ლიპი: 4-მილიონიან ხორვატიაში უფრო მოძებნი ფეხბურთელს, ვიდრე მილიარდიან ჩინეთში

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარჩელო ლიპი წარადგინეს. ლეგენდარული მწვრთნელი 68 წლისაა და ბოლო 4-5 წელია ჩინეთში მოღვაწეობს - ჯერ "გუანჯოუ ევერგრანდის" მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ კი დირექტორთა საბჭოში მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ფეხბურთში უდიდესი თანხები ტრიალებს და იქაურ ეროვნულ ჩემპიონატში სულ უფრო მეტი ევროპელი და სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი ჩაჰყავთ, ქვეყნის ეროვნული ნაკრები ვერ ვითარდება და შედეგებიც არასახარბიელოა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჩინეთის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია. ჩინეთს
4 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ 1 ქულა აღებული.

მოკლედ, მარჩელო ლიპი დიდი გამოწვევის წინაშეა - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მაესტრომ ჩინელებს ფეხბურთის თამაში უნდა ასწავლოს. ქვემოთ, ლიპის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით, რომელიც იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა.

- რატომ ვერ თამაშობენ ჩინელები ფეხბურთს?
- ჩინელები თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ შედეგები არ არის სახარბიელო. ფეხბურთი თითქოს, მარტივი სპორტია, მაგრამ ის მაინც ბევრი ნიუანსისგან შედგება და არატრადიციულ საფეხბურთო ქვეყნებს ამ წვრილმანების გაგება უჭირთ. ჩინელებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი და ძალას არ დავიშურებ, რომ ამ პროგრესს ერთად მივაღწიოთ.

- დიდ ხანს იფიქრეთ, სანამ ჩინეთის ნაკრების გაძღოლას დათანხმდებოდით?
- ჩინური ფეხბურთი კარგად ვიცი, რადგან წლების განმავლობაში "გუანჯოუ ევერგრანდში" ვმუშაობდი. ჩინეთში თავს კომფორტულად ვგრძნობ და მათ სჭირდებოდათ გამოცდილი მწვრთნელი, რომლისთვისაც ჩინური ფეხბურთი უცხო არ იქნებოდა. ინტერესთა თანხვედრა მოხდა და შესაბამისად, დიდ ხანს არ მიფიქრია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის ნაკრებს შეუძლია იმაზე გაცილებით უკეთ თამაში, ვიდრე დღეს თამაშობს.

- წესით, ადვილი უნდა იყოს 11 ფეხბურთელის მოძებნა ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა მილიარდს აჭარბებს...
- ამ ეტაპზე, 4-მილიონიან ხორვატიაში გაცილებით უფრო მარტივია მაღალი დონის ფეხბურთელების მოძებნა, ვიდრე მილიარდიან ჩინეთში. ჩემი მიზანია, რომ ყველა საინტერესო ფეხბურთელი თვალთახედვის არეში მყავდეს და ეროვნულ გუნდში ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარო თავი. იყო დრო, როდესაც სამხრეთ კორეის და იაპონიის ნაკრებები აზიაშიც კი აუტსაიდერებად ითვლებოდნენ, თუმცა დრომ ბევრი რამე შეცვალა. ვფიქრობ, ჩინეთს შეუძლია იგივე გზის გავლა, რადგან აქ ფეხბურთი უყვართ და აქ ფეხბურთს დიდი ყურადღება ეთმობა.

- ამაზე ისიც მოწმობს, რომ ჩინეთის ჩემპიონატის მატჩებზე სტადიონები ყოველთვის სავსეა გულშემატკივრებით...
- ადვილია 40 ათასიანი ტევადობის სტადიონის გავსება, როდესაც ქალაქში 20 მილიონი მოსახლეა, მაგრამ ზოგადად, ჩინეთში ფეხბურთი უყვართ და აინტერესებთ.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარჩელო ლიპიმ იტალიურ ფეხბურთში მოღვაწეობა დაასრულა?
- იტალიაში შესაძლოა, დავბრუნდე, როგორც საფეხბურთო ექსპერტი, ან ტელევიზიის კომენტატორი, თუ ანალიტიკოსი, მაგრამ მწვრთნელობას აღარ ვაპირებ. მალე 70 წლის გავხდები და კლუბში მუშაობა აღარ მიზიდავს. იტალიის ეროვნულ ნაკრებს 4 წელი ვედექი სათავეში და ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის გვირგვინია. ბედნიერი ვარ, რომ 2006 წელს, უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ.

- მიგაჩნიათ, რომ 2008 წელს, იტალიის ნაკრებში დაბრუნება შეცდომა იყო?
- 2010 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩავრჩით და ბუნებრივია, რომ ამ გადმოსახედიდან, ეს შეცდომა იყო. წინასწარ რომ მცოდნოდა, რა გველოდა წინ, რა თქმა უნდა, ფედერკალჩოს წინადადებაზე უარს ვიტყოდი. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია, რადგან მჯეროდა, რომ ჩვენ კიდევ შეგვეძლო მუნდიალის მოგება და ამ გზაზე, ძალა არ დამიზოგავს.

- რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც ის ფიასკო გამოიწვია?
- ერთი კონკრეტული მიზეზის გამოყოფა შეუძლებელია, პრობლემები კი კომპლექსური იყო. 2006 წლის გუნდისგან განსხვავებით, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სისწრაფეზე, მობილურობაზე, პრესინგზე, ძალაზე, მაგრამ ამან არ იმუშავა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებს უბრალოდ არ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ კიდევ ერთი ტურნირი, უმაღლეს დონეზე ეთამაშათ. ეს იყო ჩემი შეცდომა, რადგან არასწორი სტრატეგია შევარჩიე.

- დღეს, იტალიის ნაკრებს ჯამპიერო ვენტურა წვრთნის. რას ელით ამ გუნდისგან?
- ვენტურას გუნდს კარგი შედეგები აქვს. მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ვაღიაროთ, რომ თამაშის მიხედვით, ევრო 2016-თან შედარებით "სკუადრა აძურამ" ნაბიჯი უკან გადადგა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ახალ მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება, რომ ფეხბურთელებამდე თავისი ხედვები მიიტანოს. ვენტურა მაღალი დონის სპეციალისტია და მის ხელსი ნაკრებს კარგი მომავალი აქვს.

- გსურთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიას შეხვდეთ?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად რთული გზა გვაქვს გასავლელი და ჯერჯერობით, სატურნირო ვითარება კარგს არაფერს გვიქადის. ჯგუფში საუკეთესო სამეულში უნდა მოვხვდეთ, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, ამ ეტაპზე კი ბოლო, მეექვსე ადგილი გვიკავია. რა თქმა უნდა, მუნდიალზე თამაში ჩემი უპირველესი მიზანი და სურვილია, იქ კი ნებისმიერ გუნდთან სიამოვნებით ვითამაშებთ, მათ შორის იტალიასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წესები მარტივიაო? პირიქით, გართულებულია. ურთიერთგამომრიცხავი და ალოგიკურია. ძალიან ბევრი უაზრო
პაუზებით. გოლების აბორტი რა ჯანდაბაა. ლგბდ ბარათები რა ოხრობაა. შეცვლის წესი რა უბედურებაა, კალათბურთის მესვეურები
რა ვერ ხვდებიან ფეხბურთის წესზე,
რომ გადმოვიდნენ. ხელით, რომ
აუტიდან აწოდებენ აბორტის წესი
არ მუშაობს, ხელით თამაშს რატომ
აქვს პრივილეგია.არ ესმით ეს ჩინელებს თურმე. ამ აბდაუბდა წესების ბრალია ბევრი საფეხბურთო
პრობლემა, ჩვენი განსაკუთრებით.
ვეტერანი
20:17 30-10-2016
0
მართალია ეს კაცი.მსოფლიო ფეხბურთს 2 გრანდი ჰყავს ბარსა და რეალი.მათი გამთამაშებლები კი(გუნდის დირიჟორები) ხორვატები არიან,რაკიტიჩი და მოდრიჩი.
Zaza
01:03 31-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული