კი, რომ ესპანეთის ნაკრებში არსებულ უდიდეს კონკურენციაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს წერილში.

ალანი (ბრაზილია)
ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ალანმა 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დღეს ის "ნაპოლის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. ახლა ჯერი დუნგაზეა - ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული