სუპერლიგა. მეოთხედფინალები: "სოხუმი" სოხუმობს

AutoSharing Option
სუპერლიგაში მეოთხედფინალები "მცირე სენსაციით" დაიწყო. "სოხუმის" "შსს აკადემიასთან" გამარჯვებას მოგებული გუნდის უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ "მცირე სენსაცია" უწოდა.

სიტყვა "მცირე" ნამდვილად საჭიროა, რადგან წლევანდელ სეზონში ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისაა. მეოთხედფინალებმაც დაგვანახვა, რომ ფავორიტსა და აუტსაიდერს შორის სხვაობა ან სულ არ არის, ან ოდენ 2-3 ქულაა. პირველადგილოსანმა "დინამომ" ბოლო ადგილზე გასულ "მგზავრები-არმიას" 84:82 მოუგო, მაშინ, როცა "სოხუმმა" მეორეადგილოსან "შსს აკადემიას" 81:78 აჯობა. არანაკლებ საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და "ოლიმპს" შორის. რომ არა ბოლო წუთებზე მასპინძელთა გამოფხიზლება, კიდევ ერთი "მინი-სენსაციის"
მომსწრენი გავხდებოდით.

4 მაისი. თბილისი
შსს აკადემია-სოხუმი 78:81
24:22, 20:19. 19:15, 15:25

შსს აკადემია ქ მ პ
ბერიშვილი 7 6 1
მეტრეველი 9 6 0
როგავა 11 4 1
ჩიკვილაძე 4 5 6
ცინცაძე 15 5 5
შარაბიძე 16 9 1
წივწივაძე 9 6 4
ლომოური 7 2 0

სოხუმი ქ მ პ
ჩიტაშვილი 0 1 1
ჩლაიძე 22 4 1
შვანგირაძე 5 4 3
ბააკაშვილი 4 2 3
რევაზაშვილი 2 5 1
ჯგერენაია 8 16 4
პელე 32 5 2
ბექაური 8 3 0

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შსს-ელმა ბექა წივწივაძემ საჯარიმოთი თავისი გუნდის უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა (72:58). ეს, ლოგიკურად, გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ "შსს აკადემიას" დაავიწყდა, რომ "სოხუმი" არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება.

სწორედ ამის შემდეგ იფეთქეს ირაკლი ჩლაიძემ და პელე პეილეიმ. პირველის სამ სამქულიანს მეორემ ერთი მიამატა და 15:0 გაქცევის შემდეგ სოხუმელები 73:72 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაჩაღდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში პელემ სამიანიც გამოიყენა, არც საჯარიმოები აუცილებია და სოხუმს საოცარი გამარჯვება მოაპოვებინა.

სტატისტიკა არ ტყუის. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კოჭის ტრავმა მიიღო ბექა ბექაურმა, რომელიც "სოხუმს" ფარქვეშ დიდ სამსახურს უწევდა. იგი გიორგი რევაზაშვილმა შეცვალა და ისეთივე ენერგიით განაგრძო, როგორც მანამდე ბექაური თამაშობდა.

მონდომების წყალობით "სოხუმმა" შსს-ს მოხსნები არ დაანება - მხოლოდ ოთხით ჩამორჩა (43:47).
როგორც მოგახსენეთ, "სოხუმმა" თამაში სამქულიანებით შემოატრიალა. მან საბოლოოდ 12 სამიანი გამოიყენა, ხოლო საკუთარ კალათში 8 მიიღო.

გამორჩეული. შარშან ირაკლი ჩლაიძე იგორ კოკოშკოვმა ნაკრების შეკრებიდან ისე გამოუშვა, ამხანაგური მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული. არადა, ირაკლის ნამდვილად შეუძლია კრიტიკულ მომენტში ძალების კონცენტრირება და თუნდაც სამი სამქულიანის ჩაგდება. ამ მატჩით ჩლაიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა სერიოზული სანაკრებო განაცხადი. მის ანგარიშზე 22 ქულა დაფიქსირდა.

თუმცა მხოლოდ ჩლაიძეს როდი ეკუთვნის კომპლიმენტი, მთელმა გუნდმა გულიანად ითამაშა, პელე პეილეი კი პირველი წუთიდან ბოლომდე სტაბილური იყო და გამარჯვებაშიც 32-ქულიანი წვლილი შეიტანა.

როგორც ნამატჩევს "სოხუმის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ გვითხრა, გუნდის საქომაგოდ, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი იყო მისული. სხვათა შორის, ახალგაზრდობაში ისიც კალათბურთელი იყო.

კომენტარი
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- მივულოცავ "სოხუმს" დამსახურებულ გამარჯვებას, 40 წუთი იბრძოლა და სასურველ შედეგს მიაღწია. იყო მომენტი, როცა ჩემმა ბიჭებმაც და ალბათ, გულშემატკივარმაც, თამაში მოგებულად ჩათვალეს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ყოველთვის ვამბობ, რომ პლეი ოფში იოლი მეტოქე არ არსებობს. სამწუხაროა, რომ პირველი თამაში წავაგეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, 16 დაკარგვა გვქონდა, "სოხუმი" კი არ არის გუნდი, რომელსაც ამდენი შეცდომით მოუგებ. უნდა დავისვენოთ და მომდევნო თამაშისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- ფავორიტად "შსს აკადემია" ითვლებოდა, თუმცა მაყურებელს ლამაზ თამაშს დავპირდით და დაპირება ავასრულეთ კიდეც. ჩემი ბიჭების მჯეროდა. მათ დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. მადლობა ჩემს გუნდს თავდადებისა და ბრძოლისთვის, მადლობა გულშემატკივარს (ჩვენს საქომაგოდ იყვნენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები) და ჩვენს კაპიტანს, ირაკლი ჩლაიძეს, რომელმაც, ფაქტობრივად, პირადად მოიგო ეს შეხვედრა.

ირაკლი ჩლაიძე ("სოხუმი"):
- "შსს აკადემია" სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია და მთავარ ფავორიტებს შორისაა, თუმცა ეს პლეი ოფია, სადაც არ არსებობს ძლიერი და სუსტი, ყველა თანაბარია. ბიჭები დიდხანს ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. ბოლო ძალები მოვიკრიბეთ და გავიმარჯვეთ. ეს თამაში არა მე, არამედ მთელმა გუნდმა, მწვრთნელებმა, მთლიანად "სოხუმის" კოლექტივმა და გულშემატკივარმა მოიგო.

4 მაისი. თბილისი
დინამო-მგზავრები 84:82
20:19, 20:20, 24:15, 20:28

დინამო ქ მ პ
გამყრელიძე 22 3 9
ბ. ლეჟავა 17 3 4
ვახანია 7 5 3
ლონდარიძე 16 7 2
დიდია 3 4 0
მათიაშვილი 2 2 0
ორმოცაძე 3 1 0
შერმანი 12 12 1
ბაბუნაშვილი 2 0 0

მგზავრები-არმია ქ მ პ
ჯექსონი 12 4 5
გულისაბედაშვილი 0 0 0
ს. ლეჟავა 7 2 1
ჩაჩიბაია 17 4 0
ბოქოლიშვილი 13 2 3
ათანელიშვილი 7 12 0
მაკქინი 17 19 5
ჯინჭარაძე 4 2 2
იოსელიანი 5 3 1

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

გადამწყვეტი. პირველი მატჩის სცენარის გამეორებას თითქმის არაფერი უკლდა: საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე "დინამომ" 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (73:63). ამის შემდეგ "მგზავრებმა" მეოთხე სიჩქარე ჩართეს და გამარჯვებასაც მიუახლოვდნენ - მატჩის დასრულებას 58 წამი უკლდა, როცა ადრიკ მაკქინმა "დინამოს" საჯარიმოში ბურთი მიიღო, ჩააგდო, მაგრამ ტაბლოზე 77:76 არ აინთო, რადგან მსაჯებმა ადრიკზე გარბენი დააფიქსირეს. მაკქინს ის ბურთი რომ ჩაეგდო, "მგზავრები" სხვაობას მინიმუმამდე შეამცირებდნენ და კიდევ უფრო საინტერესო ბოლო წამების მომსწრენი გავხდებოდით. საპასუხო შეტევაში ლაშა გამყრელიძე ფარქვეშ შეძვრა, "დინამოს" უპირატესობა ხუთამდე (79:74) გაზარდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

სტატისტიკა არ ტყუის. "მგზავრები-არმიის" თავკაცმა ბუბა ბერიშვილმა ყურადღება ორ სტატისტიკურ კომპონენტზე გაამახვილა: მისმა გუნდმა 15 შეცდომა დაუშვა, "დინამომ" - შვიდი. დინამოელებს სწრაფ შეტევებშიც უპირატესობა ჰქონდათ: სწრაფი გარღვევით 28 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როცა "მგზავრებმა" მხოლოდ 19 ქულა მიითვალეს.

გამორჩეული. ჩაჩიბაია, ბოქოლიშვილი, მაკქინი, ჯექსონი. გადახედეთ მათ სტატისტიკას და დარწმუნდებით, რომ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს. თუმცა დინამოელთა შედარებით გამოცდილ კვარტეტს მაინც ვერ აჯობეს: ლონდარიძეს, შერმანს, ლეჟავას და გამყრელიძეს. მატჩის ბომბარდირი 22 ქულით ლაშა გამყრელიძე გახდა, პასების გრაფაში კი 9 ჩაიწერა.

კომენტარი
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- შეიძლება თამაში რამდენიმე მონაკვეთად დავყოთ. თავიდან ნორმალურად დავიწყეთ, შემდეგ პრობლემები გვქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ. მეოთხე პერიოდში ჩავარდნას თავი ვერ ავარიდეთ და პერიოდი 8 ქულით წავაგეთ. ბოლო 3-4 წუთში მოთამაშეები მოეშვნენ, რითაც მეტოქემ უმალ ისარგებლა. შეიძლება გამართლებაც იყო, თუმცა, ალბათ, მაინც ვიმსახურებდით მოგებას.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი):
- ბოლო წუთს გამოცდილება დაგვაკლდა და ამის გამო წავაგეთ. ბევრი შეცდომაც დავუშვით, 15 დაკარგვა გვქონდა, "დინამოს" – 7, პირველ შეტევაშიც დიდი სხვაობით წავაგეთ და ამიტომ დავისაჯეთ.

4 მაისი. რუსთავი

რუსთავი-ოლიმპი 78:75
23:13, 17:21, 12:24, 26:17

რუსთავი ქ მ პ
ჰამსი 9 5 0
ცეკვავა 6 2 3
ოგლესბი 32 4 2
აბაიშვილი 2 2 2
ჩაჩანიძე 0 0 0
ყველაშვილი 4 2 0
ჭოჭუა 8 5 2
ხმელიძე 4 6 2
ტუჯანი 1 0 1
დვალიშვილი 12 11 2

ოლიმპი ქ მ პ
კვანტალიანი 8 1 1
ლობჟანიძე 4 4 3
აბულაძე 8 4 1
კოკა ტომარაძე 9 5 4
ბაქრაძე 5 4 0
კახა ტომარაძე 5 3 0
გოგოძე 16 3 0
მირზიაშვილი 0 3 0
დუიკოვიჩი 4 7 2
ცირეკიძე 4 3 0
ნოსკოვი 12 6 2

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი

გადამწყვეტი. გარდამავალი უპირატესობით წარიმართაო, სწორედ ამ მატჩზე ითქმის. ჯერ "რუსთავი" იგებდა 14 ქულით, შემდეგ "ოლიმპმა" გაასწრო 15-ით, თუმცა მეოთხე პერიოდში მასპინძელთა გამოცდილებამ თბილისელები მაინც გადაწონა და "რუსთავმა" სერია მოგებით გახსნა.

სტატისტიკა არ ტყუის. არც ერთ კომპონენტში არ იყო ისეთი სხვაობა, აქ ყურადღების გამახვილება რომ ღირდეს. სწორედ ამიტომ გამოვიდა თანაბარი მატჩი, თითქმის თანაბარი ანგარიშით...

გამორჩეული. რუსთაველმა ტერენს ოგლესბიმ 32 ქულა ჩააგდო. მან განსაკუთრებული სიზუსტით სამქულიანები ისროლა: 13-დან 7 გამოიყენა.

კომენტარი
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
- პლეი ოფში მთავარი გამოცდილებაა და რუსთაველებმა ამის ხარჯზე გაიმარჯვეს. ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს მეტოქემ არ გვაპატია. 5 მაისს მომდევნო მატჩია და ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენკენაა.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. "ოლიმპმა" დაგვანახვა, რომ იოლად არაფერს დათმობს და ვნახოთ, ჩვენც საბრძოლოდ ვართ შემართულნი.

დღეს

5 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
14:00 დინამო-მგზავრები
16:00 შსს აკადემია-სოხუმი

5 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე
18:00 ქუთაისი-ბათუმი

5 მაისი. რუსთავი, ქიმიკოსთა დარბაზი
19:30 რუსთავი-ოლიმპი

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული