საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შოტლანდიის ძლევით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება ბოლო მატჩში მოიპოვა.

ქართველებმა ტურნირის ბოლოსწინა, 21-ე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიის ნაკრები 94:68 გაანადგურეს. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია და ბრიტანელ მეტოქეს იოლად სძლია.

საქართველოს ნაკრებში ყველა მისმა წევრმა ითამაშა. მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველაზე თითქმის თანაბრად გადაანაწილა - მეტოქის სიძლიერის დონე ბერუაშვილს ამის საშუალებას აძლევდა.

ქართველებმა შესანიშნავად ისროლეს სამქულიანები - 23 ცდიდან 11 ჩააგდეს. ყველაზე კარგი შედეგი გიორგი დვალს ჰქონდა, რომელმაც 5-დან 4 შორი სროლა ჩააგდო და საბოლოო ჯანში
12 ქულა დააგროვა.

ბომბარდირი კახა ტომარაძე გახდა. "ჰიუნდაის" ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 20 ქულა შეადგინა. 10-ქულიანი ზღვარი სანდრო სანაძემაც დაძლია, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა გახლდათ (4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი).

ამ მატჩით საქართველოს ნაკრებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა 21-ე ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება A დივიზიონში გადამსვლელებს - ელიტდივიზიონის საგზურები პოლონეთმა და მონტენეგრომ მოიპოვეს. მესამე საგზურის მფლობელი დღეს საღამოს ბელგია-მაკედონიის მატჩში გამოვლინდება.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 28 ივლისი
საქართველო 94:68 შოტლანდია
23:16, 21:18, 26:17, 24:17

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული