ზვონიმირ ბობანი: ამ ხორვატიისთვის 2018 წლის მუნდიალი ბოლო შანსია

AutoSharing Option
კარიერის დასრულების შემდეგ ზვონიმირ ბობანი საინტერესო საფეხბურთო ანალიტიკოსად ჩამოყალიბდა. ყველაზე ხშირად ხორვატი Sky Italia-სთან თანამშრომლობს ხოლმე.

გთავაზობთ ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდასთან ინტერვიუს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშს ევრო 2016-ზე და 2018 წლის მუნდიალის პერსპექტივებს აფასებს. ეს ინტერვიუ სწორედ მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტისას არის ჩაწერილი.

- მისტერ ბობან, თქვენ ორი დღე გაატარეთ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და მოინახულეთ "ლუჟნიკი", სტადიონი როემლიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნასა და დახურვას უმასპინძლებს. როგორია თქვენი შთაბეჭდილება ქალაქსა და სტადიონზე?
- ვფიქრობ, ყველა რუსი უნდა ამაყობდეს მოსკოვით. ეს ძალიან
ლამაზი ქალაქია, რომელშიც მშვენირი შენობებია, ამ ქალაქს დიდი ისტორია აქვს. მოსკოვი ქვეყნის საგანძურია. "ლუჟნიკიმ" ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პლუს იქვე პარკია და მდინარე, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნის. თავად "ლუჟნიკი" რაღაცით ძველ "უეემბლის" მაგონებს. მოლოდინი დიდი მაქვს და ეჭვიც არ მეპარება, რმ 2018 წლის მუნდიალი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ისტორიაში.

- არც ისე დიდი ხნის წინათ, ხორვატიამ რუსეთს 3:1 მოუგო. რას იტყვით თქვენი ქვეყნის და ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლების თამაშზე?
- ჩვენ მთელი შეხვედრის დროს ვდომინირებდით და მეტი გოლიც უნდა გაგვეტანა. რაც შეეხება რუსეთს, კარგი ნაკრებია. უბრალოდ რუსებს ბალანსის პოვნა და ნახევარდაცვაში უფრო უკეთ თამაში ჰმართებთ. არც დაგვავიწყდეს, რომ ხორვატიის დღევანდელი ნაკრები ნებისმიერისთვის სერიოზული მოწინააღმდეგე და ძალაა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხორვატიის ამ ფორმაციის ნაკრები პიკს სწორედ 2018 წლისთვის მიაღწევს?
- ეს თაობა ნამდვილად დიდ იმედს იძლევა. თუმცა დიდ ტურნირზე ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. 2018 წლის მუნდიალი გუნდში ბევრისთვის ბოლო შანსი იქნება. მაგალითისთვის, ლუკა მოდრიჩი ავიღოთ. ცალკეულ მოთამაშეებს თუ დავაკვირდებით, ინდივიდუალურად ყველა ძლიერია, საფეხბურთო აზროვნებითა და მრავალმხრივობით გამოირჩევა, მაგრამ ხორვატიას დიდ საფეხბურთო ფორუმებზე სულ რაღაც აკლდება. დიახ, 2018 წელი ნამდვილად შეიძლება ჩვენთვის წარმატებული გამოდგეს და მე ამის დიდი იმედი მაქვს.

- შეძლებს ეს ნაკრები 1998 წლის ფორმაციის ხორვატიის წარმატების გამეორებას ან გაუმჯობესებას, როდესაც თქვენი გუნდი მესამე ადგილზე გავიდა?
- იმედი მაქვს, შეძლებს. თუმცა სულ ცოტა არანაკლები შანსია იმისა, რომ ის წარმატება გამორჩეულ და განსაკუთრებულ მიღწევად დარჩეს ხორვატული ფეხბურთისთვის. ის წარმატება დიდ ტვირთად აწევს მომავალ თაობებს, რაც არ არის სამართლიანი, რადგან ახალ თაობას არ უნდა მოსთხოვო აუცილებლად იგივე შედეგის გამეორება, რომელიც წინას ჰქონდა და რომელსაც წინამ სხვა ეპოქაში მიაღწია.

- ლუკა მოდრიჩმა განაცხადა რომ თქვენ მისი კერპი ხართ. რას იტყვით ამაზე?
- ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რადგან ლუკა ფანტასტიკური მოთამაშე და ადამიანია. მოდრიჩი ყოველთვის შემართულია და მუდამ წარმატება სწყურია მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაღწია. ასეთ რამეს კი ხშირად ვერ ნახავ. იმ გიჟურ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს იშვიათობაა.

ლუკას ნორმალური და სწორი მიდგომა აქვს. როგორც მოთამაშე მოდრიჩი უნიკალურია, რადგან ის სხვებზე ადრე ხედავს, რა მოხდება და რა შეიძება მოხდეს კონკრეტულ მომენტში. შეიძლება, თქვენ თქვათ, რომ ინდივიდუალურად მას უკეთ თამაში და საკუთარ თავზე მეტის აღება შეუძლია, მაგრამ ის გუნდურად და გუნდისთვის თამაშობს, ეს მისთვის მთავარია და ყველაფერს ნიშნავს. შესაძლოა, ლუკა ზედმეტად გუნდურადაც კი თამაშობს და ამიტომ თავის შესაძლებლობებს, როგორც ინდივიდუალისტი სრულად ვერ ავლენს.

Sportall.Ge

- "მილანთან" ერთად უამრავი ტიტული გაქვთ მოგებული, მაგრამ ალბათ, 1998 წელს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილზე გასვლა თქვენი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტია.
- 1998 მართლაც განსაკუთრებული რამ იყო. როდესაც სამშობლოში დავბრუნდით ხორვატიაში ნამდვილი საგიჟეთი გახლდათ. ვერც კი ვიგებდით და ვიაზრებდით ასეთს, რას მივაღწიეთ. ხორვატიამ მუნდიალზე პირველად ითამაშა და უმალვე მესამე ადგილზე გავიდა, ასეთი რაღაც შესაძლოა, ცხოვრებაში ერთხელ ხდება.

ალბათ, უფრო მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ მასპინძელ საფრანგეთთან ნახევაფინალში ჩემი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. სამაგიეროდ, კარგი მოგონებაც ბევრია, თუნდაც ისეთი წვრილმანები, როგორიც მეტოქეებისთვის ხელის ჩამორთმევა და წაქცეული მოწინააღმდეგისთვის ხელის გაწვდენა და მისი წამოყენაბაა. მსგავს რაღაცებს ადრეულ ასაკში არცთუ ხშირად ვაკეთებდი. მას მერე კი ყველაფერი შეიცვალა.

- ვინ იქნება ფავორიტი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- გამარჯვებული ყოველთვის რომელიმე დიდი საფეხბურთო ქვეყანაა ხოლმე. გრანდები მუდამ კარგ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ, მაგრამ მაინც სხვებზე უკეთ გამოდიან ტურნირებზე. მათ სოლიდურად თამაში გენებში აქვთ და ხასიათში აქვთ გამჯდარი. პატარა ნაკრებები კი ჯგუფიდან თუ გადიან ეს უკვე წარმატებაა, რადგან ისინი მოლოდინს აჭარბებენ.

ფეხბურთელები და ფანები ამას ისე აღნიშნავენ ხოლმე თითქოს, მუნდიალი მოიგეს. ბრაზილიისთვის, არგენტინისთვის, გერმანიისთვის და სხვა დიდი გუნდებისთვის ჯგუფიდან გასვლა უბრალოდ, პირველი ნაბიჯია. მათი მიზანი ყოველთვის ტურნირის მოგებაა. როდესაც ისინი მატჩში გამარჯვებას მოიპოვებენ, ნაკრების ფეხბურთელები სერიოზული სახეებით პირდაპირ ავტობუსში ადიან და უკვე მომავალ მატჩზე ფიქრობენ. სწორედ ამიტომაც იგებენ ისინი ყოველთვის.

- და მაინც, ვინ არის მომავალი მუნდიალის ფავორიტი გუნდი?
- ბრაზილია, არგენტინა და გერმანია მუდამ ფავორიტები არიან. იტალიას ამ სიაში ახლა არ ვწერ, რადგან ამ ნაკრებს ახლა იმ კალიბრის და ხარისხის გუნდი არ ჰყავს, როგორიც ადრე ჰყავდა ხოლმე. თუმცა იტალიელები მაინც იტალიელები არიან და მათ ვერასდროს ჩამოწერ.

ზვონიმირ ბობანი
დაიბადა: 1968 წ. იმოტსკი (იუგოსლავია)
კარიერა: 1985-91 - ზაგრების "დინამო"; 1991-2002 - მილანი; 1991-92 - ბარი (იჯარა); 2001-02 - სელტა (იჯარა).
იუგოსლავიის ნაკრები: 7 თამაში, 1 გოლი
ხორვატიის ნაკრები: 51 თამაში, 12 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული