გურამ კაშიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, კაშიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის "ვიტესის" მაისურს უსახსოვრებს.

კაშიამ შემდეგი კითხვა მოიწონა: "ვიტესის" გულშემატკივრების და შენი ურთიერთობა ერთი ცალკე დიდი თემაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, როგორი გრძნობაა, როცა მთელი სტადიონი შენს სახელს სკანდირებს და მღერის (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მწვრთნელის გადაწყვეტილების პროტესტს)?"

კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია თავად დაუკავშირდება.

-decoration: underline;">მკითხველი:
-რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრების ან "ვიტესის" მაისურით თამაში? წარმატებები!
- ქვეყნის და ჩემი გუნდის წარდგენას, ასევე, ღირსების დაცვას!

მკითხველი:
- გურამ, შენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, რას უნდა მიაქციოს ყურადღებმა ვლადიმირ ვაისმა, რომ საქართველოს ნაკრებმა წინსვლა განიცადოს?
- ჩემი აზრით, ვლადიმერ ვაისი არის ძალიან გამოცდილი მწვრთნელი და მას ცოტა დრო დასჭირდება თითოეული ფეხბურთელის გასაცნობად. ვგულისხმობ ფეხბურთელის ხასიათს, ტალანტს, მენტალიტეტს. სავსებით შესაძლებელია, ჩვენს ნაკრებში მისი მუშაობა წარმატებული გამოდგეს.

მკითხველი:
- სალამი გურამ, კოსტა რიკიდან. ამ ცენტრალური ამერიკის ფეხბურთის წინსვლა, დიდწილად, პერსონალური განწყობის, პიროვნების, მოგების წყურვილის და გუნდური მთლიანობის დამსახურებაა. შენ ხარ "ვიტესის" წარმომადგენელი - გუნდის, რომელიც მაღალ პოზიციებზე მოსახვედრად იბრძვის და რომელშიც მოტივაცია და დამაკმაყოფილებელი რეზულტატი გამარჯვებაა ნებისმიერის წინაშე. ძალიან მაინტერესებს, რა განსხვავებებს ხედავ "ვიტესის" ბოლო წლების გასახდელს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გასახდელს შორის?
- სალამი. პირველი ის განსხვავებაა, რომ "ვიტესი" კლუბია და კლუბის გასახდელში ყოველდღიური ურთიერთობაა, ნაკრებში - ცოტა სხვა სიტუაციაა: იშვიათად ვიკრიბებით, ხშირად ახალი ფეხბურთელები შემოდიან გასახდელში. ჩვენ ჩვენი ხასიათი გვაქვს და დიდი სხვაობაა მენტალიტეტშიც. მთავარია, მოგების ჟინს ორივე გასახდელში ვხედავ და ვგრძნობ.

მკითხველი:
-რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სანაკრებო კარიერა და რომელს ანიჭებ უპირატესობას - საკლუბოს თუ სანაკრებოს?
- ვერ გამოვარჩებ ან როგორ უნდა გამოვარჩიო?! ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ფეხბურთი და ფეხბურთის თამაშია. რა თქმა უნდა, ნაკრებში ყოველი თამაში სხვანაირი და განსაკუთრებულია, მაგრამ კლუბშიც და ნაკრებშიც ერთნაირად ვცდილობ, რომ თავი მოვამზადო და ჩემი საუკეთესო თამაში ვითამაშო.

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. მაინტერესებს, ნაკრების ბიჭები ერთმანეთის თამაშებს თუ უყურებთ? თამაშების შემდეგ თუ უკავშირდებით ერთმანეთს და თუ არჩევთ კონკრეტულ თამაშებს, ან რამე რჩევებს თუ აძლევთ ამა თუ იმ მომენტზე?
- კი, ერთმანეთის თამაშებს ვადევნებთ თვალყურს. Whatsapp-ში Group-ჩატი გვაქვს ბიჭებს და ყოველდღიურად ვურთიერთობთ. პირადად მე, ძალიან ახლო ურთიერთობა ვაკო ყაზაიშვილთან და გიორგი ჭანტურასთან მაქვს. ჩვენ სამნი ერთმანეთის თამაშებს ძალიან დეტალურად ვარჩევთ. ასევე გამოვყოფ ალეკო ამისულაშვილს, რომელიც ძალიან ყურადღებიანია ნაკრების ყველა ფეხბურთელთან. ალეკო ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ბიჭებისთვის და გუნდისთვის ავტორიტეტია.

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში ფინეთს გაუტანე. მაინტერესებს, რა გრძნობაა ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა და რომელი ნაკრების კარში გინდა გატანა და რატომ?
- მოდი, დროა ვაღიარო, რომ ფინეთთან გოლი მე მომაწერეს, რეალურად კი მე არ შემხებია ბურთი, უბრალოდ, დავით თარგამაძემ ჩამოაწოდა კუთხური, მისკენ გავიქეცი და... 

დიდი სიამოვნებით გავუტანდი ჰოლანდიის ნაკრებს :)

- ფინეთი - საქართველო 1:1 [VIDEO]

მკითხველი:
- მოგესალმებით! თქვენ განაცხადეთ, "ბოდიშს ვუხდი "ვიტესის" გულშემატკივრებსო... რატომ არ უხდით ბოდიშს თქვენ და ნაკრების ფეხბურთელები ქართველ გულშემატკივარს, როდესაც ნაკრები ასე უნიათოდ ასპარეზობს? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველას გარანტირებული გაქვთ ნაკრებში თამაში?
- ჩემი აზრით, პირადად მე არ მაქვს გარანტირებული ნაკრებში თამაში. საქმეს თუ ეშველება, მაშინ თქვენთან ძალიან დიდი ბოდიში, რომ ასე უნიათოდ ვთამაშობ.

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. შენი აზრით, საქართველოს ნაკრებს სჭირდება თუ არა ნატურალიზებული ფეხბურთელი? თუ კი, რა პოზიციაზე და ვის ისურვებდი?
- არ ვარ წინაღმდეგი ნატურალიზაციის, უბრალოდ, ვთვლი, რომ ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თუ ითამაშებს, გარკვეულად უნდა იცნობდეს ქართულ კულტურას.

მკითხველი:
- გამარჯობა. უყურებთ საქართველოს სხვადასხვა სპორტის ნაკრებების თამაშებს (კალათბურთი, რაგბი), რომლებიც რეგულარულად თამაშობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე? როგორც ფეხბურთში, არც კალათბურთში, არც რაგბიში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ ლეგიონერებით ვახერხებთ ამ ტურნირებზე თამაშს. ასევე, საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობაც ლეგიონერები ხართ - რატომ ვერ ახერხებთ თუნდაც ყაზახეთის და სხვა ამ დონის ნაკრებების დამარცხებას, რომლებსაც ნაკრების არცერთი წევრი არ ჰყავს არცერთ ევროპულ ჩემპიონატში? იქნებ თქვათ, რა არის ნაკრების პრობლემა?
- ყაზახეთის ფეხბურთი რომ პროგრესს განიცდის, ეს ფაქტია. ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, რაც დიდი წარმატება და გამოცდილებაა დღევანდელ ფეხბურთში. კალათბურთი და რაგბი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი გულშემატკივარიც ვარ ჩვენი ქვეყნის, მაგრამ შედეგებით ვერ შევადარებ ფეხბურთს კალათბურთსა და რაგბის, სულ სხვადასხვა სპორტია და სხვადასხვა განვითარება აქვს ევროპაში.

ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია ევროპაში და ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს. ჩვენს ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ტოპ-5 ევროპულ ჩემპიონატში მარტო ერთი ან ორი ფეხბურთელი გვყავს, ჩემპიონთა ლიგაზე რამოდენიმე წელია ქართველს არ უთამაშია... ჩვენ ამ საფეხბურთო სტანდარტებს უნდა მივუახლოვდეთ! თუ ნაკრებში ჩამოსული ფეხბურთელია და თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებ ფეხბურთელთან უწევს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ფეხბურთელებმაც უნდა გავზარდოთ ჩვენი სტანდარტები (ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა ფეხბურთში).

მკითხველი:

- მოგესალმები. მაინტერესებს, თუ არაკორექტულად არ ჩათვლი ჩემს კითხვას - საქართველოს ნაკრების რომელ მწვრთნელთან მუშაობისას გქონდა შეგრძნება იმისა, რომ ამ "მწვრთნელის ხელში გუნდი კარგ შედეგებს მიაღწევს"?
- იმედი და მხარდაჭერა ყველა მწვრთნელთან მქონდა. ჩემი აზრით, ნაკრების წარმატება არ არის მარტო მწვრთნელზე დამოკიდებული. როდესაც დადებით შედეგს ვერ ვაღწევთ, ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის - ყველას თავის საქმის პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს ნაკრებში! ერთ ადამიანზე არ უნდა ტყდებოდეს ჯოხი, რაც უკვე წლებია ხდება.

ვისთანაც ძალინ მესიამოვნა მუშაობა ნაკრებში, ეს კახა ცხადაძე იყო!

მკითხველი:
- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი კარიერის დასრულების შემდეგ? როგორც განაცხადე, "ვიტესში"აპირებ დარჩენას - ვინ იქნები? მწვრთნელი, სკაუტი, მენეჯერი? შენ საით მიგიწევს გული? ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას და კიდევ დიდხანს თამაშს გისურვებ.
- კი, ვაპირებ და ჩემი მიზნები გამაჩნია "ვიტესში" - მთავარი მწვრთნელობა ამ ეტაპზე არ მსურს. დღეს რაც მიზიდავს და მსურს ვიყო - სპორტული დირექტორობაა, რისთვისაც უკვე ორი წელია ვემზადები, ვსწავლობ, სემინარებზეც დავდივარ, მაგრამ სპორტულ დირექტორობამდე მინდა კლუბში ვიმუშაო. ამიტომაც ალბათ ჯერ სკაუტობით დავიწყებ, რამოდენიმე წელიწადში კი, თუ კარგი პროექტი იქნება, აუცილებლად ჩავერთვები. მაინცდამაინც "ვიტესი" არ უნდა იყოს! თუმცა დიდი სურვილი და შანსი მაქვს, რომ ამ მიზანს სწორედ აქ, "ვიტესში" მივაღწიო.

მკითხველი:

- გიფიქრია თუ არა შენი ყოფილი და ახლანდელი კლუბების დამეგობრებაზე? ანუ "დინამო" და "ვიტესი"... დაინტერესების შემთხვევაში საკმაოდ სასარგებლო პროექტი იქნება ქართული ფეხბურთის განსავითარებლად და შენც ამაყი იქნები, რომ შენს კლუბს დაეხმარე...
- მიფიქრია და გეგმაც მაქვს, მაგრამ დღევანდელი ჩემი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ამიტომ მომავალში, თუ საშუალება მექნება, აუცილებლად მექნება ქართველ კლუბებთან ურთიერთობა.

მკითხველი:

- ევროპის ლიგის პლეი ოფში "ვიტესი" თბილისის"დინამოს" რომ დაუპირისპირდეს და დაინიშნოს თერთმეტმეტრიანი, რომელიც წყვილში გამარჯვებულს გაარკვევს, აიღებდი თუ არა საკუთარ თავზე თერთმეტმეტრიანის შესრულებას და აღნიშნავდი თუ არა "დინამოს" კარში გატანილ გოლს?
- არა, "დინამოს" კარში გატანილი გოლი არასდროს არ გამიხარდება და არც აღვნიშნავ! პენალტი თუ დაინიშნება და გუნდში მთავარი პენალტის დამრტყმელი მე ვარ, აუცილებლად დავარტყამ - პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ!

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. როგორ ახერხებ მორალური სიძლიერის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც მწვრთელი შენს ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებს და, ასე ვთქვათ, გამოცდას გიწყობს?
- ალბათ, ჩემი უთამაშებლობის პერიოდს გულისხმობთ... ვეცადე, რაც შეიძლება წყნარად ვყოფილიყავი: ყველანაირ ინტერვიუზე უარს ვამბობდი და 100%-ით  დარწმუნებული ვიყავი, რომ შანსი მომეცემოდა. და ეს მომენტი უნდა გამომეყენებინა.

მკითხველი:

- 2011 წელს, როდესაც ერთი წლის მისული იყავი უკვე "ვიტესში", სად წარმოგედგინა შენი თავი 2016-ში? ანუ დღეს სად უნდა თამაშობდე წესით? და იქ რომ არ ხარ, რას დააბრალებ?
- 2011-ში ალბათ მარტო "ვიტესში" დარჩენაზე ვფიქრობდი. ჩემი ოცნება ყოველთვის ინგლისში თამაში იყო და არის. მიზეზს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ თავადაც არ ვიცი მართლა. არ მქონია კონკრეტული შემოთავაზება, რაზეც ღირდა ჰოლანდიის ჩემპიონატის გაცვლა.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. "ვიტესის" გულშემატკივრების და შენი ურთიერთობა ერთი ცალკე დიდი თემაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, როგორი გრძნობაა, როცა მთელი სტადიონი შენს სახელს სკანდირებს და მღერის (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მწვრთნელის გადაწყვეტილების პროტესტს)?
- ეს ჩემი ბავშვობის ოცნების წუთი იყო, ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა! ეს პროტესტი კი არა, უდიდესი ერთგულების, სიყვარულისა და მხარდაჭერის წუთი იყო! ჩემი ოჯახი ჩემით ძალიან ამაყი იყო!

მკითხველი:

- მოგესალმები, გურამ. შენი აზრით, რომ არ გადასულიყო "ვიტესიდან" ვილფრიდ ბონი, დღეს ბევრად უკეთესი შედეგი გექნებოდათ? წარმატებები.
- თქვენ თვითონ გამოთვალეთ - ბონი რომ გვყავდეს, ყოველ სეზონში +30 გოლი გვექნებოდა და ამ 30 გოლით რამდენ თამაშს მოვიგებდით...

მკითხველი:

- გურამ, გამარჯობა. როგორ აფასებ "ვიტესის" სატრანსფერო საქმიანობას და როგორ ფიქრობ, რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს გაძლიერება?
- დღევანდელი "ვიტესი" ყველა ხაზში საჭიროებს გაძლიერებას სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე, ვთხოვე და ვურჩიე კიდეც, რომ ჩვენი ახალგაზრდა წარმატებული ფეხბურთელები ჩვენს კონკურენტ გუნდებში არ გაეყიდათ. მაგალითად, შარშანდელი გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, წელს 100%-ით  დარწმუნებული ვარ, სამეულში მოვხვდებოდით. ამის ნაცვლად კი PSV-სა და Fayenoord-ს 4 ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი მივყიდეთ.

ბოლო ტურშიც სწორედ პროპერმა, ჩვენმა გაზრდილმა ფეხბურთელმა გაგვიტანა პირველი გოლი.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ! ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელი ხარ, დიდ პატივს გცემ, ჩვენი ქვეყნისთვის მართლა საამაყო ხარ! შენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდი "ვიტესში"? ანუ საერთოდ რა პრობლემებს ხედავ შენ და როგორ შეიძლება გახდეს "ვიტესი" გუნდი, რომელიც შეძლებს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე? წარმატებები. უფალი გფარავდეს!
- სატრანსფერო პოლიტიკაში ორ რამეს შევცვლიდი: არ უნდა ვყიდიდეთ ჩვენს ფეხბურთელებს კონკურენტ გუნდებში და "ჩელსიდან" მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თუ ისინი უახლოესი ორი სეზონის მანძილზე დაგვეხმარებოდნენ. გასულ წელს 4 ფეხბურთელი გავყიდეთ პსვ-ში და "ფეიენოორდში", რომლებმაც საერთო ჯამში 20 გოლი გაიტანეს გასულ სეზონში.

"ჩელსიდან" დამატებული ფეხბურთელები სეზონის პირველ ნახევარში კარგად თამაშობენ, მეორე ნახევარში კი მათი 90% შეხვედრების უმეტესობას სათადარიგოთა სკამიდან გამოსვლით ატარებს, ანუ მოტივაციას კარგავენ რამოდენიმე თვით ადრე, იმიტომ რომ იციან, ამ გუნდში მომავალი არ აქვთ. ამიტომ ორი სეზონით უნდა გადმოვიდნენ, რათა გუნდის მიზანი თავიანთ ინტერესებში შედიოდეს. მათ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ ევროპის საგზურის მოპოვების ინტერესი და ევროპის თასზე თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი მოტივაციაა.

მკითხველი:

- ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზეც შეგიძლია თამაში. ველოდოთ შენს ტრანსფერს უკეთეს გუნდში თუ გადაწყვეტილია კარიერის "ვიტესში" დასრულება? წარმატებებს გისურვებ როგორც სპორტულ, ისე პირად ცხოვრებაში...
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც უფრო მაღალ დონეზე თამაშის, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ტოპ-ჩემპიონატიდან შემოთავაზება არ მქონია. იყო რამოდენიმე დაინტერესება, მაგრამ კონკრეტული - არაფერი. დღესდღეობით, ფიზიკურად ყველაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, ამიტომ მომავალში თუ რამე კარგი ვარიანტი გამოჩნდება, აუცილებლად სერიოზულად განვიხილავ.

მკითხველი:

- მოგესალმები! მაინტერესებს, რას გრძნობ, როცა გოლი გაგაქვს და ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გულშემატკივრისთვის თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ შენ გაიტანე?
- გოლის გატანის შემდეგ პირველი 5 წამი ადრენალინი მახრჩობს, ძალიან ემოციურად გამომდის გოლის აღნიშვნები. ვარჯიშებზეც იგივე მემართება. ამ 5 წამის მანძილზე ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. გულშემატკივრების რჩეულ ფეხბურთელად ვითვლები და თვითონაც ემოციურად ხვდებიან ჩემს გოლს.

მკითხველი:

- მაინტერესებს შენი აზრი საქართველოს უმაღლესი ლიგის 10-გუნდიან ჩემპიონატზე - შეძლებენ თუ არა ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელები, პროგრესი განიცადონ ამ რაოდენობის ჩემპიონატში, სადაც ნორმალური ინფრასტრუქტურა, დაძაბული ჩემპიონატი და მოწესრიგებული ფინანსები იქნება?
- კი, 10-გუნდიან ჩემპიონატში უფრო დიდი კონკურენცია იქნება ფეხბურთელებში. ნიჭიერი ფეხბურთელი თუ არის, თავდადებულია ადგილის დასამკვიდრებლად, ის 10-გუნდიან ჩემპიონატშიც მოახერხებს თავისი პოტენციალის გამომჟღავნებას. მთავარია, შანსი მიეცეს!

ჩემი აზრით, ქართულ კლუბებში უნდა იყოს ასაკობრივი ბალანსი. მაგალითად, 6 გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად 5-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა რომ ითამაშოს... მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემპიონატის კანონი - მარტო კლუბის სურვილი და სტრატეგიული ხედვა. თუმცა დღის ბოლოს რამეს თუ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთში, ეს არის მარტო მოგება (შედეგი)!

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. მაინტერესებს, ბავშვობაში ვინ იყო შენი ფეხბურთელი-კუმირი?
- "მანჩესტერ იუნაიტედს" და ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი და ბევრჯერ მიტირია კიდეც. ალან შირერი და როი კინი ითვლებოდნენ კუმირებად. ვიცი, დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ იმ პერიოდში, მაგრამ ჩემი ფავორიტები ესენი იყვნენ.

მკითხველი:

- შენი ცხოვრების ყველაზე რთული (ცუდი) და ბედნიერი დღე…
- ალბათ, ფეხბურთს გულისხმობთ. ბევრი ჩავარდნილი თამაში მქონია... ყველაზე მწარე გამოცდილება ალბათ დერბიში დაშვებული შეცდომაა 1-1-ზე ბოლო წუთებზე, მსაჯის ყოველი სასტვენის ხმა, როდესაც თამაში მოგებულია -  ბედნიერების, წარმატების და ინვესტიციის წამია.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. პირველ რიგში, გილოცავ "დენ ჰააგთან" გატანილ გოლს და კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი. გაიხსენე გოლი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა...
- ალბათ, ჩემი პირველი გოლი "გრონინგენის" კარში. კატასტროფულ მდგომარეობაში ვვარდებოდით ვერმოგების შემთხვევაში და მახსოვს, მეორე ტაიმის ბოლოს ლამაზი გოლი გავიტანე და 2-1 მოვიგეთ. დიდი საქმე გამიკეთა ამ გოლმა ჩემს აქ დარჩენაში.

მკითხველი:

- ხომ არ აპირებ დაწერო წიგნი, სახელწოდებით "უბრალო ფეხბურთელობიდან ერთი პატარა ქალაქის გმირობამდე"? ვფიქრობ, საინტერესო იქნება დამწყები ფეხბურთელებისთვის და არამარტო მათთვის, ვინაიდან არაა მარტივი, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და ასე შეაყვარო თავი ადგილობრივებს, ამას ბევრი ვარსკვლავი ვერ ახერხებს...
- ალბათ, წიგნი რომ დავწერო, დამწყები ფეხბურთელები იქვე დაასრულებენ ფეხბურთის თამაშს... დღევანელ მდგომარეობამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომე ბავშვობიდან, ბევრი წარმატება და ბევრი წარუმატებლობა ვნახე. პროფესიონალური ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლო და ძალიან მტკივნეულია.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. ვიცით, რომ არნემში დიდი ავტორიტეტით და სიმპათიით სარგებლობ და რამდენად სასარგებლოდ იყენებ ქვეყნისთვის ამას? ვგულისხმობ, უწევ თუ არა რეკომენდაციას ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, სცადონ ბედი "ვიტესში"? წარმატებებს გისურვებ!
- გაგიმარჯოს. ავტორიტეტი ნამდვილად მაქვს და მარტო ამ ავტორიტეტით გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ. ბევრ ქართველ ფეხბურთელს ვიცნობ, ვინც ჰოლანდიის ჩემპიონატში წარმატებით ითამაშებდა, მაგრამ მე მარტო რეკომენდაციის გაწევა შემიძლია, დანარჩენი სკაუტებზე, გუნდსა და სპორტულ დირექტორზეა დამოკიდებული.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ! ჩვენ გუნდელები ვიყავით ერთი წელი ზორბეგი ებრალიძის 87-ებში და ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, შენ და უჩამ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშეთ. შეკითხვა: რა არის შენი ოცნება, როგორც ფეხბურთელის და ასევე, როგორც უბრალო ადამიანის? წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!
- გაუმარჯოს. ერთი წელი ზორბეგ მასწთან რომ ვიყავი, უეჭველი გემახსოვრება, ჩემი გასიებული თავით გოლს რომ ვიტანდი, ალან შირერის აღნიშვნა მქონდა. ეს იყო ჩემი ოცნება ყოველი გოლის შემდეგ. როგორც უბრალო ადამიანი, მინდა ვიყო წარმატებული როგორც ფეხბურთში, ისე - მის გარეთ.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ! როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცოტათი მაინც დავემსგავსოთ საშუალო დონის ეროვნულ ჩემპიონატს? რა უნდა ქნას სახელმწიფომ და გულშემატკივარმა? გისურვებ წარმატებებს კლუბში და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში...
- ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ. საშუალო დონის ჩემპიონატი რომ გვქონდეს, ხალხი ივლის სტადიონზე? გულშემატკივარმა უნდა მიიღოს ის დონე, რაც გვაქვს! რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის დონე არ არის მაღალი, მაგრამ თუ ფეხბურთი ცოტათი იცი და გესმის, დარწმუნებული ვარ, შენს გუნდს იპოვი საქართველოს ჩემპიონატში. ქართველი გულშემატკივარი ან ჩვენი 30 წლის წინანდელი წარმატებით ცხოვრებს, ან დღევანდელი "ბარსელონათი".

მკითხველი:

- გურამ, ფეხბურთელის წარმატების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მაინც შეიძლება გამოვყოთ: შრომისმოყვარეობა, თავდადება, ნიჭი, იღბალი, კარგი დამრიგებელი. შენი წარმატების შემთხვევაში, რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი?

- თქვენს რეცეპტს ერთ რამეს დავუმატებდი კიდევ - პროფესიონალიზმი!

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. ხშირად მსმენია წარმატებული ფეხბურთელებისგან, რომ როდესაც მათ ოჯახი შექმნეს და შვილი შეეძინათ, ამან მათი კარიერა შეცვალა. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა? და როგორ ანაწილებ დროს ფეხბურთსა და ოჯახს შორის? მადლობა წინასწარ და გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- არა მგონია ეს მარტო ფეხბურთელის კარიერას ცვლიდეს, ყველა პროფესიის ადამიანისთვის დიდი ცვლილებაა ბავშვის შეძენა. მე უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და კრუიფის ინსტიტუტში შევიტანე საბუთები :))

მკითხველი:

- გურამ, დაბრუნდები თბილისის "დინამოში"?

- ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ "დინამო" რომ დავტოვე, დიდი სურვილი მქონდა და დღემდე მაქვს, კარიერა მანდ დავამთავრო.

მკითხველი:

- რას ნიშნავს გუნდის კაპიტნობა?
- ამ კითხვის გასაცემად შეიძლება რამდენიმე ფურცელიც არ მეყოს :) ამიტომ ერთი სიტყვით გაგცემთ პასუხს - პასუხისმგებლობას!

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. გულახდილი პასუხი მჭირდება: დღეს რომ მოხდეს ისე, ერედივიზიონიდან პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატში მოგიწიოს გადმოსვლა, თავს პროფესიონალ ფეხბურთელად იგრძნობ?
- გულახდილად რომ გიპასუხო, მოტივაციის პოვნა ძალიან გამიჭირდება. ზუსტად იგივე პროფესიონალი ვიქნები, როგორიც ჰოლანდიის ჩემპიონატში ვარ, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი ყოველდღე ვარჯიშებზე მოტივაციის გარეშე ვარჯიშობს, თავის პოტენციალის 70%-საც კი ვერ აჩენს. ამიტომ მგონია, რომ საქართველოში თამაში გამიჭირდება და ეს იქნება ჩემი ბრალი იმიტომ, რომ მოტივაცია ფეხბურთელმა თავის თავში უნდა იპოვოს.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა იმ სულისკვეთების და პატრიოტიზმისთვის, რასაც ყოველი თამაშისას აჩენ. ჩვენი იმედი ხარ. რა აზრის ხარ ბავშვთა ფეხბურთის ფიზიკურ მომზადებაზე?
- მადლობა დაფასებისთვის. ჩვენი პრობლემა ფიზიკური მდგომარეობა არ არის, ფიზიკურად ძლიერნი ვართ. ჩემი ბავშვობის ფიზიკური ვარჯიშები რომ შევადარო დღევანდელ ჰოლანდიელი ბავშვის ფიზიკურ ვარჯიშებს, ორჯერ ან სამჯერ მეტს დავრბოდით და ტრენაჟორებზეც გაცილებით მეტს ვვარჯიშობდით. ყველაზე მთავარი სწორი განვითარებაა ბავშვის. ბავშვმა 13 წლიდან 18 წლამდე უნდა ისწავლოს ფეხბურთი. ვგულისხმობ საფეხბურთო განათლებას. მაგალითად, 18 წლის ფეხბურთელმა დღევანდელი საფეხბურთო სტანდარტებით ორ-სამ პოზიციაზე უნდა შეძლოს თამაში, ცენტრალურ მცველს თუ მარჯვენა მცველად დააყენებენ, სწორი გადაადგილება უნდა იცოდეს ან თუნდაც საყრდენ ნახევარმცველად თამაში... კიდევ ბევრი რამაა ამ ასაკში, რაც უნდა ისწავლოს: პროფესიონალიზმი, სწორი კვება, აღდგენა, ა.შ.

მკითხველი:

- გურამ, უკვე წლებია ქართველ და ჰოლანდიელ გულშემატკივრებს თავს მშვენიერი თამაშით ამახსოვრებ, თუმცა ვფიქრობ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენდამი არნემელი გულშემატკივრების დამოკიდებულება. გაქვს თუ არა გულშემატკივრებთან ურთიერთობის რაიმე კონკრეტული მეთოდი?
- კონკრეტული მეთოდი არ მაქვს, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, თუ რითიც სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდები, ესაა თვისება, რომლითაც ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს კრიტიკა თუ ქება, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი - ყურადღებით ვუსმენ. არნემელი გულშემატკივარი მოედანზე ერთ-ერთ მათგანად მთვლის.

მკითხველი:

- გურამ, კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში გაგიჭირდა, ვინ დატოვა შენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება და მის რა თვისებას გამოარჩევ?
- ესპანეთის ნაკრებთან, როდესაც ნახევარდაცვაში ვითამაშე, ხავის და ხაბი ალონსოს რომ დავდევდი... გამაოცა იმან, რომ არცერთი ერთხელაც კი არ შემოსულა ბრძოლაში ჩვენთან - ისინი უბრალოდ 5-მეტრიან პასს უკეთებდნენ ერთმანეთს მთელი თამაშის მანძილზე, სანამ მთელი ჯანი არ გამაძრეს ამ 5 მეტრის სირბილში.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. მაინტერესებს, რა შეგრძნება გქონდა, როცა "დინამოს" მაისურს იცვამდი და მოედანზე გადიოდი?.. და რას ურჩევ იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს "დინამოს" აკადემიაში თამაშობენ და გამოდიან ამ გუნდის სახელით? მუდამ გელით სახლში - "დინამოში" !
- პირველად "დინამოში" თამაშისას, მოედანზე გასვლისას, მახსოვს, ბაბუაჩემზე ვფიქრობდი. ის იყო ჩვენთან სახლში ის პიროვნება, რომელიც "დინამოზე" და, ზოგადად, ფეხბურთზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდა. "დინამო" ძალიან დიდი გუნდია და მართლა ამაყი ვარ, რომ ამ გუნდში მითამაშია. მანდ თამაში სიამაყეა ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის და ოჯახისთვის.

"დინამომ" მომცა საფეხბურთო განათლება და "დინამოს" გამო ვარ დღეს წარმატებული "ვიტესში". ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ოცნებად უნდა იყოს "დინამოში" თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე! არასოდეს დამავიწყდება ჩემი წლები "დინამოში" - ყოველთვის "დინამოს" ფანი ვიქნები.

მკითხველი:

- გურამ, რას ნიშნავს შენთვის უცხო ქვეყნის გუნდის კაპიტნობა? უცხო გარემოში გუნდის ლიდერობა?
- შრომის დაფასებას ნიშნავს! თავიდან, როდესაც კაპიტანი ვიყავი, არაერთი სირთულები მქონდა, მაგრამ ქართულმა ხასიათმა და მენტალიტეტმა ასეთ მომენტში თავი გამატანინა და პატივისცემა დავიმსახურე ჩემი თამაშით, ჩემი მოქცევით. კაპიტნისთვის ყველაზე ძნელი მოსაპოვებელი ავტორიტეტია გასახდელში.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. როგორ ფიქრობ, რას გააკეთებს გურამ კაშია კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის?
- შეიძლება, თუ საქმეს დავჭირდი საქართველოში, დიდი სიამოვნებით ვიმუშაო ჯანსაღ, გრძელვადიან გარემოში. სამწუხაროდ, რაც ქართული პროექტების მესმის, არის ძალიან მოკლეგეგმიანი, ანუ ერთ სეზონზეა გათვლილი ბიუჯეტიც და მიზნებიც.

ჩემი აზრით, რამე წინსვლა თუ გვინდა ფეხბურთში, კლუბში ან ფედერაციაში, მინიმუმ 5-წლიანი გეგმა არის საჭირო. ერთ წელიწადში ფეხბურთში შედეგი იმ შემთხვევაში გექნება, თუ გაგიმართლებს ან სხვა გზებს გამონახავ, რომელიც მე არ მიზიდავს. თუ ჰოლანდიაში თუნდაც სკაუტის სტატუსი მექნება, აუცილებლად შევთავაზებ კლუბს ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. წარმატებებს გისურვებ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. რაც შეეხება კითხვას: შენი აზრით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი, შემდეგ ამ გუნდის საუკეთესო ცენტრალური მცველი და გვითხარი, როდის აპირებ მის ძირითადიდან ამოგდებას?
- პრემიერლიგის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, ყოველ წელს გარკვეული სიმპათიები მაქვს ყველა გუნდისადმი. მაგალითად, შარშან "ჩელსის" ვგულშემატკივრობდი - მოურინიოს დაყენებული გუნდი და მენტალიტეტი მომწონდა. წელს "არსენალი" ავირჩიე და ნერვებიც დავიწყვიტე.

მომავალ წელს იურგენ კლოპის გუნდს ვუგულშემატკივრებ, "ლივერპულს". კლოპზე ჭკუა მეკეტება, ისე მომწონს მისი საფეხბურთო ფილოსოფია. ოდესმე მწვრთნელობას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად მისი ფილოსოფიით მივუდგები ფეხბურთს. ასევე, დიეგო სიმეონეზე ვგიჟდები - ორივე მწვრთნელი მოედნის გარედან იბრძვის გუნდისთვის და შედეგისთვის.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. არასოდეს გიფიქრია ჰოლანდიაში დიდ პოლიტიკაში წასვლაზე? დარწმუნებული ვარ, არნემში პირველივე ტურში გაიმარჯვებ მერის არჩევნებში, ისე უყვარხარ ხალხს. წარმატებები შენც და ვაკოსაც, გგულშემატკივრობთ!
- ჰა-ჰა, არა, არ მიფიქრია, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, არც ვერევი და ყოველთვის გავურბივარ პოლიტიკის თემას. საქართველოში პოლიტიკაა პირველი თემა - დილას გამარჯობის შემდეგ ადამიანები პოლიტიკაზე იწყებენ ლაპარაკს და ეს მე ძალიან მაღიზიანებს. რატომ უნდა ილაპარაკო პოლიტიკაზე, როდესაც სპორტი არსებობს?

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ. გადავხედე შენს ასაკს და ვფიქრობ, 29 წლის ასაკში არ უნდა იყო ისეთ კონტრაქტზე მიბმული, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ პერსპექტივებს გიჩენს კლუბში დასაქმების. ვფიქრობ, ეს ვერ იქნება შენი მასტიმულირებელი და მოტივატორი, თამამი ნაბიჯები გადადგა წინსვლისთვის; პირიქით - შემაფერხებელი. სად ხედავ შენს თავს ერედივიზიონის გარდა, სადაც ახლანდელი რესურსით თავისუფლად მოერგები? ტოპ-ლიგებს ვგულისხმობ. თუ გუნდსაც დაგვისახელებ,  უკეთესი...
- მოტივაცია არ მაკლია და არც მომაკლდება. ყოველთვის ვპოულობ საკმარის მოტივაციას. გეთანხებით იმ აზრში, რომ ჯერ 28 წლის ვარ და უკეთეს დონეზე შემიძლია ნაბიჯი გადავდგა. ამისთვის ჩემი კარი ნამდვილად არ არის დახურული. უბრალოდ, 5 წლის მანძილზე ისეთი შემოთავაზება არ მომსვლია, რომ ჰოლანდის ჩემპიონატი გამეცვალა იმ ლიგაზე, საიდანაც შემოთავაზება მქონოდა. ეს ფეხბურთს რაც შეეხება...

მეორე მხარე ოჯახი - დღის ბოლოს ყველა თავის ოჯახის უზრუნველყოფაზე ფიქრობს და მე კლუბმა ისეთი რამ შემომთავაზა, რაც ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საშუალებას მაძლევდა, ისევ ფეხბურთში დამემკვიდრებინა თავი. არ ვნანობ და არც ვინანებ ჩემს ამ ნაბიჯს.

მკითხველი:

- მოგესალმები! როდის გეგმავთ მშობლიური ბაშის ცენტრალურ სტადიონზე თამაშს?
- არც ვიცოდი, ბაშაში ცენტრალური სტადიონი თუ იყო. შევეცდები, რომ ერთხელ მაინც გავაგორო ბურთი მშობლიურ მინდორზე.

მკითხველი:

- გამარჯობა, გურამ! ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი ფეხბურთში და რომელ საფეხბურთო აკადემიაში დაიწყე ვარჯიში? მადლობა მათ, რომ ძალიან კარგი და საამაყო ფეხბურთელი გაუზარდეს საქართველოს და მადლობა შენ ასეთი კარგი თამაშისთვის...
- მე "ნორჩ დინამოში" დავიწყე, დიდუბეში, მუშტაიდის ბაღში. ბევრი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ჩემი ბავშვობის მწვრთნელი მარტო ერთი შემიძლია დავასახელო - ზორბეგ ებრალიძე და მინდა მადლობა გადაუხადო - დიდი მადლობა, ზორბეგ მასწ.

მკითხველი:

- გამარჯობა, კაშო. გისურვებ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. არჩევანის შესაძლებლობა რომ მოგეცეს, რომელს აირჩევდი - მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე თუნდაც ერთი მატჩის ჩატარებას თუ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას?
- მაცდური კითხვაა… მოდი, ასე გიპასუხებთ: მე თუ ის ფეხბურთელი ვიქნები, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და "ოქროს ბურთი" ავიღო, მაშინ ამის მერე მე გპირდებით, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გავიყვან :))
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული