გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაგოსას" ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. პაპუნაშვილმა გიორგი ბრეგაძის შემდეგი კითხვა მოიწონა:

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გილოცავ "სარაგოსაში" გადასვლას და წარმატებებს გისურვებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, ეს შენი უკვე მეორე ცდაა, ითამაშო ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პირველი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგიძლია თქვა, რატომ ვერ მოახერხე თავის წარმოჩენა გერმანიაში?
- დიდი მადლობა. პირველ რიგში, გამოცდილების გამო. "ვერდერმა" ძალიან ბევრი რამ
მომცა, განვითარებაში დამეხმარა. ბევრი ნიუანსი ერთმანეთს დაემატა: ტრავმები, ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ ეს უკე წარსულია. ვერ მოვახერხე გერმანულ კლუბში თავის წარმოჩენა და ადგილის დაკვიდრება...

მკითხველი:
-
"დინამოში" ჩატარებულმა ბოლო ორმა მატჩმა ძველი გიორგი პაპუნაშვილი დაგვანახა, რომელსაც ყველა ელოდა და ძალიან ბევრი სტადიონზე მის სანახავად დადიოდა. სხვა შეხვედრებში კი თითქოს შებოჭილი თამაშობდი, ნაკლებად იღებდი თამაშს საკუთარ თავზე, რაც საკმაოდ კარგად გამოგდის. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის რწმენა დაკარგე გერმანიის შემდეგ თუ რა მოხდა?
- მერწმუნეთ, ამის შემდეგ სულ ასე იქნება. რა თქმა უნდა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნება რთული იყო და გამიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

მკითხველი:
-
როდესაც გაიგე, რომ შენით "სარაგოსა" იყო დაინტერესებული (და არამარტო), ალბათ, ბევრი იფიქრე, სად წასულიყავი. ვინ დაგეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც, ჩემი აზრით, მართებულია?
- ოჯახის წევრები და მეგობრები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მე მივიღე.

მკითხველი:
-
შენ იმ თაობის ბიჭებს მიეკუთვნები, რომლებმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საკმაო წარმატებას მიაღწიეს. მას შემდეგ კი, მიუხედავად რიგი გამონათებებისა, თქვენი კარიერა, ყველასი ერთად, საერთო ჯამში, ისე ვერ განვითარდა, როგორც ამას გულშემატკივარი ისურვებდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ, მაგრამ მაინც, რა არის ამის მიზეზი? ჩემპიონატის დაბალი დონე, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ცხოვრების წესი, არაევროკავშირელობა? თუ ყველაფერი ერთად? შენი აზრით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რა არის?
- მე ვერ ვიტყოდი, რომ ვერ განვითარდა. გადახედეთ, ჩვენი თაობის ფეხბურთელთა უმრავლესობა უცხოურ კლუბებში თამაშობს, ეს კი, ჩემი აზრით, წარმატებაა.

მკითხველი:
-
ისეთ გუნდში გადახვედი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ასპარეზობენ და მათგან ყველას აქვს ჯანსაღი პრეტენზია ძირითადში მოხვედრის. როგორ წარმოგიდგენია შენი როლი "სარაგოსაში" და რას ელი შენი ესპანური კარიერისგან?
- ძალინ წარმატებული კარიერის მოლოდინში ვარ, ეს ყველაფერი კი დიდ შრომას საჭიროებს, რისთვისაც მზად ვარ.

მკითხველი:
-
არსებობს თუ არა ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ერთ გუნდში თამაშს ისურვებდი და რატომ?
- კი, ლეო მესისთან ერთად. ის საუკეთესოა!

მკითხველი:
-
მას შემდეგ, რაც გიორგი აბურჯანიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "ხიმნასტიკში", ასევე ნორმალურად ათამაშდა კაკაბაძე, ალბათ, შენც გაქვს იმედი, რომ ესპანეთში გუნდის წარმატებებში შენს წვლილს შეიტან. რას ჰპირდები გულშემატკივარს, რომელსაც შენი წარმატება შენზე არანაკლებ გაუხარდება?
- მათ თავისი პროფესიონალიზმით მართლაც დაიმსახურეს ეს. მე კი გულშემატკივარს მონდომებასა და ყველაფერ კარგს ვპირდები.

მკითხველი:
-
პირველ რიგში, გილოცავ, გიო, ტრანსფერს ესპანეთის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში და წარმატებებს გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: ალბათ, გაქვს ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, ვინც კლუბში ირიცხებიან, განსაკუთრებით კი, გამოვყოფ კანს, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა "ვილიარეალის" ღირსებას და ასევე, გეორგიოს სამარასს, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა "სიტისა" და "სელტიკში". როგორი გრძნობაა და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში?
- ამ ფეხბურთელების გამოცდილება პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მათთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

მკითხველი:
-
მოგესალმებით, გიორგი. რა ემოცია გეუფლებათ 2012 წლის 28 მარტის გახსენებისას, როდესაც თქვენი გოლით დავამარცხეთ ინგლისელები? გმადლობთ.
- ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო.

მკითხველი:
-
გილოცავ, გიო, ახალ კლუბს. იმედი მაქვს, კლუბი შეგმატებს ბევრს და კლუბს ბევრ რამეს შემატებ შენც. თუ გაქვს ნატვრა ფეხბურთთან დაკავშირებით და რა არის ეს ნატვრა?
- ერთ-ერთი ნატვრა, რომელიც ესპანეთში მოხვედრა იყო, უკვე ამიხდა, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული.

მკითხველი:
-
ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენი მოახერხე, რომ ევროპაში ბრუნდები. რა იქნება ამ სეზონში შენი მიზანი?
- ჩემი მიზანი "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში დაბრუნებაა!

მკითხველი:
-
გილოცავ ახალ გუნდში გადასვლას. შენი აზრით, რა არის შენი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები შენს პოზიციაზე და თუ მუშაობ მათ დახვეწაზე? გმადლობ.
- ვმუშაობ. ყოველ ვარჯიშზე ვცდილობ, საკუთარ თავს რამე ახალი შევმატო.

მკითხველი:
-
ძალიან კარგი ტრანსფერია, გიო, გისურვებ წარმატებებს. მოგცა თუ არა თბილისის "დინამოში" დაბრუნებამ ის საჭირო თვისებები, რომლებიც დაგაკლდა "ვერდერში" თავის დასამკვიდრებლად?
- არ მგონია, რომ რაიმე დამაკლდა გერმანიაში. იქ თავი სხვა პრობლემებმა იჩინა.

მკითხველი:
-
ყველაზე მეტად რაზე დაგწყდა გული "დინამოდან" წასვლისას?
- ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. "დინამო" ჩემი სახლი იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. მადლობა თქვენ ამ 7 წლისთვის.

მკითხველი:
-
შენ მიერ გატანილი გოლებიდან რომელს მიიჩნევ საუკეთესოდ?
- ინგლისის ნაკრების კარში გატანილ გოლს.

მკითხველი:
-
"დინამოში" დაბრუნდები ოდესმე?
- დიდი იმედი მაქვს, რომ კი.

მკითხველი:
-
როგორ ფიქრობ, უახლოეს ხანში "სარაგოსას" ლიდერად ჩამოყალიბებას შეძლებ?
- ამაზე საუბარი არც ღირს. რა თქმა უნდა, შევძლებ!

მკითხველი:
-
როგორ ფიქრობ, კარგი ფეხბურთის სათამაშოდ რა თვისება სჭირდება სპორტსმენს?
- ბევრი თვისებაა საჭირო. განსაკუთრებით კი, მონდომება, შრომა, ნიჭი...

მკითხველი:
-
გიო, ერთი არასასიამოვნო ფაქტის გახსენება მინდა: მომენტი, როცა "დინამოს" კაპიტნის სამკლავური მოიხსენი. რა მოხდა მაშინ? რამ გაგანაწყენა?
- მაშინვე მოვიხადე ბოდიში. ეს არასწორი და არასასიამოვნო საქციელი იყო. ახლა ამ ამბის გახსენება არ ღირს. გაუცნობიერებლად არასწორად მოვიქეცი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული