ამ გუნდმა, არც მეტი, არც ნაკლები, 78 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში. მის მაისურას ჩაიცვამენ "ჩელსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი რამირესი და "შახტარის" ასევე ბრაზილიელი ექსლიდერი, ალექს ტეიშეირა.
ფესვები
კლუბი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების შუაში დააარსა პროვინცია ციანსუს მთავრობამ. ოცი წლის წინ ფეხბურთელები საკლუბო მაისურებს თავიანთი ხელით რეცხავდნენ, 1995-2008 წლებში კი გუნდი ჩინეთის რანგით მეორე დივიზიონში ყურყუტებდა.ხშირი იყო სკანდალები გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებითაც. გუნდის მთავარი მიღწევებია
კლუბს არსებობის განმავლობაში არაერთხელ შეეცვალა მფლობელი. ფულს ხან ადგილობრივი მთავრობა გამოჰყოფდა, ხანაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები თუ სხვა ბიზნესმენები.
გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება წინა წლის დეკემბერი, როცა კლუბის სპონსორობა უმსხვილესმა ჩინურმა ელექტროკომპანიამ იკისრა. მაშინ ამ საქმის საერთო ღირებულებად 80 მილიონი დოლარი გამოცხადდა.
ვინ არის მფლობელი და რატომ ხარჯავს ამდენს?
ელექტროკომპანია "სანინგ ქომერსი" მთელ ჩინეთში უმსხვილესია. ქვეყნის მასშტაბით მას 1600 მაღაზიაზე მეტი აქვს. კომპანიაში 180 ათასი თანამშრომელი მუშაობს. კომპანიის საბაზრო ღირებულება 17,8 მილიარდი დოლარია.კომპანიის ხელმძღვანელი, ჩენ ციდუნი ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 28-ე ადგილზეა. "ფორბსის" ინფორმაციით, მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად ფასდება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ შეიმუშავა ახალი მოდელი, "ინტერნეტს პლუს სპორტი". მათ მიაჩნიათ, რომ საფეხბურთო კლუბის აყვანა მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის პოპულარობას ახალგაზრდა მომხმარებელთა შორის.
"ჩვენ ყველაფერს ვისწავლით და ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი, რომ მაგარ გუნდს გავაკეთებთ. ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით ვაკვირდებით. ჩემთვის, ზოგადად, გერმანული ფეხბურთია სამაგალითო", - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.
რატომ აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე?
გასულ სეზონში დან პეტრესკუს გაწვრთნილმა გუნდმა ჩინეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა. შემადგენლობაც არ იყო ვარსკვლავური. წინა სეზონში გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ ბრაზილიელი სამირი, ვისაც ჯიბეში ხორვატული პასპორტი უდევს.28 მილიონი რამირესისა და 50 მილიონი ალექს ტეიშეირას სანაცვლოდ - წესით, ეს ჩემპიონობისათვის ჩაყრილი საფუძველი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ტეიშეირა ჩინურმა კლუბმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცხვირწინ ააცალა ლონდონის "ჩელსის".
პეტრესკუს აზრით...
გუნდის რუმინელი მწვრთნელის, დან პეტრესკუს აზრით, "ციანსუ სუნინმა" ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა. "ფანტასტიკური იქნება, თუ ჩვენ სეზონს ჩინეთის ოთხ საუკეთესო გუნდში დავასრულებთ. აქაური ლიგა ხომ წლეულს განსაკუთრებით ძლიერია. ჩვენ ალექს ტეიშეირას სანაცვლოდ ის თანხა გადავიხადეთ, რასაც დიდი ფეხბურთელების სანაცვლოდ იხდიან და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე გაამართლებს გაცემულ ავანსებს. პირადად ჩემთვის ვარსკვლავებთან მუშაობა პრობლემა არ არის. ასეთი სტატუსის ფეხბურთელები მყავდა მაშინ, როცა მოსკოვის "დინამოს" ვწვრთნიდი", -ამბობს ჩინელთა რუმინელი მესაჭე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"