ლუიშ ნანი: ბრძოლას ბავშვობიდან მივეჩვიე

AutoSharing Option
ლუიშ ნანი პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამოცდილი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მან კარიერაში უკვე არაერთი კლუბი გამოიცვალა და წლებია, მაღალ დონეზე თამაშობს, ჯერ მხოლოდ 29 წლისაა.

მართალია, ნანიმ შესაძლოა თავიდან გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა, რაშიც დამნაშავე მისი პრობლემური ახალგაზრდული წლები, ცოტათი რთული ხასიათი და ტრავმებია, მაგრამ იგი მაინც მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელსაც გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ლუიშ ნანი ევრო 2016-ზეც ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლ
დათ. ახლა ესპანურ "ვალენსიაში" ნანის ახალი თავგადასავლი დაიწყო, მისი კარიერის პრიმერადივიზონული ეტაპი და "ღამურებს" იმედი აქვთ, რომ უფრო დაღვინებული ფეხბურთელი იმ თამაშს აჩვენებს, რომლის ჩვენებაც მას შეუძლია და "მესტალიაზე" თავის პოტენციალს გამოავლენს. თავად ლუიშის განწყობაც ოპტიმისტურია.

- თქვენ უამრავი ტიტული გაქვთ მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. თუმცა იყო თუ არა ევროპის ჩემპიონატის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული კრიერაში?
- დიახ, ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ტიტული ნაკრებთან ერთად მოვიგე და ის განსაკუთრებულია. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ძალიან ვამაყობ, რომ ნაკრებს წარმოვადგენდი და ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. სიხარული და ბედნიერება, რომელიც ამან მოიტანა დიდებული გახლდათ და ფანებთან ერთად ბრწყინვალედ ვიზეიმეთ. მთელი ქვეყანა ამაყობს გუნდით, ჩვენ გვინდოდა, რომ ხალხისთვის სიამაყის საფუძველი მიგვეცა და ეს გამოგვივიდა.

- როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს იგებ, ალბათ განვლილ კარიერაზე გეფიქრება და იმ ყველაფერზე რაც აქამდე გამოიარეთ…
- ყოველთვის ბევრი ბრძოლა მიწევდა. ბავშვობიდან ასეთი რთული გზის გამოვლა მიწევდა და მივეჩვიე იმისთვის ბრძოლას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთშიც ყოველთვის ძალიან ბევრი ბრძოლა მჭირდებოდა იმისთვის რომ დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. ყოველთვის მჯეროდა, რომ რაც მიზნად მქონდა, იმის მიღწევა შემეძლო. ამჟამად, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, რადგან მხოლოდ მე ვიცი რამდენი შრომა დამჭირდა ამისთვის და რამდენი გამოვიარე. მაგალითად, ჩემ შვილს მინდა ვაჩვენო სად ვიყავი, სად დავიწყე, სად ვთამაშობდი და რამდენი ბრძოლა დამჭირდა. მინდა მას ვაჩვენო, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ახლა მას შეიძლება მოეჩვენოს. მინდა ის კარგ ადამიანად ავღზარდო, რომელიც თავის მიზნებს დაისახავს და მომავალში მიაღწევს კიდეც და წარმატებული გახდება.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი განვლილი გზა სამაგალითოდ შეიძლება გამოადგეთ იმ ბავშვებს, რომლებსაც მსგავსი სიტუაცია აქვთ?
- დიახ, მჯერა, რომ ჩემს წარსულს შეუძლია მათ ბევრი ასწავლოს. მათ შეუძლიათ გაიაზრონ, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩემნაირად იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სსირთულე გვხვდება და მძიმე პერიოდების გამოვლა გვიწევს, ბრძოლა და ბედნიერების ძიება ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ. ოცნებები არ უნდა დავივიწყოთ და უნდა ვიბრძოლოთ მათთვის, რომ ბოლოს ყველაფრი კარგად დასრულდეს. ბრძოლის შემთხვევაში კარგი ამბები მოხდება კიდეც. თქმაც არ უნდა იმას, რომ ფეხბურთმა ბევრ სირთულეს ამარიდა და სწორ გზაზე დამაყენა, როდესაც პატარა ვიყავი. იმის თქმას არ ვაპირებ, რომ შეცდომა არ დამიშვია და არასწორი არაფერი გამიკეთებია. ასეთი შემთხვევები იყო და ეს ნორმალური გახლდათ იმ გარემოსთვის, სადაც ვიზრდებოდი. გარემოცვაც შესაბამისი გახლდათ, მაგრამ ეს ყველაფერი სწორ გზაზე დადგომაში დამეხმარა, ასეთი სიტუაციები შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. მთავარი ის იყო, რომ როდესაც საქმე ფეხბურთის თამაშს ეხებოდა, სხვა ყველაფერს გვერდზე ვდებდი და მხოლოდ ფეხბურთით მიტრიალებდა თავში. აი, ასე ავერიდე ცუდ რაღაცებს.

- საფრანგეთთან ევროპის ჩმეპიონატის ფინალში პორტუგალიამ დასაწყისშივე დაკარგა კრიშტიანო რონალდო და კაპიტანი თქვენ გახდით, ლიდერობა იტვირთეთ. რამ გაგიელვათ თავში, როდესაც კაპიტნის სამკლავური გაიკეთეთ?
- ეს სევდიანი და სამწუხარო მომენტი გახლდათ, რადგან იგი ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ფეხბურთელი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა ნაკრებისთვის და ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. შესაბამისად, როდესაც ის დაშავდა და მითხრა, თამაშს ვეღარ ვაგრძელებო, ძალიან დავმწუხრდი. ფინალში გასვლა და თამაში ყველასთვის განსაკუთრებული რამ გახლდათ, პირველ რიგში, მისთვის და ეს ტრავმა ყველასთვის ძალიან სამწუხარო იყო, მე მას ვუთხარი, რომ არ დავაღალატებდით, პირადად მე და ყველანი ყველაფერს გავაკეთებდით მოგებისთვის, რადგან ჩვენ ამას ვიმსახურებდით. რონალდოს ტრავმა გარკვეულწილად დაგვეხმარა კიდეც, რაგან ჩვენი მენტალური მდგომარეობა შეიცვალა და ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ და, რაც შინაგანად დაგროვილი გვქონდა, ამოვუშვით. და გამოვიდა ისე, რომ გუნდი, რომელსაც გზად ამდენი პრობლემა შეექმნა, ჩემპიონი გახდა.

- მოგვიანებით კი რონალდომ თქვენ მოგებული ვერცხლის ბუცი გადმოგცათ…...
- ჩვენ თანაბარი რაოდენობის გოლი გავიტანეთ და ჯილდო მან მთლიანად მე დამითმო, ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გახლდათ. ეს მისი მხრიდან შესანიშნავი ჟესტი გახლდათ, რომელმაც ჩემზე ემოციურად იმოქმედა. მან მითხრა: "მე ამას გაძლევ იმ ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის გააკეთე და მოგებაში ძალიან დაგვეხმარე".

- ამ სეზონში კი ლა ლიგაში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ითამაშებთ...…
- მე შევამოწმე, როდის გვიწევს პირველი დაპირისპირება და ეს მალე იქნება (18 დეკემბერს). ამაზე კრიშტიანოსთან ჯერ არ მილაპარაკია. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, რადგან მადრიდის "რეალი" ძალიან ძლიერი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა ეს იქნება მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო შეხედავს და ჩვენ ამ შეხვედრის მოგება გვენდომება.

- თქვენ "ვალენსიას" ახალწვეული ხართ, კლუბის, რომელიც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია...
- მე ძალიან მინდოდა ესპანეთში თამაში და ეს შანსი ძალიან კარგ დროს მივიღე ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. ვფიქრობ, გუნდს შემიძლია დავეხმარო მტკიცე ხასიათითა და შემართული თამაშით. მინდა "ვალენსიას" მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. სეზონი მძიმედ დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვითარება რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ.

- დავუბრუნდეთ სანაკრებო თემას. მიგაჩნიათ, რომ ამიერიდან პორტუგალიას უფრო დიდი პატივისცემითა და რიდით შეხედავენ მეტოქეები?
- ალბათ, მათი მხრიდან ეს ჭკვიაური იქნება, არა? (იცინის). თუმცა თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, არც ამაში იქნება პრობლემა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენ იგივე შემართებით გავაგრძელებთ და, როგორც ყოველთვის, შევეცდებით, სიამოვნება მივიღოთ საკუთარი ფეხბურთით. ევრო 2016-ის მოგების მერე, კიდევ უფრო თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რაც შეგვიძლია.

- ხომ არ ფიქრობთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასაც?
- რასაკვირველია. მუნდიალის მოგება ახლა ჩვენი მთავარი მიზანია. როდესაც გამარჯვებებს აღწევ და თან ევროპის ჩმეპიონატს ტრიუმფით დაასრულებ, ეს შემართება და განწყობა ვერ შეგეცვლება, ასევე გაგრძელება და კიდევ უფრო მეტი გინდა. რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ ყოველთვის გაიმარჯვებ, მაგრამ შემართება და განწყობა იგივენაირი რჩება. ფეხბურთი ოცნებების თამაშია და ჩვენ ოცნებას გავაგრძელებთ და, რა თქმა უნდა, შრომას, რომ ამ ოცნების ახდენა უფრო რეალური იყოს.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალია საფეხბურთო სამყაროში რაც შეიძლება, დიდ სიმაღლეზე ავიყვანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული