პირველი რაუნდის შემდეგ გუნდებს განსხვავებული საზრუნავი აქვთ. საუკეთესოთა ოქტეტი უმაღლეს ეშელონში აღსაზევებლად იბრძოლებს.
სამი საგზურის მაძიებელთა შორისაა საქართველოს ნაკრები.
13 აგვისტოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ინტერვიუდან (კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდიდან) ამონარიდები შემოგთავაზეთ.
გია კაზანჯიანი ჩემპიონატის განვლილ ეტაპს დადებითად აფასებს და მომავალ მეტოქეებზეც საკუთარ შეხედულებას გვამცნობს.
ჩვენი გუნდის მესაჭემ განაცხადა, რომ ბოლო, გადამწყვეტ მატჩში ავსტრიას სწორად შერჩეული ტაქტიკით ვაჯობეთო.
"ავსტრია ჩვენზე
ავსტრიელებისთვის ბურთის გადმოტანა რომ დაგვენებებინა, მოგების შანსი არ გვქონდა.
გადავწყვიტეთ, მთელ მოედანზე პრესინგი გვეთამაშა და მატჩის ბოლო 30 წუთზე მეტი სწორედ ამ ტაქტიკით ვითამაშეთ."
როგორც ვნახეთ, ტაქტიკამ გაამართლა - უპირველესი კონკურენტი ქართველებმა 81:65 დაამარცხეს და D ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით საგზურების მაძიებელთა რიგებს შემორჩნენ.
მე-2 რაუნდში, რომელიც 14 აგვისტოს იწყება, საქართველო ბოსნიას და დანიას დაუპირისპირდება (F ჯგუფში ჩვენი გუნდი უარყოფითი ბალანსით გადავიდა, რადგან ჩეხეთთან სასტარტო შეხვედრა 51:52 დათმო. არადა, პაექრობას ბოლო წამებამდე იგებდა).
აი, რას ამბობს გია კაზანჯიანი მომავალ მეტოქეებზე:
- ბოსნია მასპინძელია, რომელმაც ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და ამით ყველაფერია ნათქვამი. დანიაც ძლიერი გუნდია.
კარგი იყო, ეს გუნდები არ მოხვედრილიყვნენ ჩვენთან, თუმცა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ახლა უფრო მწარედ მახსენდება ჩეხეთთან 1 ქულით წაგება. ის მატჩი რომ მოგვეგო, 2 ქულა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაგვყვებოდა, მაგრამ რას ვიზამთ...
- რამდენად რეალურია მეორე ჯგუფიდან გასვლა?
- პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნახევარფინალში გასვლა უდიდესი წარმატება იქნება, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა, მალე გამოჩნდება...
* * *
ახლა კი პირველი რაუნდის შემდეგ შესარჩევ ჯგუფებში გუნდების სატურნირო მდგომარეობას გაგაცნობთ:
A ჯგუფი. ფინეთი-10 (358:260), მაკედონია-8 (352:308), პორტუგალია-8 (353:340), ესტონეთი-8 (310:293), ბულგარეთი-6 (269:321), ნორვეგია-5 (236:356).
B ჯგუფი. სლოვენია-8 (315:249), ინგლისი-7 (270:241), რუმინეთი-6 (288:279), შვეიცარია-5 (221:286), ირლანდია-4 (224:263).
C ჯგუფი. ბოსნია-ჰერცეგოვინა-8 (262:230), დანია-6 (290:259), ჰოლანდია-6 (247:229), ისრაელი-6 (288:266), სლოვაკეთი-4 (210:313).
D ჯგუფი. ჩეხეთი-10 (376:259), საქართველო-8 (348:285), ავსტრია-8 (312:316), უნგრეთი-7 (348:332), ლუქსემბურგი-6 (231:372), ბელორუსი-6 (310:361).
ამრიგად, საგზურებისთვის მებრძოლთა შორის აღმოჩნდნენ ფინეთი, მაკედონია, სლოვენია, ინგლისი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, დანია, ჩეხეთი, საქართველო. 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20.30 საათზე, კაზანჯიანის შეგირდები მასპინძლებს - ბოსნიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
აქვე E და F ჯგუფების კალენდარსაც გაგაცნობთ:
14 აგვისტო
E ჯგუფი. ფინეთი-ინგლისი, მაკედონია-სლოვენია, F ჯგუფი. ბოსნია-საქართველო, ჩეხეთი-დანია.
15 აგვისტო
E ჯგუფი. ფინეთი-სლოვენია, მაკედონია-ინგლისი, F ჯგუფი. ჩეხეთი-ბოსნია, დანია-საქართველო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"