ევროპულ საკლუბო ფეხბურთში, მიმდინარე სეზონი მოულოდნელობებით არის აღსავსე. მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგას "ლესტერი" ლიდერობს, რასაც არავინ ელოდა, ლონდონის "ჩელსი" კი სატურნირო ცხრილში ლამის ფსკერზეა.
ესპანეთში ვიგოს "სელტაა" მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საფზურის მოპოვებისთვის იბრძვის. იტალიაში "სასუოლო" ბრწყინავს და, თუ ასე გააგრძელა, ევროსაგზურის გარეშე არ დარჩება, "იუვენტუსმა" კი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო. მართალია, შემდეგ "აკრიფა", მაგრამ ჯერჯერობით, სამეულშიც კი არაა.
საფრანგეთში ლიდერთა შორის "ანჟერია" და ასევე ჩემპიონთა ლიგის ზონას უმიზნებს. მოდი, გავიხსენოთ ის გუნდები, რომლებმაც
ინგლისი - ლიდსი, იპსვიჩი
მე-20 საუკუნის მიწურული და 21-ე საუკუნის დასაწყისი ფანტასტიკური იყო "ლიდს იუნაიტედისთვის", რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა. მაგალითად, 1999-2000 წლების სეზონი გუნდმა მე-3 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მომდევნო სეზონში კი მე-4 პოზიცია დაიკავა. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ დევიდ ონილის გუნდი, რომელშიც ჰარი კიუელი, იან ჰარტი, ოლივერ დაკური, რობი კინი, მარკ ვიდუკა, ლი ბოიერი, პოლ რობინსონი, ალან სმიტი, დენი მილსი, დევიდ ბეტი, რიო ფერდინანდი და რობი ფაულერი ბრწყინავდნენ - მართლაც საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ, თითოეული ეს ფეხბურთელი და მათი თამაში "ლიდს იუნაიტედში" ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ.
იმავე სეზონში, პრემიერლიგის გათამაშება მე-5 ადგილზე "იპსვიჩმა" დაასრულა და ევროტურნირის საგზური მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ამჟამად "ლიდსიც" და "იპვიჩიც" რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში ასპარეზობენ.
ფოტოზე: მარტინ ონილის "ლიდს იუნაიტედი"
2004-2005 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა "ევერტონისთვის", რომელიც ტრადიციულად მებრძოლი გუნდია, მაგრამ იმ წელს სულაც მე-4 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვა. იმავე სეზონში, მე-6 ადგილი "ბოლტონმა" დაიკავა, რომელიც დღეს ჩემპიონშიპში ასპარეზობს და აუტსაიდერია, თავის დროზე კი პრემიერლიგის ბინადარი იყო და გრანდებსაც ამწარებდა.
გერმანია - კაიზერსლაუტერნი, ვერდერი
1997-1998 წლების ბუნდესლიგის გათამაშება მართლაც სენსაციური გამოდგა, რადგან ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში ახლადაღზევებულმა "კაიზერსლაუტერნმა" მოიგო. იმ გუნდში ოლაფ მარშალი ბრწყინავდა, რომელმაც 21 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი მაინც მწვრთნელი ოტო რეჰაგელი გახლდათ, რომელმაც 2 წელიწადში გუნდი ჯერ ელიტაში აღაზევა და შემდეგ, ჩემპიონი გახადა. ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულებს ალბათ ძალიან გაუკვირდებათ თუ ვეტყვით, რომ 21-ე საუკუნის საწყის წლებში მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი კონკურენტი "ვერდერი" იყო. ბრემენულმა გუნდმა 2003-2004 წლების სეზონში ვერცხლის სინი მოიპოვა და მიუნხენური გიგანტი მთელი 6 ქულით ჩამოიტოვა. მაშინ, "ვერდერში" ანდრეას რინკე, კრისტიან შულცი, ფაბიან ერნსტი, იოან მიკუ, ტიმ ბოროვსკი, აილტონი, ანგელოს ხარისტეასი და სხვები ბრწყინავდნენ...
საგულისხმოა, რომ იმავე სეზონში მე-5 ადგილი "ბოხუმმა" დაიკავა, გუნდმა, რომელიც დღეს მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, თავის დროზე კი გერმანიის მთავარ ლიგაში თამაშობდა და ერთობ სტაბილურად.
2006-2007 წლების სეზონი "შტუტგარტმა" მოიგო და იმ სეზონში, "ბაიერნი" საერთოდ სამეულს მიღმა დარჩა, დიორტმუნდის "ბორუსიამ" კი ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა. ეს ის "შტუტგარტია", რომელშიც სამი ხედირა, მარიო გომესი და კაკაუ ირჯებოდნენ.
გვერდს ვერ ავუვლით 2008-2009 წლების სეზონს, რომელშიც ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგმა" გააოცა საფეხბურთო ევროპა და ვერცხლის სინს დაესაკუთრა. დიეგო ბენალიო, კრისტიან ძაკარდო, ანდრეა ბარძალი, ედინ ჯეკო, ზვეზდან მისიმოვიჩი, გრაფიტე - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინეს და ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.
ბოლოს, 2010-2011 წლების სეზონი გავიხსენოთ, რომელიც "მაინცმა" ბრწყინვალედ დაიწყო, კარგა ხანს ლიდერობდა და საბოლოოდ, სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. "მაინცი" ბუნდესლიგაში დამკვიდრდა და სტაბილურად ასპარეზობს, თუმცა ის სეზონი მაინც განსაკუთრებული იყო.
ესპანეთი - დეპორტივო, სოსიედადი
პირველ რიგში, ხავიერ ირურეტას "დეპორტივო" უნდა გავიხსენოთ, რომელიც გასული საუკუნის მიჯნაზე და ამ საუკუნის სტარტზე მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა. ამიტომ, 1999-2000 წლების სეზონით დავიწყოთ, რომელშიც ლა ლიგა სწორედ "ლა კორუნიამ" მოიგო. რომელი ერთი გავიხსენოთ: როი მაკაი, ვალტერ პანდიანი, ჯალმინია, პაულეტა, ტურუ ფლორესი, ლიონელ სკალონი, ფლავიო კონსეისაო და სხვები, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მთავარი ვარსკვლავი მაინც ირურეტა იყო. მაშინ, "დეპორტივომ" "ბარსელონას", "ვალენსიას" და მადრიდის "რეალს" შანსი არ დაუტოვა. საერთოდ, იმ წლებში, ირურეტას გუნდი მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ასპარეზობდა. 2000-2001 წლების სეზონში, "დეპორტივომ" მე-2 ადგილი დაიკავა, მე-3 პოზიციაზე კი "მალიორკა" აღმოჩნდა. ეს ის "მალიორკაა", სამუელ ეტოო რომ დაფრინავდა და გრანდებს ამწარებდა. დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც საოცრად ჟღერს, რომ "დეპორტივომ’ და "მალიორკამ" "ბარსელონა" უკან მოიტოვეს, მადრიდის "ატლეტიკო" კი იმ პერიოდში ლა ლიგაში საერთოდ არ ასპარეზობდა.
2002-2003 წლების სეზონი ძალიან საინტერესო გამოდგა, რადგან ყველასათვის მოულოდნელად, მადრიდის "რეალს" საჩემპიონო ბრძოლა "რეალ სოსიედადმა" გაუმართა. ბასკები სულ 2 ქულით ჩამორჩნენ სამეფო გუნდს და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს. გემახსოვრებათ, ვალერი კარპინი, დარკო კოვაჩევიჩი, ნიჰათ კაჰვეჩი და კიდევ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი, მათ შორის ჩაბი ალონსო. სან სებასტიანელებს სულ ცოტა დააკლდათ სასწაულამდე, მაგრამ მეორე მხრივ, ის უკვე იყო პატარა სასწაული. საგულისხმოა, რომ ის სეზონი "ბარსელონამ" მხოლოდ მე-6 ადგილზე დაასრულა. დიახ, კატალონიური გრანდი ყოველთვის ასეთი უძლეველი არ იყო...
2004-2005 წლებში, "რეალ ბეტისმა" გაიბრწყინა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. გახსოვთ მარკოს ასუნსაო და მისი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმები? - წესით, არც ხოაკინ სანჩესის გარღვევები უნდა დაგვიწყებოდათ, რომელიც დღესაც "ბეტისში" ასპარეზობს, თუმცა შუალედში "ვალენსიაში’, "მალაგასა" და "ფიორენტინაში" მთელი 9 წელიწადი გაატარა.
სენსაციის გარეშე არც 2005-2006 წლების სეზონს ჩაუვლია, როდესაც "ბეტისის" როლში "ოსასუნა" მოგვევლინა. ლა ლიგის დებიუტანტი არავის შეუშინდა და პირველივე ელიტარულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
2007-2008 წლების სეზონში "ვილიარეალმა" გაიბრწყინა და ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. თუ რეებს სჩადიოდა მინდირზე ხუან რომან რიკელმე, შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, ჯუზეპე როსი და ნიჰათ კაჰვეჩი კი გოლს გოლზე იტანდნენ. სხვა ფეხბურთელების გამორჩევაც შეიძლება და მარტო დიეგო გოდინის, ან მარკოს სენას ხსენება რად ღირს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ ფორმაციის "ვილიარეალმა" ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით იასპარეზა.
"ვალენსია" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ესპანური გუნდია და ის, რომ ამ საუკუნის დასაწყისში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სენსაციათა რიცხვს ნაკლებად მიეეკუთვნება, თუმცა მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" უკან მოტოვება, მაინც აღსანიშნავი ამბავია. შესაბამისად, არც 2013-2014 წლების სეზონის დავიწყება ეგების, რომელშიც იგივე როლში მადრიდის "ატლეტიკო" მოგვევლინა.
იტალია - კიევო, უდინეზე
ლუიჯი დელ ნერის "კიევო" უნდა გავიხსენოთ, რომელმაც სერია A-ში აღზევებისთანავე გააკვირვა საფეხბურთო ევროპა. "მფრინავმა ვირებმა" პირველივე სეზონში ევროსაგზური მოიპოვეს და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულეს. კარგა ხანი, სულაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყვნენ და დიდი შრომა დასჭირდათ გრანდებს თავხედი დებიუტანტის ჩასაჩოჩებლად. ეს ამბავი 2001-2002 წლების სეზონში მოხდა, "კიევოში" კი შესანიშნავად ასპარეზობდნენ ერიბერტო, კრისტიან მანფრედინი, ბერნარდო კორადი, მასიმო მარაცინა და სხვები. "კიევოსთვის" კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა 2005-2006 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ეს უკვე ის გუნდია, როდესაც ერიბერტომ ნამდვილი გვარი დაიბრუნა და ლუსიანო გახდა, თავდასხმაში კი ვერონელებს კარვალიო ამაური და სერჯო პელისიერი ჰყავთ.
ფოტოზე: "კიევო" "მილანის" წინააღმდეგ
ეს სეზონი იმითაც გახლავთ გამორჩეული, რომ ტურინის "იუვენტუსი" კალჩოპოლის სკანდალში გაეხვა და სერია B-ში დაქვეითდა. ისიც ვთქვათ, რომ წინა სეზონში იგივე ბედი "ფიორენტინამ" გაიზიარა და საერთოდ, იმ პერიოდში იტალიური ფეხბურთი სკანდალებში იყო გახვეული.
2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავი იყო "უდინეზესთვის", რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. იმ წლებში, ფრანჩესკო გვიდოლინის "უდინეზე" ბრწყინვალედ ასპარეზობდა და ხშირად, მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა, თუმცა კულმინაცია სწორედ ხსენებული სეზონი იყო.
კარში სამირ ჰანდანოვიჩი; დაცვაში მეჰდი ბენატია, დუშან ბასტა და პაბლო არმერო; ნახევარდავაში მაურისიო ისლა, რობერტო პერეირა და კვადვო ასამოა, შეტევაში კი ანტონიო დი ნატალე. გვიდოლინს მართლაც კარგი გუნდი ჰყავდა შესანიშნავი ფეხბურთელებით.
P.S. თანამედროვე ფეხბურთში ფული გადამწყვეტია და წარმატებასაც მეტწილად, ის კლუბები აღწევენ, რომლებიც ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.
თუმცა, სპორტის უპირველესი სახეობა იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში ჯერ კიდევ დარჩა სენსაციების ადგილი და ამიტომ, მიმდინარე სეზონშიც უნდა ვუგულშემატკივროთ "სასუოლოს", "სელტას", "ანჟერს" და რა თქმა უნდა "ლესტერს", რომელმაც საფეხბურთო ევროპა უკვე აღაფრთოვანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"