ამასთან, ყიფიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს გადასცემს.
მკითხველი:
- გამარჯობა. მახსოვს პერიოდი, როდესაც წარმატებით გამოდიოდით იმ დროს საკმაოდ ძლიერ "ვიტ ჯორჯიაში". გუნდი დაკომპლექტებული იყო ძლიერი ფეხბურთელებით და თქვენი თამაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მიუხედავად ამისა, ალბათ, ახალგაზრდობის იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებით, გექნებათ საკუთარ თავთან გარკვეული შენიშვნები, რამაც თქვენს პროფესიულ დაღვინებას, რაღაც კუთხით, ხელი შეუშალა. ამის გათვალისწინებით, თუ ესაუბრებით ნაკრების
- დიდი მადლობა შეკითხვისთვის. "ვიტ ჯორჯია" მაშინ მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო. გარკვეული პერიოდი გუნდის კაპიტანი ვიყავი და ალბათ, ლიდერიც.
საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. იმ პერიოდში დავუშვი ისეთი შეცდომები, რომელიც 19 წლის ფეხბურთელმა არ უნდა დაუშვას. იმ ასაკში საბერძნეთში სათამაშოთ წავედი, რაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, დიდ შეცდომად მიმაჩნია, რადგან მზად არ ვიყავი იქ სათამაშოდ. არადა, ისეთი კლუბები მიწვევდნენ, როგორებიც თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" არიან. სჯობდა, რაღაც პერიოდი ამ კლუბებიდან რომელიმეში მეთამაშა და შემდეგ წავსულიყავი უცხოეთში, უფრო მომზადებული ვიქნებოდი.
ფეხბურთელებთან მენტალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ. სამწვრთნელო შტაბი გახსნილი ვართ და ფეხბურთელებთან სულ გვაქვს საუბარი. ვცდილობთ, იგივე შეცდომები არ დავაშვებინოთ, რაც ოდესღაც თავად დავუშვით.
მკითხველი:
- მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის გააკეთეთ. ადვილი არაა ქართველი ფეხბურთელის სათანადოდ მოტივაცია. თქვენი აზრით, შეძლებს ამ ბიჭების გარკვეული ნაწილი ქართული სენის დამარცხებას? ქართულ სენში ნიჭის გაფუჭებას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს რაღაც აკლდებათ და რა არის საჭირო ამის თავიდან ასაცილებლად?
- ჩემი აზრით, იმ ფეხბურთელებს, ვისთანაც ამ ორ წელიწადში მოგვიწია მუშაობა, აქვთ პოტენციალი იმის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ. მათ გააჩნიათ უნარი გუნდურად თამაშის და ამით ქართული ფეხბურთის წინ წაწევა შეუძლიათ.
ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ნუ დაველოდებით, ვინ რას გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის. ვალდებულნი ვართ, ამ განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მათში უდიდესი მონდომება, ერთმანეთის თანადგომა, პატრიოტიზმი დავინახე, ეს კი მაფიქრებინებს, რომ აუცილებლად წარმატებულები იქნებიან.
რაც შეეხება ცუდ სენს, ანუ იმას, თუ რამ შეიძლება მათ განვითარებას ხელი შეუშალოს, ეს კლუბებში სტაბილური გარემოა. სტაბილურ გარემოში აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, მათ შორის, სათამაშო პრაქტიკასაც.
ასევე ვფიქრობ, რომ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს 19-წლამდელთა ლიგას. ამ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი იქ თამაშობს და თუ ჩემპიონატი გაშუქდება, მათი მოტივაცია გაიზრდება.
მკითხველი:
- გამარჯობა! გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის ზოგადი ინტელექტი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საჭირო ინტელექტის არქონაა? ან რა არის იმის მიზეზი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ტოლს არ უდებენ ევროპელ თანატოლებს, მაგრამ მათი შემდგომი განვითარება სათანადოდ აღარ ხდება?
- არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას ჩვენ წინაშე. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ინტელექტით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო.
უბრალოდ, ქართულ ფეხბურთს ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ ატკინეს. მას მერე, რაც დამოუკიდებლები ვართ, ხან სტადიონები ინგრეოდა, ხანაც გარიგებული მატჩები იყო. ერთი კარგი მასიური პროექტი არ განხორციელებულა!
ახალი ეტაპი კი, რომელიც დაწყებულია, მაიმედებს, რომ კარგი მომავალი გვქვს. ფეხბურთელები თავს ფეხბურთელებად გრძნობენ და ითავისებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ნაკრებში თამაშისას აქვთ.
მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, გილოცავთ მიღწეულ შედეგს. მაინტერესებს თქვენი შეფასება ჩვენი ნაკრების გამოსვლის. მე-5 ადგილი, ჩემი აზრით, არის დადებითი შედეგი. როგორ ფიქრობთ, ჩეხეთის ნაკრებს რომ არ ჰქონოდა ფრეზე გასვლის უპირატესობა, შეძლებდა საქართველო ჩეხეთის ნაკრების ჩატოვებას ჯგუფში?
- კი, ვფიქრობ, რომ შევძლებდით. ჩეხეთის ნაკრებს ფრე რომ აწყობდა, დიდი უპირატესობა იყო ეს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არაერთხელ ვნახე მათთან მატჩი და ამაში კიდევ დავრწმუნდი. ფრე რომ გაწყობს, უფრო მშვიდად ხარ...
მიუხედავად ამისა, შეგვეძლო გატანა და მატჩის მოგება. დღევანდელ დღემდე განვიცდი, რომ ნახევარფინალში ვერ გავედით. ჩეხეთის ნაკრებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ის, რაც მოხდა. პირველი ის, რომ ფრე აწყობდათ და მშვიდად იყვნენ. ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა გუნდზე და მოხდა ის, რისიც მეშინოდა: გოლის გატანა რომ გვინდოდა, შეტევებს ვჩქარობდით...
მკითხველი:
- რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მომდევნო ჩემპიონატებზე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ შედეგი და ხარისხიც? ამ ბიჭების უმრავლესობა აღარ იქნება ამ ასაკობრივ გუნდში და საიდან იგეგმება შევსება გუნდის? უცხოეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე თამაშობს ფეხბურთს, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოჩენილან საქართველოს ნაკრებში. თუ ხდება ამ კუთხით მუშაობა?
- იმ გუნდის 5 ფეხბურთელი, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 1999 წელსაა დაბადებული. შესაბამისად, მათ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა შემდეგ წელსაც ექნებათ. გარდა ამისა, კლუბებში დავაკვირდებით ფეხბურთელებს და არსებულ ფეხბურთელებს კიდევ იქიდან დავუმატებთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფეხბურთელებს კლუბებში სტაბილური გარემო სჭირდებათ. მათ სავარჯიშოდ და სათამაშოდ კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში თავის წარმოჩენა მოახერხონ. საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. მართალია, ჯერ ყველაფერი იდეალური ვერ არის, მაგრამ მთავარია, დაიწყო.
რაც შეეხება უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ფეხბურთელს შევთავაზეთ კიდეც, რომ აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო უარი გვითხრეს. უარი გიორგი მელქაძისგან, ნიკა ყიფიანისგან და გიორგი მახათაძისგან მივიღეთ.
მოვიწვიეთ ასევე "რუხის" დუბლებში მოთამაშე საბა ჯიქია. ის უკვე იყო ჩვენთან, რუსეთთან ითამაშა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკით 1 წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, ამ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში ითამაშოს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განაცხადში გვყავდა რუსეთში მოთამაშე ალექსანდრ კახიძე, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს. მასზე ინფორმაცია მეგობრებისგან მივიღეთ, ჩამოვიყვანეთ, დავაკვირდით, მოგვეწონა და ევროპის ჩემპიონატზეც გვყავდა.
ერთი სიტყვით, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავთ ბიჭების ასეთ მონდომებულ თამაშს. თქვენც, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, სამომავლოდ დიდ წარმატებებს გისურვებთ. მაინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ცენტრფორვარდის გარეშე ჩაატარა? ნუთუ ამ ქვეყანაში ერთი ცენტრფორვარდი ვერ მოიძებნა? გულწრფელად მაინტერესებს, რატომ დაიწუნეთ "დინამოს" შემტევი ბექა ქავთარაძე, რომელსაც 16 თამაშში 10 გოლი ჰქონდა გატანილი?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ცენტრფორვარდის გარეშე ვითამაშეთ. მის ფუნქციებს გიორგი კოხრეიძე ასრულებდა და ვფიქრობ, თავი კარგადაც წარმოაჩინა. პორტუგალიასთან მატჩში ტრავმამდე ის მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შვედეთთან გოლიც გაიტანა.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო დიდი არჩევანის საშუალება მექნებოდა, მაგრამ ეს ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობაზეა დამოკიდებული. ახლა კი იმ ორი ფეხბურთელით, რომლებსაც ფორვარდად თამაში ევალებოდა, კმაყოფილი ვარ. საუბარი გიორგი კოხრეიძესა და ვატო არველაძეზე მაქვს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება რომ დავიწყეთ, პირველივე დღიდან ბექა ქავთარაძე ჩვენთან ერთად იყო. ის ყველა შეკრებაზე გვყავდა და ითამაშა კიდეც. ის ძალიან პერსპექტიული ბიჭია, უბრალოდ, ამ პერიოდში გოლი არ ჰქონდა გატანილი. არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალია, გუნდიც დამნაშავეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დრო რომ მოვიდა, ბოლო პერიოდით ვიხელმძღვანელეთ. მესმის, რომ "დინამოს" შემადგენლობაში 19-წლამდელთა ლიგაში ჰქონდა გოლები გატანილი, მაგრამ კოხრეიძე და არველაძე უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ და იქ გაჰქონდათ გოლები, ევროპის ჩემპიონატისთვის კი ეს დიდი გამოცდილებაა.
ბექას მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შემიძლია და იმედი მაქვს, თავისი თამაშით მომავალში თავს არაერთხელ გამოიჩენს.
მკითხველი:
- ხომ არ აპირებთ ნაკრებში სპეციალური შტატის დამატებას? მაგალითად, რეგიონებში საძიებო ფეხბურთელთა მწვრთნელის?
- სფფ-ს აქვს ეს პროექტი. ხდება რეგიონებში ჩასვლა და ფეხბურთელებზე დაკვირვება. თავად მე მწვრთნელებთან კომუნიკაცია სულ მაქვს. პირადად ძალიან ბევრ მატჩზე ჩავდივარ, რომ ვინმე, ვისაც პოტენციალი აქვს, არ გამომრჩეს...
მკითხველი:
- დამეთანხმებით, რომ საფეხბურთო აკადემიების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება საქართველოში და შედეგებიც სახეზეა. ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი აკადემია უნდა იყოს. ვინ უნდა გააკეთოს საფეხბურთო აკადემიები?
- ჩვენ თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა, აკადემიების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კლუბები უნდა მიხვდნენ, რომ მათი მომავალი აკადემიებშია.
ჩვენს ქვეყანაში დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ აკადემიები ერთიანად უნდა ავაშენოთ. სფფ-ს ეს საქმე დაწყებული აქვს და თავისი წვლილი კლუბებმაც უნდა შეიტანონ, რომ ფეხბურთში იმაზე გაცილებით მეტი ბავშვი გვყავდეს, ვიდრე დღესააა. რეგიონებში ამ მხრივ რთული სიტუაციაა და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ ამ პროექტებში.
მკითხველი:
- თქვენ შარშან ესპანეთშიც ათამაშეთ 19-წლამდელები ელიტრაუნდში (97-წლიანები), სადაც განაცხადში სამი 98-წლიანი (ლოჩოშვილი, სამურკასოვი და არაბიძე) გყავდათ. ფაქტობრივად, მათ იმ ბიჭების ადგილი დაიკავეს, რომლებსაც უწევდათ 2016 წლის ელიტრაუნდში თამაში. რა იყო ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ 97-იანებში ნიჭიერი ფეხბურთელი ვერ მოინახა? ამ სამ ბიჭს ხომ ისედაც უწევდა წლევანდელი ევროპა და ამათი გამოცდილების მიღების პრინციპით დაიჩაგრა ის სამი ბავშვი, ვისაც შარშანდელი ელიტრაუნდი უწევდა?
- არდაზიშვილი გამოგრჩათ, ისე კი, როცა სელექციას ვაწარმოებთ და ფეხბურთელებს ვარჩევთ, მიზნად ვინმეს დაჩაგვრა არ გვაქვს დასახული. ნაკრებში ვათამაშებთ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში საუკეთესოდ მიგვაჩნია.
მახსოვს ელიტრაუნდის მატჩები და ისიც მახსოვს, როგორი გამორჩეულები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ახსენეთ. მათ თავიანთი თამაშით ნაკრებში ადგილი დაიმსახურეს!
მკითხველი:
- როგორ მოახერხეთ ასე მოკლე დროში ასეთი მებრძოლი და შეკრული გუნდის შექმნა?
- მარტოს არაფერი გამიკეთებია, ყველამ ერთიანად მოვახერხეთ ეს. ამაში მხოლოდ ჩემი სამწვრთნელო შტაბი არ იყო ჩართული: გვეხმარებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები და ასევე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც! ყველასგან დიდ თანადგომას ვგრძნობდით, მაქსიმალური ჩართულობა იყო და ამ ერთიანი მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ ისეთი დონის ტურნირზე, როგორც ევროპის ჩემპიონატია, წარმატებულად შეგვიძლია ვითამაშოთ. წარმატებულ თამაშში ღირსეულად გამოსვლას ვგულისხმობ.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისინი არიან სწორედ ის თაობა, რომლებმაც თავიანთი თამაშით გულშემატკივარი სტადიონზე უნდა დააბრუნონ. და ბოლო შეხვედრაში, როცა ეს ქნეს, მათ თვალებში სიამაყის გრძნობა დავინახე. მათ ირწმუნეს იმის, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ და სამომავლოდ ეს დიდი მოტივაციაა.
მკითხველი:
- თქვენი აზრით, უნდა თამაშობდნენ თუ არა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები და ეროვნული ერთი სქემით და სათამაშო ტაქტიკით?
- მწვრთნელები ხშირად ვიკრიბებით და ამაზე ვსაუბრობთ. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: როგორი სტილით გვსურს ვითამაშოთ და საერთო მოთხოვნები გვქონდეს. მაგალითად, აზროვნება, სისწრაფე, დრიბლინგი, გუნდური თამაში... თუ ეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოხდება, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში უკვე მომზადებული მივა.
მწვრთნელებს უნდა გვქონდეს თავისუფლება, მაგრამ საფეხბურთო იდეოლოგია საერთო უნდა იყოს.
მკითხველი:
- მოგესალმებით. ხართ თუ არა საქმის კურსში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თქვენი გუნდის რამდენ ფეხბურთელს მოუვიდა შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან? ხომ არ იგეგმება რაიმე კარგი ტრანსფერი უახლოეს მომავალში?
- ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ რამდენიმე მატჩის შემდეგ გამოჩნდა, რომ ევროპაში ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთელები სათამაშოდ, მეტწილად, უკრაინასა და რუსეთში მიდიოდნენ, ახლა კი რამდენიმეს ევროპის წამყვანი ქვეყნების კლუბები იწვევენ.
ვერ დავაკონკრეტებ, თუ რომელ ფეხბურთელს რომელი კლუბი იწვევს. ეს მათი პრეროგატივაა, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმეს კარგი ვარიანტი აქვს. ახლა ფეხბურთელმა და მისმა კლუბმა უნდა იფიქრონ ამ შემოთავაზებაზე და ერთად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა აჯობებს.