ბესიკ ლიპარტელიანი: არ არის გამორიცხული, ნაკრებში ორი ნატურალიზებული გამოჩნდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის თურქეთიდან დაბრუნებას დაემთხვა.

იგი ფიბა-ს პრეზიდენტ ივან მაინინის შეხვდა. ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს, რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტებმა...

- ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვით მწვრთნელებს უნდა მივმართოთ, მაგრამ ნატურალიზებული კალათბურთელების ამბავი თქვენ გარეშე ვერ მოგვარდება...
- სანაკრებო სიაშია ჯეიკობ პულენი, რომელიც ჩვენთან შარშანაც თამაშობდა. შესაძლოა, მხოლოდ ის იყოს გუნდში.

თუმცა არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი ამერიკელი უკანახაზელი ან მეფარე გამოჩნდეს, ან ორივე ერთად... სანაკრებოდ უცხოელი კანდიდატების შერჩევაც მწვრთნელების პრეროგატივაა და ამ საკითხზე იგორ კოკოშკოვი
აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვეხმარებით.

- მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი კალათბურთელების უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ აპირებს?
- იგი სისტემატურად ადევნებს თვალს ჩვენს ჩემპიონატს, ვუგზავნით მატჩების ჩანაწერებს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას საქართველოში ჰყავს ორი კარგი თანაშემწე: დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში, რომლებიც იგორ კოკოშკოვთან მუდმივად კონტაქტში არიან.

იმასაც გეტყვით, რომ ნაკრების სია საბოლოო არ არის. სუპერლიგაში ნახევარფინალური ეტაპი ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა, თუ ვინმე თავს გამოიჩენს, მწვრთნელმა შემადგენლობაში შეიყვანოს.

- არანაკლებ საინტერესოა, რა ითქვა ფიბა-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე...
- ფიბა-ს პრეზიდენტმა ევროპის ათი ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელობა მიიღო. ჩვენ გარდა იყვნენ უკრაინელები, სერბები, ბერძნები, თურქები, ბელორუსები, აზერბაიჯანელები...

ივან მაინინიმ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ გადაწყვეტილი აქვს ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი ეტაპების ჩატარება.

ამ პროექტის მიხედვით, ევროპის პირველობა ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს (არადა, აქამდე ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა - ავტ.). კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ უარყოფითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.

გარკვეულია ისიც, რომ ევროპის ზონაში შესარჩევ ეტაპებზე 32-32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. თუმცა რამდენი მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის საგზურს, ზუსტად ცნობილი არ არის.

- თუ ფიბა ახალ ფორმატს შემოიღებს, მატჩები ნოემბერში, თებერვალში და სხვა ისეთ თვეებში უნდა გაიმართოს, როცა NBA-ს სეზონი მიმდინარეობს. გამოუშვებენ ამერიკელები ევროპელებს ნაკრებებში?
- ამ საკითხზე საინტერესო პასუხი მივიღეთ. ფიბა-ს ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ NBA-სთანაც და ევროლიგასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაგვაიმედეს, რომ როცა ახალი შესარჩევი ფორმატი ძალაში შევა, NBA და ევროლიგა კალათბურთელებს ვერ შეაფერხებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით უსტიაშვილი: ახალგაზრდები ახლა უნდა შეეჩვიონ სანაკრებო ატმოსფეროს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული