საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: და მაინც "არმია"

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, ნახევარფინალში გავიდნენ: "არმია", "ქუთაისი", "სოხუმი" და "დინამო".

მეოთხედფინალის პირველი მატჩი "რუსთავმა" შინ 81:64 მოიგო. 81-ს 64 რომ გამოვაკლოთ, 17-ს მივიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ "არმიას" თბილისში 17-ქულიანი ბარიერი ჰქონდა დასაძლევი, რაც კალათბურთში იოლი ამოცანა ნამდვილად არ არის. თუმცა კოტე ტუღუშის შეგირდებმა რამდენადაც სუსტად ჩაატარეს პირველი შეხვედრა, იმდენად კარგად გაისარჯნენ 23 იანვარს თბილისში და სრულფასოვანი რევანში აიღეს - 80:51.

თუნდაც მხოლოდ სტატისტიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული არმიელი შეხვედრას მობილიზებული შეხვდა: ექვსმა
კალათბურთელმა გადალახა ათქულიანი ბარიერი, ხოლო შეცდომათა რაოდენობა ერთი ციფრით გამოისახა - 9, მაშინ, როცა რუსთაველებმა 15-ჯერ დაკარგეს ბურთი.

მიუხედავად იმისა, რომ 10 მოხსნამდე ერთი არმიელიც ვერ ავიდა, ხოლო რუსთაველთა ღირსებას 224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი იცავს, მოხსნებში "არმიას" უპირატესობა თვალსაჩინო იყო - 51:27.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ძალოვნები ითამაშებენ, რომლებიც "ქუთაისს" დაეჭიდებიან. 1/2-ფინალები 27 თებერვალსა და 1-ელ მარტს გაიმართება.

23 იანვარი, თბილისი
არმია-რუსთავი 80:51
24:14, 19:16, 17:7, 20:14
არმია: ბაბუნაშვილი (3პ, 4ჩ), ბაბიაშვილი (11ქ, 9მ), ბოისა (10ქ, 6მ), ბერიშვილი (10ქ, 7მ, 4პ), ჯგერენაია (17ქ, 7მ), წივწივაძე (16ქ, 5მ, 7პ), ტუჯანი (11ქ, 6მ), ჩაჩიბაია (5ქ, 4მ), კეიდია, კვეტენაძე.
რუსთავი: მაჭავარიანი, გ. არაბული (1ქ), არწივიძე (4ქ), ხმელიძე (10ქ, 5პ), აბაიშვილი (9ქ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (2ქ), გუგავა (10ქ), მაისურაძე (2ქ), ათუაშვილი (13ქ, 8მ).

პირველ შეხვედრაში "ოლიმპმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია "დინამოს", 54:64 დამარცხდა. თუმცა ყველას კარგად მოეხსენებოდა, რომ განმეორებით მატჩში დავით თორთლაძის შეგირდებისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. ასეც მოხდა - "დინამომ" ორმაგი სხვაობაც არ იკმარა, 89:42 გაიმარჯვა და ნახევარფინალში "სოხუმს" დაუპირისპირდება.

მატჩის ოქმში არ მოიძებნა კომპონენტი, რომელშიც უპირატესობა დინამოელებს არ ექნებოდათ. მათ მეტოქე განსაკუთრებით სამწამიან ზონაში დაჯაბნეს: ფარქვეშიდან 50 ქულა მოაგროვეს, როცა "ოლიმპმა" 16 ჩააგდო. მოხსნებში - 55:30...

ხაზი უნდა გავუსვათ დინამოელი ზვიად ანთაძის თამაშს, რომელმაც სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა და 27 ქულას მოუყარა თავი (11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 7-დან 5 საჯარიმო).

23 იანვარი, თბილისი
დინამო-ოლიმპი 89:42
16:10, 24:8, 26:15, 23:9
დინამო: გამყრელიძე (5ქ, 6პ), ს. ლეჟავა, კარტერი (12ქ, 8მ), ბ. ლეჟავა (10ქ), ბიბილური, ლილუაშვილი (2ქ), მილოშევიჩი (12ქ, 11მ), პეშიჩი (7ქ, 7მ), ჭოჭუა (6ქ), ანთაძე (25ქ, 7მ, 3ჩ), ორმოცაძე (2ქ), სტოიაკოვიჩი (8ქ).
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (9ქ), გ. ბაქრაძე, მიქელაძე (2ქ, 3პ, 6მ), გოგოძე (4ქ), თენიეშვილი (4ქ), ათანელიშვილი (9ქ), ჩიტაშვილი (1ქ, 3პ), ფხაკაძე (2ქ), ალხანაიძე, მათიაშვილი (5ქ), ხიზანიშვილი (5ქ), ლომიძე (1ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული