კახა შენგელიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- გამარჯობა. როგორი გრძნობა გქონდათ, როცა თქვენი შვილი, თორნიკე შენგელია, პირველად გამოიძახეს ნაკრებში და მის თამაშს პირველად უყურეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით?
- რა თქმა უნდა, ძალიან ამაღლებული. მართალია, თავიდან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო და ამას საყვედურად არ ვიძახი, პირიქით, მადლობელი ვარ იმ ხელმძღვანელობის და მაშინდელი სამწვრთნელო შტაბის იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეაჩვიეს გუნდს და მანაც, საბოლოოდ, ადგილის დამკვიდრება შეძლო.

ყოველთვის,
როცა საქართველოს ნაკრების მაისურითაა მოედანზე და საქართველოს ღირსებას იცავს, ბედნიერი და ამაყი ვარ.

მკითხველი:
- შენგელიების საკალათბურთო ოჯახის ხსენებაზე, დღეს გონებაში უკვე პირველად თორნიკე ტივტივდება, რაც უდავოდ სასიამოვნოა. თორნიკე ჯერ კიდევ მომავალია და მამის სახელოვანი კარიერა ასე ახალგაზრდამ უკვე დაჩრდილა. ახლა კი შეკითხვა: ნაკრების თამაშებისას სათადარიგო სკამზე ჯდომისას უფრო ნერვიულობდით, როგორც მონაწილე თუ ტრიბუნაზე ჯდომისას, შვილის თამაში შემხედვარე?
- ტრიბუნაზე ჯდომა ელექტროსკამზე ჯდომას ჰგავს, ამიტომ ტრიბუნაზე. ჯერ მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს და მერე უკვე მაშინ, როცა თორნიკეა მოედანზე...

მკითხველი:
- გაქვთ თუ არა ამბიცია ფედერაციის პრეზიდენტობაზე?
- როგორ გითხრათ... ისე მიდის ყველაფერი, რომ ვალდებული ვარ, მქონდეს.

მკითხველი:
- ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი განცხადება ემსახურება მხოლოდ პირად ინტერესებს და გიფიქრიათ თუ არა, რომ ასეთი ფორმით, ასეთ სერიოზულ თემაზე ზერელე განცხადების გაკეთება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც თორნიკე ერთ-ერთი ლიდერია, დესტაბილიზაციას გამოიწვევს?
- არანაირ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს და სიტყვებს ჰაერზე არასდროს ვისვრი. ყველაფერი, რაზეც კი ვისაუბრე, დოკუმენტალურად დადასტურებულია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება კიდეც.

ვთხოვე ფედერაციის წარმომადგენლებს, თავად გაესაჯაროებინათ ეს კონტრაქტი, რაზეც უარი მივიღე. მივწერე, რომ სადაზღვევო ფურცელი მაჩვენონ და დღეს ვადის ბოლო დღეა, როგორც ჩანს, არ აპირებენ მოცემას, რაც უარესია მათთვის.

სანამ აქამდე მოვიდოდით, ყველანაირად ვცადე მათთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ წლების მანძილზე მათი მხრიდან მხოლოდ იგნორი და ერთპიროვნული მართველობა იყო.

რაც შეეხება თორნიკეს, ის ამ საქმიდან აბსოლუტურად შორსაა. მისი სახელი ერთხელაც არ მიხსენებია არჩევნების დროს და მით უმეტეს, დღეს, ასეთ საქმეში. ვთხოვე მას, არ ჩარეულიყო ამ საკითხში და არ ჩაერევა. მისი საქმე კალათბურთის თამაშია, დანარჩენს მივხედავთ.

მკითხველი:
- ბატონო კახა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ხელთ კიდევ მოგეპოვებათ დოკუმენტები სხვა საკითხებზე, სადაც ასახულია ფედერაციის თანხის მიერ არამიზნობრივი ხარჯვა. ხომ ვერ გვეტყოდით, კონკრეტულად რას გულისხმობდით?
- ახლა არა. ამას ყველა გაიგებთ აუცილებლად. დოკუმენტები იურიდიულად დამოწმებული როგორც კი იქნება, გასაჯაროვდება, რათა არ დაეჭვდეს ვინმე, თითქოს ჩემი მოგონილია რამე. ადრეც მივმართე ადვოკატის მეშვეობით ფედერაციას, გამოვითხოვე დოკუმენტები და მათივე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მაქვს ეს დოკუმენტაცია, რომელშიც ჩანს, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

მკითხველი:
- ბატონო კახა, ჩემი კითხვა კომპლექსური ხასიათის იქნება. თქვენ ხელმძღვანელობდით ბავშვთა კალათბურთის განვითარების ცენტრს. ალბათ, ქართულ საკალათბურთო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტია, იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ სფეროში სწორედ ძლიერი მომავალი თაობაა იმის გარანტი, რომ მინიმუმ მიღწეულის შენარჩუნება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგრესი გარდაუვალია. ამდენად, საინტერესო იქნება თქვენეული შეფასება ამჟამინდელი მდგომარეობისა და თქვენ მიერ გაწეული სამუშაოსი - რისი გაკეთება მოახერხეთ, რაში შეფერხდით, გვაქვს თუ არა წინსვლა, რა არის კიდევ გასაკეთებელი და საერთოდაც, რამდენად იმედიანად უნდა იყოს კალათბურთის ქართველი ქომაგი?
- პრობლემები ბევრია და მხოლოდ 1-2 არ არის. სამწუხაროდ, არანაირად არ ხელმეწიფებოდა და გარდა პირადი რესურსებისა, არანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი არ მქონია კალათბურთის მისახედად. პირადი რესურსებით კი გოგონათა ნაკრებს ვეხმარებოდი.

კი, პოსტი მეკავა, მაგრამ ძნელია, როცა დადიხარ, დაპირებებს იძლევი, ფინანსურად კი სხვაზე ხარ დამოკიდებული. სხვაზე რა, ფედერაციაზე, რომლისგანაც ყველა შეთავაზებასა და თხოვნაზე ერთი პასუხი იყო ყოველთვის: ფული არ გვაქვს! ამის გარდა ორწელიწად-ნახევარი არაფერი გამიგია.

ჩემი ხელფასიდან ვაფინანსებდი გარკვეულ პროექტებს. ხელფასის გარდა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, 20 ლარიც კი არ ამიღია ფედერაციიდან რომელიმე საქმისთვის. სამსახურის ტელეფონითაც კი არ მისარგებლია. სამწუხაროდ, ჩემი ხელფასი ყველა ბავშვს და ყველა ასაკობრივ ნაკრებს ვერ გასწვდებოდა.

მკითხველი:
- სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიგე, რისი წინააღმდეგი ხართ. თუ, როგორც ფედერაცია ამბობს, აღნიშნული კონტრაქტით, ჩვენ არაფერს ვკარგავთ და თანხა დაგვიბრუნდება წარუმატებლობის შემთხვევაში, მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემა?
- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კონტრაქტი სრულიად კომერციულია. არანაირად არ დევს აქ სპორტული პრინციპები, რაც აისახება იმაში, რომ 9 უცხოელ და 3 ქართველ კალათბურთელს ვაფინანსებთ.

კარგი, ვთქვათ, 3 ქართველ კალათბურთელს აფინანსებს კალათბურთის ფედერაცია და 9 უცხოელს - რანაირად არის ეს ქართული პროექტი? როგორ უნდა მივიღოთ ნაკრებში შევსება, როცა იქ წასულებიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ნაკრების გაფართოებულ სიაში? ამხელა ფული დაიხარჯა და სადმე ხომ უნდა მოხვედრილიყვნენ?

მკითხველი:
- "დიდი ხანია კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდები და ამაზე თვალის დახუჭვა უკვე დანაშაულად მიმაჩნია" - ეს თქვენი სიტყვებია. სხვა პროცესებში ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა?
- არა, არის რიგი პროცესები, სადაც იყო პრობლემები. მაგალითად, გამგეობის სხდომები საერთოდ არ ტარდებოდა და ახლა, ჩემი განცხადებების შემდეგ, დღეში ორჯერ ტარდება, რასაც მივესალმები - ეტყობა გამოფხიზლდნენ და ეს მაინც მოხდა დადებითი ამ ამბებიდან.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამხელა კონტრაქტი იდება და გამგეობამ არაფერი იცოდა.

მკითხველი:
- აპირებთ თუ არა კალათბურთის ფედერაციასთან საერთო ენის გამონახვას მომავალში?
- არა. ამ ლაპარაკის მერე მათთან რომ ავიდე, სასაუბროდ დავჯდე, ათას სისულელეს დამაბრალებენ კიდევ, დარწმუნებული ვარ და რაზე ვისაუბრო? ან ვთქვათ, ვისაუბრეთ, რა მერე? გამოვალ ხვალ და ვიტყვი, რომ კარგი კონტრაქტია ეს? არა, გამორიცხულია, ის ყველანაირად ცუდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული