მარნეულის გუნდს დარჩენილი 2 მატჩიდან 1 გამარჯვებაც ჰყოფნიდა, პირველი ადგილი რომ გაენაღდებინა და ეს პირველსავე ცდაზე მოახერხა. არადა, "ტიტებმა" შედეგიანად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 პერიოდი, ლიდერობდნენ კიდეც... "დელტამ" გარდატეხა ბოლო პერიოდში მოახდინა - ათწუთეული 24:14 მოიგო და მატჩი სასურველი ანგარიშით დაასრულა.
გამარჯვებულებს 20 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. 18 ქულა ირაკლი ალხანაიძის
პირველი გამარჯვება იზეიმა სეუ-მ, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 5 კალათბურთელით თამაშობდა, არაფერი დაუთმო "წყალტუბოს" და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა - 109:82.
ამ მატჩში დამყარდა "ა" ლიგის რამდენიმე რეკორდი. დავით მაისურაძემ 57 ქულა დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სამმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ცხოვრებოვმა, რომლის სამი შედეგიდან - 12 ქულა, 15 მოხსნა, 24 პასია - ყურადღებას ეს უკანასკნელი იმსახურებს. 24 - შედეგიანი გადაცემა ასევე უმეტესია "ა" ლიგის ორწლიან ისტორიაში.
სწორედ სეუ და "წყალტუბო" მოყვებიან გადათამაშებაში და იბრძოლებენ მომავალი სეზონის წინ ლიგაში დასარჩენად, ხოლო მომავალი სეზონის "ა" ლიგაში ადგილი გარანტირებული ექნებათ მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულ გუნდებს ("არენა", "თსუ-ჰიუნდაი", "ტიტები"), ასევე სუპერლიგიდან გამოვარდნილ კლუბს.
გუშინდელი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "თსუ-ჰიუნდაი" და "არენა" შეხვდნენ. სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება დარჩა "თსუ-ჰიუნდაის" (87:85), რომელმაც ამ გამარჯვებით "ა" ლიგაში მე-2 ადგილი გაინაღდა.
გამარჯვებულებს 21-21 ქულით სანდრო სანაძემ და დავით აფხაზავამ ულიდერეს. 13 ქულა დააგროვა გიორგი ფერიაშვილმა. "არენაში" საუკეთესო იყო პიტერ ალექსისი 26 ქულით და 24 მოხსნით.
ბოლო, მე-15 ტურის მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"