ყველაზე დიდი ანაზღაურება ესეკიელ ლავეცის აქვს - არგენტინელ ფორვარდს, რომელიც შეიძლება ბევრს დაავიწყდა კიდეც. თებერვალში ლავეციმ დატოვა საფრანგეთის ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" და გადავიდა ჩინეთში, იქაური ლიგის საშუალო კლუბ "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში". ის თითქმის 2,3 მილიო ევროს იღებს თვეში. მთლიანობაში კონტრაქტი 23 თვიანია. ამ დროის განმავლობაში
"შემეძლო "ინტერში", "ჩელსიში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, მაგრამ მე ჩინეთი ავირჩიე. ევროპაში დარჩენა ძალიან ადვილი იქნებოდა, მე კი ამ კლუბის გეგმებმა და ამბიციურმა პროექტმა მომხიბლა. არ მოვიტყუები, მნიშვნელოვანი იყო ფინანსური საკითხიც", - თქვა ლავეციმ.
ლავეცის მთელ ხელფასს უხდის კომპანია, რომელმაც ჩინური კლუბის აქციები ერთი წლის წინ შეიძინა. მაშინ ეს გუნდი ჯერ კიდევ ჩინეთის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. არგენტინელი ვერ მოიწყენს. რამდენიმე თვის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გახდა. მის პარტნიორებს შორის არიან ჟერვინიო და გაელ კაკუტა.
ლავეცი ცხოვრობს ცინხუანდაოში. პეკინთან ახლოს მდებარე პატარა, კომფორტულ ქალაქში. ეს ქალაქი ჩინეთის დედაქალაქთან 300 კილომეტრით არის დაშორებული. სწორედ აქ ცდიან ახალ ავტობუსებს, რომლებიც, დრო რომ მოვა, უპრობლემოდ გაირბენენ მანქანებს შორის და თავს აარიდებენ ნებისმიერ საცობს.
ჩინეთის ჩემპიონატის ათ შეხვედრაში ლავეციმ მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ რა მოსაწყენიც უნდა იყოს მისი ჩინური სტატისტიკა, არგენტინელ ვარსკვლავს გული ევროპისაკენ მაინც არ მოუწევს.
"პერიოდულად ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ. არ მომწონს ხალხი, რომელიც დღეს არის ფეხბურთში. ბევრი მათგანი სხვადასხვა ინტერესებს ლობირებს. ზუსტად ვიცი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ დავრჩები", - ამბობს ლავეცი.
განსაკუთრებით არ მოსწონს ლავეცის საფრანგეთში გატარებული პერიოდი.
"საფრანგეთის ჩემპიონატი არ მომწონდა. ამ ჩემპიონატში მე ვგრძნობდი მოტივაციის დიდ ნაკლებობას. ამიტომ დავკარგე ადგილი გუნდის ძირითადში. იტალიაში ყველაფერი სხვანაირად არის. იქ სეზონში რვა დიდი მატჩი მაინც არის. საფრანგეთში კი ასეთი მხოლოდ ორია", - ესეც ესეკიელის სიტყვებია.
არგენტინის მთავარი მასხარა
ლავეცი დიდი მასხარაა. მისთვის არავისთან ხუმრობა, არავის დაცინვაა პრობლემა. პიკი 2014 წლის მუნდიალის მატჩში დადგა. არგენტინა 3:2-ს ამარცხებდა ნიგერიას. "ალბისელესტეს" დამრიგებელი ალეხანდრო საბელია ძალიან ხმამაღლა აძლევდა შეგირდებს დავალებებს. ამ დროს მახილგონიერმა ლავეციმ მწვრთნელს... ცივი წყალი გადაასხხა.ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საბელია საერთოდ არ გაბრაზებულა. მან ჩვეულებრივად მიიღო მომხდარი და ყვირილი გააგრძელა.
"მწვრთნელი ჩემგან მიჩვეულია ასეთ რამეებს. ის ძალიან ნერვიულობდა და მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია გამენეიტრალებინა. ის საერთოდ არ გაბრაზებულა", - თქვა მოგვიანებით ლავეციმ.
ესეკიელი ალბათ ერთადერთი ადამიანია, ვინც ცხვირზე გაეთამაშა ზლატანს და მისგან სამაგიერო არ მიიღო.
ერთხელ ვატიკანში ლავეცი პაპის სავარძელში ჩაჯდა. ყველამ დაუყვირა ფორვარდს, ასე არ შეიძლება, ეს ყველა კანონის დარღვევააო, მაგრამ პაპმა თქვა, ყველაფერი წესრიგშიაო.
ლავეცი და ტატუ
2014 წელს ლავეცი არგენტინული მედიის მთავარი ვარსკვლავი იყო ლიონელ მესის შემდეგ. ეს ერთმა ეპიზოდმა განაპირობა. ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას ესეკიელი შეცვლაზე შედიოდა. მან სავარჯიშო ფორმა გაიხადა და სათამაშო უნდა ჩაეცვა. სწორედ მაშინ მოხვდა კადრში მისი მრავალრიცხოვანი ტატუ. ამან სოციალური ქსელი ააფეთქა.ლავეცის თვრამეტზე მეტი ტატუ აქვს. თქვენ მის სხეულზე შეხვდებით რევოლვერს, მარადონას, "როსარიო სენტრალის" ემბლემას, ხუთ ჩინურ ნიშანს, შვილის და დედის სახელებს...
ზედმეტსახელი ძაღლის საპატივცემულოდ
ყველაზე ხშირად ლავეცის პოჩოს ეძახიან. "ბავშვობაში მყავდა ლეკვი პოჩო. როცა ის მოკვდა, ძმა მის სახელს მეძახდა. დამრჩა და დამრჩა ეს ზედმეტსახელი", - გაიხსენა ლავეციმ.ქველმოქმედი
2009 წელს ლავეციმ მშობლიურ ვილია-გოვერნადორ გალვესში საქველმოქმედო პროექტი, "სამხრეთის ბავშვები" აამოქმედა. მისი მიზანია იმ ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ბავშვების დახმარება, რომლებიც განსაკუთრებით ღარიბი ოჯახებიდან არიან. ბავშვებს უფასოდ აჭმევენ და აბამენ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში. არის სხვადასხვა სექციები, რათა მოზარდმა ამა თუ იმ სფეროში ცოდნა გაიღრმავოს.
კინაღამ ელექტრიკოსი გახდა
ლავეცი სიღარიბეში გაიზარდა. დედა დამლაგებლად მუშაობდა, მამა კი მაშინ წავიდა ოჯახიდან, როცა მომავალი ვარსკვლავი ორი წლის იყო. "მე დედამ გამზარდა. ხანდახან პურის მეტი არაფერი გვქონდა, მაგრამ მე იმ პერიოდზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - ეს იყო ბედნიერი ბავშვობა", - გაიხსენა ესეკიელმა.
დიდი ფულის შოვნის იმედი ლავეცის პირველად 15 წლის ასაკში გაუჩნდა. მაშინ ის აგენტმა იტალიურ "პესკარაში" წაიყვანა, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ლავეცის ევროპაში დიდხანს დარჩენა არ გამოუვიდა. შინ დაბრუნებულს კი დედამ არაერთი ლექცია წაუკითხა იმის თაობაზე, რომ დროა, ნორმალური სამსახური ეძებოს.
მთელ ოჯახში ესეკიელის საფეხბურთო ნიჭის მხოლოდ ძმას, დიეგოს სჯეროდა. ის ამტკიცებდა, რომ თუ ერთხელ არ გამოდის რამე, კიდევ უნდა სცადო. ლავეცი "ბოკაში" მივიდა გასინჯვაზე.
"სამი თვე გავატარე ბუენოს აირესში და მწვრთნელთან კონფლიქტის გამო შინ დავბრუნდი", - ეს ლავეცის სიტყვებია.
"ბოკას" მწვრთნელები ლავეციში კლასიკურ რვა ნომერს ხედავდნენ, ესეკიელს კი თავდასხმაში თამაში სურდა. ის მზად იყო, საერთოდ მიეტოვებინა ფეხბურთი, თუ მისი ოცნება არ ახდებოდა.
მომავალი სამი თვის განმავლობაში ლავეცის საერთოდ არ უთამაშია ფეხბურთი. ის ელექტრიკოსის პროფესიას ეუფლებოდა და სტაჟიორადაც იმუშავა. ასე ის მცირედით მაინც შეძლებდა ოჯახის დახმარებას.
"ზუსტად მაშინ დამირეკეს "ესტუდიანტესიდან" და კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. მაგრად გამიმართლა", - იტყვის ლავეცი მოგვიანებით.
მარიხუანა და ნაკრები
ლავეციმ მესი ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო არგენტინის იუნიორთა ნაკრებში. ამის მერე ისინი მეგობრობენ. იმდენად ახლოს, რომ ჟურნალისტებმა მესი ესეკიელის პროტექციაშიც კი დაადანაშაულეს. ამბობენ, რომ თქვენ არგენტინის ნაკრებში მესისთან მეგობრობის გამო გეძახიან - უთხრეს ლავეცის აეროპორტში."ვიცი, რომ ჩინეთში გადასვლა რისკს შეიცავდა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა მითხრეს, რომ უკეთესია ჩინეთში ვითამაშო, ვიდრე საფრანგეთში სკამზე ვიჯდე", - იყო პასუხი.
ესეკიელის პრობლემები ჟურნალისტებთან ამით არ დასრულებულა. ნოემბერში ლავეცი დაადანაშაულეს იმაში, რომ არგენტინის ნაკრების ბანაკში მყოფი მარიხუანას ეწეოდა. მესის თამადობით არგენტინის ნაკრებმა მასმედიას ბოიკოტი გამოუცხადა.
რადიო "მიტრეს" ჟურნალისტი, გაბრიელ ანელიო მტკიცედ იდგა თავის სიტყვებზე.
"მე ვარ ჟურნალისტი და არა მეგობარი. არ მინდა, კარგი, ან ცუდი ვიყო ფეხბურთელებისთვის და ჩინოსნებისთვის. აკრძალულ ნივთიერებას როცა იყენებ, ეს მხოლოდ შენი პირადი საქმე ვერაფრით იქნება. სახლში მან რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ ეს ნაკრებია - ჩვენი სამუშაო ზონა", - თქვა ჟურნალისტმა.
ლავეცის საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი. ძალიან კი გაუჭირდებოდა, რადგან ერთი წლის წინ მან თქვა:
"რთულია ცხოვრება, როცა ყველა გცნობს. ამიტომ არ მინდა, მქონდეს იმხელა პოპულარობა, რამხელაც მესის აქვს. მე ჩრდილში ყოფნა მირჩევნია".
ალბათ, ამიტომ მოსწონს ჩინეთში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"