მოსაზრება. ევრობასკეტი 2013: ნატურალიზებული - ჰეი, ვინ მოდის მანდ...

AutoSharing Option
ფოტოზე: ვიქტორ სნიკიძე და ბობი ბრაუნი

გასულ კვირას სტატიაში "რაღა გვეშველება ფაჩულიას გარეშე" ვიმსჯელეთ საქართველოს ნაკრების ტანმაღალ კალათბურთელებზე (იხილეთ სრულად).

ოღონდ ყურადღება გავამახვილეთ სანაკრებო დონეზე გამოცდილებზე. მწვრთნელს შეუძლია, ახალწვეულებიდან საუკეთესოები ძირითად ბირთვს დაახმაროს და მივიღოთ საინტერესო ნაზავი, თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა.

მათზე, ვისაც გაფართოებული შემადგენლობიდან 12-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი აქვს (როგორც უკანახაზელებს, ასევე ფორვარდებსა და ცენტრებს), მოგვიანებით დავწერთ. დღეს ამერიკელებს მივხედოთ.

ლატვიის ნაკრების თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა თქვა, ამა თუ იმ ეროვნულ გუნდს ლეგიონერი ორ შემთხვევაში სჭირდება: თუ გუნდს ერთი
უცხოელის დამატების შემდეგ კონკრეტულად რამე შედეგის მიღწევის შანსი გაუჩნდება და მეორე - თუ ნატურალიზებული ადგილობრივებს ზრდაში ეხმარებაო.

ლატვიელი სპეციალისტის სიტყვები ქართულ ჭრილში განვიხილოთ. შარშან ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშობდა ჯეიკობ პულენი, რომელიც მაშინ 23 წლისა და საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოუცდელი იყო.

შესაბამისად, მისგან ადგილობრივები ბევრს ვერაფერს ისწავლიდნენ. რაც შეეხება შედეგს, პულენი დაგვეხმარა ჯგუფიდან გამსვლელ სამ გუნდს შორის მოხვედრაში.

ასე რომ, თუ ბაგაცკისის ფილოსოფიით ვიმსჯელებთ, ჯეიკობის დამატება გაუმართლებელი იყო იმიტომ, რომ მისგან ბევრს ვერ ვისწავლიდით და გამართლებული იყო იმიტომ, რომ იმ დონისა ნამდვილად გახლდათ, ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაში დახმარებოდა.

გავიდა ერთი წელი და ჩვენი ნაკრების მიზნებიც შეიცვალა. თუ შარშან სამეულში მოხვედრას ბოსნიის, ლატვიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მოხვედრილ გუნდს ვთხოვდით, წლეულს ევრობასკეტზე ვითამაშებთ და სამეულისთვის დავეჭიდებით ესპანეთს, ხორვატიას, სლოვენიას, პოლონეთსა და ჩეხეთს.

პულენმა სეზონი ისრაელში დაიწყო, გაზაფხულიდან კი იტალიურ "ვირტუსში" გადავიდა. 20-30 ქულას ხშირად აგროვებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ სეზონში პულენი იმდენად გაიზარდა (პროფესიულად), რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გაგვიყვანოს.

ამას არც სხვა რომელიმე ექსტრა-კლასის ნატურალიზებულ ამერიკელს დავავალდებულებთ, მაგრამ 2011 წლის ევრობასკეტის მაგალითი საკმარისი უნდა იყოს შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

აი, რას ვგულისხმობთ: 2011 წელს ლიტვაში საქართველოს ნაკრებს მარკიზ ჰეინსი დაემატა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა ჩატარებული ევროპაში (ფრანგულ "შალონში"). პიროვნულად კარგი ბიჭი ჩანდა, უკრაინელთა ამერიკელზე, სტივ ბურტზე უკეთესადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ბულგარელ ერლ როულანდს რომ შეეჭიდა, ბევრი არაფერი გამოუვიდა.

გავიდა რამდენიმე დღე და ჰეინსს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მაკედონიელი ბო მაკალები ჩააბარა: ბოლო შეტევაში მაკალებისთვის ხელი სწორედ მარკიზს უნდა შეეშალა, მაგრამ მაკედონიელთა ამერიკელი ჯერ ჰეინსს დაუსხლტა, შემდეგ ფარქვეშ დახვედრილ ცქიტიშვილს და ორი ქულის სხვაობით წავაგეთ.

გაგახსენებთ, რომ ბულგარეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გადამწყვეტ მომენტში თამაში საკუთარ თავზე სწორედ როულანდმა აიღო, სამქულიანიც ჩააგდო, პერიმეტრზე შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, ფარქვეშაც შევიდა... მოკლედ, გააკეთა ის, რაც ასეთ მომენტებში გამოცდილ უკანახაზელებს ევალებათ. და თამაში მოიგო - 79:69.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ამა თუ იმ მარცხს უცხოელს ვაბრალებდეთ; უბრალოდ, საჭირო იყო რამდენიმე ფაქტის გახსენება იმის საილუსტრაციოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ესპანელ, ხორვატ და სლოვენიელ უკანახაზელებთან საპაექროდ ჰეინსსა და პულენზე გამოცდილი ამერიკელი გვჭირდება.

ისიც უნდა დავამატოთ: გვჭირდება იმ შემთხვევაში, თუ მისი დახმარებით ჯგუფიდან გასვლა რეალური იქნება, თორემ სხვა შემთხვევაში, სჯობს, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს მივცეთ გიორგი ცინცაძის შემცვლელის სტატუსი და სამომავლოდ სოლიდურ გამოცდილებასაც მიიღებს.

მაგრამ, რადგან კალათბურთის ფედერაცია, მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად, აქტიურად მუშაობს ამერიკელი უკანახაზელის ნატურალიზებაზე (არა მხოლოდ გამთამაშებლის), გამოდის, ჯგუფიდან გასვლასაც ისახავს მიზნად და ახლა ბევრიც რომ ვამტკიცოთ, საქართველოს ნაკრებში სხვა ეროვნების მოთამაშე არ გვჭირდებაო, წყლის ნაყვა იქნება.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, რომ იანვარში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იტალიის "მონტეპასკის" ლიდერ ბობი ბრაუნთან, მაგრამ უარი შემოგვითვალა.

როგორც ჩანს, თანაკლუბელი ვერც ვიქტორ სანიკიძემ დაითანხმა. ასევე, დასახელდა "ეფესის" გამთამაშებლის, ჯორდან ფარმარის გვარი. მანაც უარი გვითხრა. როგორც ერთი, ასევე მეორე ამერიკელი უპირველეს საკლუბო შეჯიბრებაში, ევროლიგაზე გამოცდილი კალათბურთელია. ორივეს უთამაშია NBA-ს გუნდებში, თანაც არაერთი წელი...

ბობიცა და ჯორდანიც ევრობასკეტზე საგრძნობლად გაგვაძლიერებდნენ, მაგრამ... არაო. თუმცა ამ გვარების დასახელებამ იმედი გაგვიღვივა: ვინაიდან კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ქართული პასპორტი მაღალი დონის კალათბურთელებს შესთავაზეს, საბოლოოდ სწორედ ასეთი შეგვრჩება.

დავინახეთ ისიც, რომ ძიება ევროლიგის კლუბებში მიმდინარეობს. იქ კი ჩვენთვის არაერთი საინტერესო გვარია, რომელთა შორისაა ზაზა ფაჩულიას ყოფილი ("ატლანტაში") და გიორგი შერმადინის ("ოლიმპიაკოსში") ამჟამინდელი თანაგუნდელი ეისი ლოუ.

იგი ბერძნულ კლუბში გამთამაშებლადაც თამაშობდა და მსროლელადაც - სპანულისთან ხშირად ცვლიდა პოზიციებს.

გასულ სეზონში მილანში გამოდიოდა 30 წლის კეიტ ლენგფორდი...

კიდევ არაერთი ჩვენთვის შესაფერისი უკანახაზელის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ესეც წყლის ნაყვის სფეროდან იქნება, რადგან როგორც ვიცით, ერთ გამთამაშებელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული. ოღონდ ერთ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს - სამქულიანებში არ უნდა მოიკოჭლებდეს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ამ ციკლის მომდევნო პუბლიკაციაში წაიკითხავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული