ალო, პოლიციაა? - ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა დროს გაქურდეს

AutoSharing Option
"ალო, პოლიციაა? დახმარება მჭირდება" - ასეთი მიმართვით სამართალდამცავებთან არაერთ ფეხბურთელს დაურეკავს. სხვადასხვა დროსა და შემთხვევაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუქურდავთ. ჩვენი წერილი სწორედ დაზარალებულებს ეხება.

პიტერ კრაუჩი
ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ყველაზე ხშირად გაზეთების პირველ გვერდებზე მისი შესანიშნავი იუმორის გამო ხვდება. საინტერესოა, რომ კრაუჩი ორჯერ იყო კრიმინალური ქრონიკის ერთ-ერთი მთავარი გმირი.

2006 წელს გაქურდეს კრაუჩის სახლი სოფელ ოდერლი ეჯში. სხვათა შორის, ამ სოფელში იყო მაშინ სტივენ ჯერარდისა და როკე სანტა კრუსის დაჩები. მათაც იგივე ბედი ეწიათ. გარდა ამისა, გატყდა რამდენიმე მდიდარი მოაგარაკის
ბინაც.

ძარცვის დროს კრაუჩი და მისი მოდელი ცოლი, ებიგეილ კლენსი შინ არ იყვნენ. მათ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს მომხდარს და ახალი სახლი იყიდეს, თუმცა მაინცდამაინც ძველის მახლობლად. 2011 წელს მძარცველებმა იქაც შეაღწიეს.

ეს მოხდა სოფელ სენტ-ენდრიუში. ამჯერად ოჯახმა ადგილ-სამყოფელი აღარ შეიცვალა. როგორი საქმეა, დათმო 4,5 მილიო ევროდ შეფასებული კომფორტული ვილა?!

ფრენკ ლემპარდი
2005 წლის მაისში "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი საცოლე ელენთან ერთად ახალმოსახლეობას აღნიშნავდა. ისინი ლონდონის ფეშენებელურ, იზოლირებულ ბინაში გადავიდნენ. რამდენიმე დღეში წყვილი გაქურდეს. ღამით ქურდები ბინაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც კარი შეამტვრიეს. პირველ სართულზე მათ იმდენი რამ მოიპოვეს, რომ მეორეზე, სადაც წყვილს ეძინა, საერთოდ აღარ ავიდნენ. მათ ორი მანქანა წაიყვანეს - "რეინჯ როვერი" და "მერსედესი".

ანხელ დი მარია
2015 წლის 1 თებერვალს არგენტინელი ცოლთან და გოგონასთან ერთად თავისი მანჩესტერული ბინის მეორე სართულზე იყო. რამდენიმე მძარცველმა ბინაში შეაღწია, მაგრამ ისინი ეგრევე გაიქცნენ, როგორც კი სიგნალიზაცია ჩაირთო. დი მარია ამ ამბის მერე სასტუმროში გადავიდა ოჯახთან ერთად. სხვათა შორის, ინგლისიდან მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს ფაქტიც სახელდება.

ტომ კლევერლი
"ევერტონის" ფეხბურთელს ეს არასასიამოვნო ისტორია 2015 წლის შემოდგომაზე შეემთხვა. მის სახლში სამი ბანდიტი შეიჭრა ბეისბოლის კეტით. კლევერლი ამ დროს ცოლთან და ორი წლის შვილთან ერთად იყო სახლში. მუქარით მძარცველებმა 100 ათასი ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. მოგვიანებით ტომმა თქვა, რომ ყველაზე მეტად მას ძვირფასეულობა და ფული ადარდებდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

იბრაჰიმა ტრაორე
"გლადბახის" ნახევარმცველი მაშინ გაქურდეს, როცა ის მინდორზე იბრძოდა "დორტმუნდის" წინააღმდეგ. შინ მისულ ტრაორეს ბინა თავდაყირა დახვდა დაყენებული. მძარცველებმა არაერთი ფასეული ნივთი წაიღეს.

იუნეს ბელჰანდა
კიევის "დინამოს" მაროკოელ ნახევარმცველს 2015 წლის მაისში განსაკუთრებით არ გაუმართლა. მისი მანქანა ბანდიტებმა გააჩერეს და მას სახეში გაზი შეასხეს. ბელჰანდა მათ მანქანიდან გადმოიყვანეს. მთელი ფული აართვეს. თანაც, მისი მანქანით წავიდნენ. პოლიციამ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იპოვა მძარცველები და ფეხბურთელს თავისი "რეინჯ როვერი" დაუბრუნა.

საბერძნეთის ნაკრები
ეს მოხდა სამხრეთაფრიკული მუნდიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. საბერძნეთის ნაკრების სასტუმროში, რომელიც დურბანის გარეუბანში იყო. მძარცველებმა ნაკრების სამი ფეხბურთელის ოთახში შეაღწიეს. მართალია, მათ უმნიშვნელო თანხა წაიღეს, მაგრამ ფეხბურთელებს დაუცველობის სინდრომი შეეყარათ.

ნაპოლის ლიდერები
ნეაპოლი სასწაული ქალაქია. სხვადასხვა დროს გაქურდეს ედინსონ კავანი, მარეკ ჰამშიკი, ვალონ ბეჰრამი და ესეკიელ ლავეცის გოგონა. ხშირ შემთხვევაში მძარცველები წაღებულ ნივთებს უკან აბრუნებდნენ.

ჩვენს მიერ ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა მძარცველების მსხვერპლი სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მოთამაშე გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერარდის და სანტაკრუსის "დაჩები" არაა ცუდი:)))
გიორგი
17:13 28-02-2016
0
ლევან მჭედლიძეც ხო გაქურდეს ალბანელებმა
2007-ში
ლაშა
00:27 01-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული