ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ტალახაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარს უსახსოვრებს. 23 წლის ძალოსანმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "რომელი უფრო მძიმეა: ის სიმძიმე, რაც ოლიმპიადაზე დაძლიე თუ ის გზა, რაც ამ შტანგის აწევამდე გაიარე?"

მკითხველი:
- ნამდვილად მაგარი შეგრძნება იყო შენი წარმატებული გამოსვლის ყურება. შენთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ალბათ უპირველესი მიზანი ეს იყო. ახლა, როცა ამ მიზანს მიაღწიე, რა არის შენი
შემდეგი გაჩერება?
- ოლიმპიადის შემდეგ არ გავჩერებულვარ და არც ვაპირებ. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატია, ასე რომ ამ წლის მიზანი უკვე დასახული მაქვს.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლაშა. მინდა გავიგო პირადად შენგან, რას ნიშნავს იყო ყველაზე ძლიერი მამაკაცი მსოფლიოში?
- ძალოსნობაში მივიღე ყველაზე ძლიერი მამაკაცის წოდება. უბრალოდ, რიოში შანსი მომეცა ძალების გამომჟღავნების და გამოვიყენე.

ჩემთვის მთავარი ყველგან გამარჯვებაა და ამაზე არც ვფიქრობ.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლაშა. გილოცავ შობა ახალ წელს. დაესწარი მრავალს. გისურვებ შემდგომ წარმატებებს სპორტულ სფეროში 2017 წელს. ვიყავი შენი დიდი გულშემატკივარი რიოს ოლიმპიადაზე. როდის, სად და ვისთან დაიწყე პირველი ვარჯიში? სად მოიპოვე შენი პირველი წარმატება?
- სულ პირველად საჩხერეში დავიწყე ვარჯიში. მამაჩემი მწვრთნიდა. მასთან გარკვეული შედეგი მქონდა. შემდეგ თბილისში წამოვედი და დათო გახოკიძესთან დავიწყე ვარჯიში.

ჩემი პირველი წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი იყო. იმ დღეს სახლში თასით დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

მკითხველი:
- ლაშა, გილოცავ ახალ წელს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც 2016 წელს მოგვანიჭე ქართული სპორტის ქომაგებს. 2016 წლის წარმატებებზე ბევრი გკითხეს უკვე და ამომწურავი პასუხი გაეცი. ასევე, იმედიანად ვარ განწყობილი შენი პასუხებიდან, რომ იგივე შემართება გექნება და კვლავაც არაერთხელ შეძლებ ჩვენს გახარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადაზე ადვილად დაძლიე შეკვეთილი წონები და აშკარად მომატების დიდი პოტენციალი გაქვს, დაისახავ თუ არა მიზნად მსოფლიო რეკორდის 500 კგ-დე გაუმჯობესებას?
- ჩემი მიზანი ყველა ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნებაა. თუ შანსი მომეცა რეკორდის გაუმჯობესების, ვეცდები გამოვიყენო ის. მთავარია, შესაბამისს ფორმაში ვიყო.

500 კილოგრამის დამუშავება ყველასთვის წარმოუდგენელია. ალბათ ყველა ადამიანში არსებობს ზღვარი, რომლამდეც შეიძლება მივიდეს, შემდეგ კი ამ შედეგის გაუმჯობესებას წლები მოანდომოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ზღვარი არ ამოწურულა. თავადაც ვხვდები, რომ მეტი შემიძლია. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, ძალოსნობაში 25-26 წლის ასაკში მოდის კაცური ძალაა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლაშა. გილოცავ შობა-ახალ წელს და, რა თქმა უნდა, იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც შენ მიაღწიე. სიმართლე რომ ვთქვათ, შენგან ოქროს მედალს არავინ ელოდა, თუნდაც ასაკისა და გამოუცდელობის გამო და, აქედან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივარი ორმაგად გაახარე. მაგრამ ერთია წარმატების მიღწევა და მეორე - მისი შესარჩუნება, რაც საკმაოდ რთულია, რადგან შემდეგ გამოსვლებში შენ მეტი წნეხი და მეტი პასუხისმგებლობა გექნება. შენთვის რას ნიშნავდა ეს წარმატება და რას აკეთებ იმისთვის, რომ კიდევ დიდხანს იყო მოწინავეთა შორის?
- გეთანხმებით, შედეგის შენარჩუნება ძნელია. პირადად ჩემთვის ახლა იწყება სპორტული კარიერა და არ ვაპირებ უკან დახევას. სამომავლო გეგმები უკვე დასახული მაქვს და მაქსიმალურად შევეცდები მათი განხორციელებით გულშემატკივრის გახარებას.

ფსიქოლოგიური მომენტიცაა. ოლიმპიადის შემდეგ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და იქ აღვნიშნე, რომ ოლიმპიადაზე არ მინერვიულია ისე, როგორც აქ, რადგან არ მეპატიებოდა რამის დათმობა.

სპორტია და კონკურენციაა, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემსას გავაკეთებ...

მკითხველი:
- რაზე ფიქრობდი იმ მომენტში, როდესაც ბოლო ატაცს აკეთებდი? გქონდა თუ არა გათვითცნობიერებული, რომ შესაძლოა ამ ატაცით ჩემპიონი გამხდარიყავი და რეკორდიც კი მოგეხსნა?
- იმ მომენტში ვერაფერს ვაცნობიერებდი. შეჯიბრებებზე მანამდეც მსურდა ამ წონის შეკვეთა, მაგრამ მეუბნებოდნენ, ჯერ არ გვინდა, მოვა მაგის დროც, არ გვეჩქარებაო და ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო.

ვცდილობ ატაცში მაქსიმალური შედეგი ჩავდო. რიოში ვიცოდით, რომ ატაცში ძლიერ ფორმაში იყვნენ სპორტსმენები და სულ ვიძახდი,  ატაცში 1-2 კილოთი რომ მომიგოს, აკვრაში უეჭველი მოვუგებ-მეთქი.

შეჯიბრის შემდეგ ვაცნობიერებ რა და როგორ მოხდა. ვიდეოებს ვუყურებ და მათი ნახვისას, ხშირად მიკითხავს, ეს მართლა მე გავაკეთე?

მკითხველი:
- გარდა რიოში მიღწეული წარმატებისა, შენ ცოტა ხნის წინ დაგასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად, რაც გულშემატკივრის მხრიდან ერთგვარი მადლობა იყო შენი წარმატების საპასუხოდ. რას ჰპირდება ლაშა ტალახაძე იმ ხალხს, ვინც შენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი?
- პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც წლის საუკეთესო სპორტმენად ჩამთვალა და ეს ჯილდოც მერგო.

მომავალზე ფიქრი დაწყებული მაქვს, შეჯიბრებებისთვის ვემზადები და ვეცდები წარმატებით გაგახაროთ.

მკითხველი:
- როდის დაისახე მიზნად, რომ სწორედ სპორტის ამ სახეობას გაყოლოდი და ვისი დახმარებით მიიღე ეს გადაწყვეტილება?
- 2010 წელს, როცა მამაჩემმა თბილისში წამომიყვანა და გახოკიძეს ჩამაბარა. თვითონაც არ მჯეროდა წარმატების მიღწევის, მაგრამ სწორი ვარჯიშით, სწორი კვებით მოვედი დღევანდელ დღემდე.

მართლა არ მჯეროდა, რომ რამე გამომივიდოდა ძალოსნობაში და ვიძახდი კიდეც, ეს თუ არ გამოვა, წავალ სხვა სპორტს ავირჩევ რამეს.

2010 წელს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოვიპოვე და მაშინ მივხვდი, რომ მეტი შემიძლია და უფრო სერიოზულად მივუდექი საქმეს.

მკითხველი:
- ლაშა, გილოცავ ახალ წელს და იმ აღიარებებს, რომლებიც დამსახურებულად მოიპოვე... რომელი უფრო მძიმეა: ის სიმძიმე, რაც ოლიმპიადაზე დაძლიე თუ ის გზა, რაც ამ შტანგის აწევამდე გაიარე?
- შედეგის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. ბევრ ტრავმად გვიჯდება ეს ყველაფერი. ის გზა, რომელიც მანამდე უნდა გაიარო, ბევრად რთულია.

მკითხველი:
- როგორც ნაკრების ექიმმა თქვა, ოლიმპიადამდე ორი დღით ადრე ტრავმა მიიღე. მიუხედავად ამისა, გამოხვედი და შენი საქმე დამაჯერებლად გაააკეთე. როგორ ახერხებ ასეთ დროს მსგავსი სიმშვიდის შენარჩუნებას?
- წელის ტრავმები, სიცხეები მქონდა მანამდე, მერე შევედი ფორმაში და ისევ ტრავმა მივიღე. თუმცა ყველაფერი გათვიცნობიერებული მქონდა და მთავარი იყო, ისეთი ტრავმა არ მქონოდა, რომელიც შტანგის აწევაში შემიშლიდა ხელს.

საბედნიეროდ, მასეთი ტრავმა არ მიმიღია და ხელიდან ვერ გავუშვებდი ამ შანსს.

მკითხველი:
- რიომდე ატაცში 200 და აკვრაში 238 კილოზე მეტი საწყის წონად არასდროს შეგიკვეთავს. ოლიმპიადაზე კი საკმაოდ მაღალი წონებით დაიწყე შეჯიბრება. რატომ?
- რიოში უკვე ვიცოდით, რომ დასაკარგი არაფერი იყო. წლები ვემზადებოდი ამ შეჯიბრისთვის. ოლიმპიადაზე როცა გადიხარ, უნდა გარისკო. მზად ვიყავი ამ რისკისთვის.

ვარჯიშებზე 3-4-ჯერ მიწევდა წონების დაძლევა და რიოში საწყისი წონები არ იყო ის, რაც მიჭირს. 200 კილო არაფრად მიმაჩნდა... უფრო დიდი წონებზე როცაა საუბარი, მაშინ უფრო კონცენტრირებული ვხვდები.

მკითხველი:
- ოლიმპიადაზე ორი ცდის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი იყავი. უმოტივაციომ, რატომ გადაწყვიტე ახალ წონას შესჭიდებოდი?
- მსურდა დამემტკიცებინა, რომ ღირსეული ჩემპიონი ვარ. მწვრთნელებს ფსიქოლოგიურად ისე კარგად ვყავდი მომზადებული, რომ რეკორდის მოხსნა ვისურვეთ. მზად ვიყავი და დავძლიე ეს წონა.

წასვლამდე 255 კგ-იანი შტანგის აწევამ ტრავმა მიმაღებინა, რიოში ვარჯიშის დროსაც ვერ ავწიე, შეჯიბრზე კი მოვახერხე...

მკითხველი:
- ლაშა, გილოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას. მაინტერესებს, რომ არა ძალოსნობა, რა საქმით დაკავდებოდი?
- არ ვიცი. რომ არა ძალოსნობა, ალბათ რაიონიდან წამოსული ბიჭი ვიქნებოდი, რომელიც იმუშავებდა აქ.

ყოველთვის ჩემი ოჯახისა და ქვეყნის სახელის უცხოეთში გატანა მსურდა და მივხვდი, რომ სპორტი ყველაზე კარგი გზაა, ამიტომ მას მივყევი.

მკითხველი:
- რამდენიმე ხნის წინ შენ ზაზა ფაჩულიას პირადად შეხვდი. აქტიურად დაუჭირე მხარი "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობაშიც. გიყვარს კალათბურთი? და რას გვეტყვი ფაჩულიაზე?
- ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, მან საქართველო ბევრჯერ ასახელა ქვეყნის გარეთ.

კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ფაჩულია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელია. როგორც ვიცი, ხმის მიცემა დასრულებულია. წარმატებებს ვუსურვებ მას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული