"შსს აკადემიამ" პირველად მოიპოვა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, როგორც მწვრთნელებმა, ასევე მოთამაშეებმა, ექიმებმა, გუნდის ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტმა...
რთულად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ დაგვიფასდა. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება", - აღნიშნა "შსს აკადემიის" მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
რას ნიშნავს "რთულად დაწყება"? პასუხისთვის განვლილ შემოდგომას უნდა "ვეწვიოთ": სექტემბერში გარკვეული არ იყო შსს-ს საკალათბურთო გუნდის საკითხი, ითამაშებდა თუ არა სუპერლიგაში. ბოლო მომენტში ყველაფერი დადებითად გადაწყდა, თუმცა
შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები შეთამაშებაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ დიდი დრო დასჭირდა გუნდის შეკვრას. მართალია, კოტე ტუღუშიც ამბობს, რომ გუნდი სრულყოფილად ერთ წელიწადში ვერ აშენდება, მაგრამ მაისში სულ სხვა "შსს აკადემია" ვიხილეთ, რომელიც ცეცხლოვანმა "სოხუმმა" მეოთხედფინალში გამოაფხიზლა.
შემდეგ მომავალმა ჩემპიონმა ნახევარფინალებსა და ფინალში შვიდიდან ერთადერთი მატჩი წააგო, ისიც მინიმალური სხვაობით.
მერვე 31 მაისს მიამატა - საქართველოს სუპერთასი "დინამოს" მოუგო. მეორე პერიოდიდან აკადემიელებმა ანგარიშში მცირე უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, მეორე ტაიმში დიდად ვერ განავრცეს, მაგრამ არც "დინამოსთვის" მიუციათ დაწევისა თუ გასწრების საშუალება. საფინალო ანგარიში ოქმში წერია.
რაც შეეხება სტატისტიკას, არ შეიძლება რამდენიმე ციფრზე ყურადღება არ გავამახვილოთ: ბესიკ ლეჟავამ სეზონი 36 ქულით დახურა, ლაშა გამყრელიძემ 10 პასი შეასრულა, ხოლო გიორგი ვახანიამ 15 ქულას მოუყარა თავი. "შსს აკადემიის" სნაიპერი ბექა წივწივაძე გახდა, 16 ქულა ჩააგდო გიორგი შარაბიძემ, 12 - ნიკა მეტრეველმა, ხოლო გიორგი ცინცაძემ სწორედ იმდენი ქულა მიიღო, რამდენიც მოხსნა და პასი შეასრულა - 15 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა.
ცინცაძე კარიერაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი. პირველად ჩვენი გაზეთის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში 2003 წელს გაიმარჯვა. მაშინ 17 წლისა იყო. კალათბურთის ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, გიორგიმ ამჯერად ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა - 114.
"წარმატებული სეზონი იყო, როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. "შსს-აკადემიამ" თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც სრულად ჩამოყალიბების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. სუპერთასი ჩვენი რიგით მესამე ტიტულია ამ სეზონში.
დიდი მადლობა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობას, გულშემატკივარს და საერთოდ, ყველას, ვინც ჩვენს მატჩებზე დადიოდა", - აღნიშნა გიორგიმ.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა "შსს-აკადემიის" თავკაცი კოტე ტუღუში, რომელსაც დიდი ქართველი საკალათბურთო სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა ვაჟა გვანცელაძემ გადასცა.
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის ოჯახმა დააწესა და მისი მფლობელი გახდა კლუბ "ოლიმპის" მოთამაშე ნოდარ გოგოძე. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდის პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა - სალომემ და იოანემ გადასცეს.
"გამორჩეული მოთამაშის პრიზი" წლეულს პირველად გათამაშდა. იგი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა და სეზონის გამორჩეული მოთამაშისთვის დარსაძის ოჯახმა დააწესა. ნოდარ გოგოძეს ეს თასი დაღუპული კალათბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.
ნოდარ გოგოძე: "ჩემთვის პირველი ინდივიდუალური პრიზებია. რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ძალიან დიდი სტიმულია. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ გელა დარსაძის სახელობის პრიზი მივიღე, იგი ჩემი ნათლია და ერთ-ერთი მასწავლებელი იყო".
პოსტსკრიპტუმის ნაცვლად - ბოლო წლების მაგალითების გათვალისწინებით, არ შეიძლება, ერთი ნიუანსი გამოგვრჩეს. თქვენ ნიუანსი ეძახეთ და ქართული კალათბურთის განვითარებაზე კი დიდ გავლენას ახდენს (უარყოფითს) - ბოლო ორი სეზონია ქართული კლუბები ევროსარბიელზე არ თამაშობენ. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, საქართველო პოლიტიკურად ევროპისგან იზოლირებული იყოს, არ სურდეს, მსოფლიოს საკუთარი თავი დადებითი კუთხით გააცნოს.
იმედს ვიტოვებთ, რომ "შსს აკადემია" ორწლიან ვაკუუმს საბოლოოდ გაარღვევს და ევროჩელენჯზე ღირსეულად გამოვა.
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი
31 მაისი. თბილისი, არენა
შსს აკადემია-დინამო 84:76
25:21, 20:19, 25:17, 14:19
შსს აკადემია: ბერიშვილი, მეტრეველი (12ქ, 6მ), როგავა (2ქ), ჩიკვილაძე (12ქ, 6პ), ცინცაძე (15ქ, 7მ, 8პ, 3ჩ), ლოლიშვილი (3ქ), შარაბიძე (16ქ), წივწივაძე (19ქ), ლომოური (3ქ, 9მ), ბიბილური (2ქ).
დინამო: გამყრელიძე (5ქ, 10პ), ბ. ლეჟავა (36ქ, 5მ), ვახანია (15ქ, 5მ), დიდია (9ქ, 5მ, 4პ), მათიაშვილი (4ქ, 5მ), ორმოცაძე (5ქ), შერმანი (2ქ), ბაბუნაშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
* * *
სუპერლიგის 2015-16 წლების სეზონის მონაწილე გუნდების ვინაობა ცნობილია. ასეთი რამ მაისში არ დაგვიწერია, რადგან არათუ გაზაფხულზე, ოქტომბერშიც კი არ იყო გარკვეული, სუპერლიგაში ვინ ითამაშებდა და ვინ - არა. ასეთი სურათი ბოლო წლებში არავის უკვირდა, თუმცა კალათბურთის განვითარების პროექტის ამოქმედებით გუნდებსაც საარსებო წყარო გაუჩნდათ და სიტუაციაც დარეგულირდა.
სუპერლიგის 2014-15 წლების დასრულების ბოლოს უმაღლესი და "ა" ლიგების ოთხმა გუნდმა გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა იმის გასარკვევად, მომდევნო სეზონში რომელი რომელ ლიგაში ითამაშებდა.
"სოხუმმა" ორი მატჩის ჯამში მოუგო "ა" ლიგის მეორეადგილოსან "წყალტუბოს" და ზედა ეშელონში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო "ოლიმპისა" და "არენა 76"-ის დაპირისპირებაში გუნდებმა გამარჯვებები გაცვალეს.
უფრო დიდი სხვაობით (8 ქულით) ოლიმპელებმა იმარჯვეს და "სოხუმის" მსგავსად, სუპერლიგაში ადგილი მათაც შეინარჩუნეს.
სუპერლიგა. გადათამაშება
30 მაისი. თბილისი, აკადემია
სოხუმი-წყალტუბო 77:66
15:13, 25:22, 17:14, 20:17
სოხუმი: ჩიტაშვილი (3ქ), დ. დვალიშვილი, ჩლაიძე (20ქ. 6მ, 3პ), შვანგირაძე (12ქ, 5მ), ბააკაშვილი (3ქ), ჯგერენაია (11ქ 8მ), პელე (21ქ, 11მ, 4პ), ბექაური (7ქ).
წყალტუბო: ალფეროვი (20ქ, 4პ), კუჭავა (17ქ, 10მ, 4პ), ფაჩუაშვილი, კორკოტაძე (3ქ, 7მ), კანდელაკი (4ქ, 6მ), რიხლიუკი (20ქ, 8მ), არუთინოვი (2ქ).
პირველი მატჩი: 77:7430 მაისი. თბილისი, არენა
ოლიმპი-არენა 81:82
14:21, 20:16, 18:28, 29:17
ოლიმპი: გუგეშაშვილი (8ქ), კვანტალიანი (2ქ), აბულაძე (10ქ, 4პ), კოკა ტომარაძე (9ქ, 6მ, 3პ), ბაქრაძე (2ქ), გოგოძე (3ქ), მირზიაშვილი, დუიკოვიჩი (20ქ, 26მ), ცირეკიძე, ნოსკოვი (27ქ, 7მ).
არენა 76: ბაინუმი (28ქ, 5მ), ტეტელაშვილი (2ქ, 6მ, 4პ), ბაქრაძე, მაჩალაძე (10ქ, 9მ, 4პ), კოსენკოვი (13ქ, 6მ, 3პ), ლომიძე (18ქ), ახალკაცი, ანთაძე (10ქ, 5მ, 4პ), გონგაძე (1ქ).
პირველი მატჩი: 86:78
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"