გიორგი შერმადინი - ევროლიგის მწვერვალიდან ევრობასკეტისკენ

AutoSharing Option
როცა საგამომცემლო სახლის ეზოს ტოვებდა, გიორგი შერმადინს ვერცხლისფერი თასი იღლიაში ჰქონდა ამოდებული.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა გადმომილაპარაკა - ეს თასი მისთვის ძალიან პატარააო.

მას ნებისმიერი თვითმხილველი დაეთანხმებოდა, რადგან 216 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ნებისმიერი თასი "სათითედ" გამოჩნდებოდა.

თუმცა ზომა-წონაზე მნიშვნელოვანი ფასია - ევროლიგის ჩემპიონობა "ოლიმპიაკოსის" ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს მრავალწლიანი შრომის და დიდი ოფლის ფასად დაუჯდა.

როგორც გიორგის ქართველმა მწვრთნელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა თქვა, საკალათბურთო წიწილების დათვლის დრო გაზაფხულზე დადგა. გიორგის მოვუსმინოთ.

- როცა მთელი სეზონის განმავლობაში შრომობ და ბოლოს დაგიფასდება, ამაზე სასიამოვნო
არაფერია. ამა თუ იმ ჯილდოს მოგება ნებისმიერი სპორტსმენისთვის დიდი სტიმულია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ევროლიგას.

ამ ტურნირში ჩემპიონი 2009 წელსაც გავხდი, მაგრამ მაშინ ფინალური ოთხეულის მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია,

ახლა კი წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ფინალში "რეალის" ძლევით ყველა გახარებული იყო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, ევროპაში მარტო ჩვენ ვიყავით.

თემა ჯამლეტ ხუხაშვილმა განაგრძო.

- NBA-ში ჩემპიონებს ბეჭდებს აძლევენ. კარლ მელოუნი ბევრს ეცადა, მაგრამ კარიერა ბეჭდის გარეშე დაასრულა. ევროპაში ყველაზე მთავარი საკლუბო ტიტული ევროლიგის ჩემპიონობაა.

საამაყოა, რომ ქართველებს გვყავს ეროლიგის ორგზის მფლობელი გიორგი შერმადინი. სხვათა შორის, იგი კარიერას რომ იწყებდა, იმედი გამოვთქვი, სოფელ ნატახტარს მთელი მსოფლიო გაიცნობდა. შერმადინის დამსახურებით ასეც მოხდა.

მწვრთნელმა გაიხსენა, რომ ორ ძმა შერმადინს (თბილისის "მაქაბიში" გამოდიოდნენ) თავისი ვაჟის, მიშას ბინის გასაღები მისცა, მაგრამ ძმები მაინც ნატახტარიდან დადიოდნენ.

ევროლიგას დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც "ოლიმპიაკოსს" ევროლიგა მოაგებინა. ამ საქმეში გიორგი შერმადინი დაგვეხმარება:

- ლონდონში ფინალური ოთხეულის მატჩებზე წასვლამდე ჩვენმა მწვრთნელმა გიორგიოს ბარძოკასმა პრესკონფერენცია გამართა, რის შემდეგაც კალათბურთელები შეგვკრიბა და გვითხრა: ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-ს ვხვდებით, გუნდს რომელიც შარშან ევროლიგის ფინალში დავამარცხეთ.

ამჯერად უპირატესობა მეტოქის მხარესაა - ბიუჯეტის სიდიდეს თავი რომ დავანებოთ, ცსკა-ს შარშანდელის გამო რევანში აქვს ასაღებიო.

პარალელურად, რუსეთში არმიელთა მწვრთნელმა ეტორე მესინამ თქვა - "ოლიმპიაკოსს" მოვუგებთო.

ჰოდა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მწვრთნელმა მოგვიწოდა ნახევარფინალს მაქსიმალურად მომზადებულნი და მობილიზებულნი შევხვედროდით.

სწორედ სათანადო კონცენტრაციის გამო, თითქმის ყველა ტყორცნა გამოვიყენეთ, ხოლო რუსებმა ბევრი ააცილეს.

საბოლოოდ დიდი სხვაობითაც ვიმარჯვეთ. მობილიზება არც ფინალში დაგვკლებია და ვფიქრობ, "ოლიმპიაკოსმა" სეზონში საუკეთესო დაცვა სწორედ ევროლიგის ნახევარფინალსა და ფინალში ("რეალის" წინაღმდეგ) ითამაშა.

ნახევარფინალური ეტაპის საუკეთესო მომენტად ევროლიგის საიტმა გიორგი შერმადინის მოქმედება აღიარა - ქართველმა ერთ ეპიზოდში მეტოქის კალათიდან ბურთი სამჯერ მოხსნა და საბოლოოდ ორქულიანი რომ ჩააგდო, არმიელებს ჯარიმა დასტყუა.

- უკეთესი იქნებოდა, ბურთი თავიდანვე ჩავარდნილიყო, - თქვა გიორგიმ. მწვრთნელი არ დაეთანხმა:

- იმ მომენტში შერმადინის წინააღმდეგ ცსკა-სა და ევროპის საუკეთესო მეფარეები იბრძოდნენ.

სწორედ ბურთის სამჯერ მოხსნით გამოჩნდა გიორგის უპირატესობა, აგრესია, ფიზიკური ძალა, მოხერხება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, კალათბურთელი დიდ გუნდში მსგავსი ეპიზოდის ხილვის შემდეგ რომ აუყვანიათ.

სკამების წვიმა, პეტარდების  ქუხილი
ევროლიგური წარმატება "ოლიმპიაკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში ვერ გაიმეორა - "პანათინაიკოსთან" ფინალურ სერიაში 0:3 დამარცხდა.

- თუ ევროლიგის ფინალური ოთხეულისას საუკეთესო დაცვა ვუჩვენეთ, საბერძნეთის ჩემპიონატის ფინიშზე ყველაზე ცუდად გავისარჯეთ დაცვაში.

სერია 0:3 წავაგეთ. ეს დიდი სირცხვილი იყო. მწვრთნელმაც გვითხრა, რომ ევროლიგის მოგების მერე "დავნაყრდით, მშივრები არ ვიყავით" და "პანათინაიკოსთან" ამიტომაც წავაგეთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საბერძნეთში ფინალური სერიის ბოლოს სკამების მტვრევა და მოედანზე გადმოყრა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

შერმადინმა ელინთა ჩემპიონატის გადამწყვეტ სერიაში რამდენჯერაც ითამაშა, იმდენჯერ მოუწია მოედნიდან ნაადრევად გასვლამ.

- სამი წლის წინათ "პანათინაიკოსში" ვთამაშობდი. სირენამდე წუთით ადრე "ოლიმპიაკოსთან" სტუმრად 7 ქულის სხვაობით ვიგებდით და წამოვიდა სკამების წვიმა. ძლივს გავასწარით.

ზუსტად იგივე განმეორდა წლეულს. ოღონდ ამჯერად მეორე მხარეს ვიყავი. "ოლიმპიაკოსის" ქომაგებს მესამე შეხვედრის ბოლოსთვის სკამები უკვე დამტვრეული და დამარაგებული ჰქონდათ.

წუთნახევრით ადრე კი მოედანზე გადმოყარეს, რასაც პეტარდების ცეცხლი და ბოლი დაერთო.

სხვათა შორის, ფინალური სერიის პირველ შეხვედრას სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც დაესწრო. კიდევ კარგი, ბოლო შეხვედრაზე არ მოუწია მოსვლამ...

მანუს გვერდით? სიამოვნებით

სეზონის დასრულებასთან ერთად გიორგი შერმადინსაც ამოეწურა საკონტრაქტო ვადა "ოლიმპიაკოსთან". საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას.

- გასულ სეზონში იმდენი სათამაშო დრო არ ჰქონდა, რამდენსაც იმსახურებდა, - გვითხრა ჯამლეტ ხუხაშვილმა, - გიორგის ევროპაში თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე უჩვენებს.

ამიტომ, მომავალი სეზონისთვის კარგი იქნება ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც ბოლომდე ენდობიან და სათამაშო დროც საკმარისად ექნება.

გაჟღერდა ევროლიგაზე მოასპარეზე "ბუდიველნიკის" ვარიანტი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.

მოგახსენებთ, რომ საქართველოდან ევროპულ კალათბურთში შერმადინი სწორედ "ბუდიველნიკთან" თამაშით გავაცილეთ.

ეს გუნდი 2008 წელს თბილისში ჩამოვიდა და "მაქაბისთან" ამხანაგურად ითამაშა. გიორგიმ 31 ქულა ჩააგდო და... "პანათინაიკოსში" წავიდა.

ორიოდე დღეა, რაც შერმადინის გადაბირების მსურველთა შორის თურქული "გალათასარაიც" დასახელდა.

- "გალაში" სიამოვნებით ვითამაშებდი, - როგორც მიხვდით, ეს კალათბურთელის სიტყვებია, - ძალიან ახლოსაა საქართველოსთან და მანუჩარ მარკოიშვილიც იქ თამაშობს. როგორც ვიცი, "გალათასარაი" მომდევნო სეზონის ევროლიგაში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

- მანუჩართან ერთად გიორგი იტალიურ "კანტუში" 2011-12 წლებში გამოდიოდა. ორივეს ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა. სანაკრებო შეკრებებისას, როცა შერმადინი მარკოიშვილთან ერთ ოთახში ცხოვრობს, ყოველთვის მშვიდად ვარ - ვიცი, რომ რეჟიმში იქნება.

მანუჩარი ანგარიშსაც მაბარებდა - დღეს შერმადინმა კარგად ჭამაო... მანუს მსგავსი პროფესიონალი ჯერ არ დაბადებულა, - დასძინა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

საუბარი სხვა მიმართულებით გაგრძელდა. გიორგი შერმადინმა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოზე გაამახვილა ყურადღება.

ისრაელშიც გემრიელი კერძები აქვთ და იტალიაშიცო, თუმცა უცხოელები აქ რომ ჩამოიყვანო, ხაჭაპური და ხინკალი გაასინჯო, აქედან აღარ წავლენო.

თავებს მოგაჭრითო
დავწერეთ "ბუდიველნიკთან" 2008 წელს გამართულ შეხვედრაზე. სწორედ მას მერე თამაშობს გიორგი უცხოეთში. მანამდე?

- პატარაობაში თანატოლებთან შედარებით მაღალი ვიყავი, კალათბურთელობაც მინდოდა, მაგრამ მაშინ "ტრანსპორტი ჭირდა", თბილისში სიარული რთული იყო. თუმცა ცოტა ხნით ალეკო ჯაფარიძესთან ვვარჯიშობდი. შემდეგ "თელავში" ვირიცხებოდი...

ჯამლეტ ხუხაშვილმა განაგრძო:

- კახეთის გუნდში გიორგი ფაქტობრივად არც თამაშობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საამისოდ მზად არ იყო. 2005 წელს ძმასთან, სოსოსთან ერთად "მაქაბიში" გადმოვიყვანე. დღეში 7 საათს ვავარჯიშებდი...

სწორედ მაშინ დაიწერა ქართულ პრესაში, უმჯობესია შერმადინი უცხეთში წავიდეს, რომ მაღალი დონის კალათბურთელად გაიზარდოსო.

- მახსოვს, გამოცდილმა ჟურნალისტმა დავით ჭელიძემ ისიც დაწერა, ჯამლეტმა შეგირდებს უთხრა, თუ შერმადინს პასს არ მისცემთ, თავებს მოგაჭრითო.

ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ ევროპაში წასვლის შემდეგ გიორგი იმის ნახევარ პასს არ მიიღებდა, რამდენსაც "მაქაბიში".

იმასაც ამბობდნენ, ჯამლეტ ხუხაშვილი შერმადინს ძალიან ტვირთავსო. თუმცა გვქონდა გეგმა, რომლის მიხედვითაც წინ მივიწევდით, ვვარჯიშობდით, ვზრუნავდით დასვენებაზე, სამედიცინო შემოწმებაზე.

რამდენადაც უნდა მოინდომო, ამ საქმეში თუ ფინანსური მხარდაჭერა არ გაქვს, მიზნის მიღწევა გაგიჭირდება.

მხარში დაგვიდგა შვეიცარიაში მოღვაწე პიროვნება მიხეილ სოროკო, რისთვისაც მას დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ.

ასევე საქმეში ჩართული იყო არაერთი მწვრთნელი, ნოდარ ქორქია, ალექსანდრე ფერიაშვილი, ზურაბ ტომარაძე, ნიკოლოზ დერიუგინი, თამაზ ოქრუაშილი, მიხეილ ხუხაშვილი... ყველა თავისი პროგრამით ავარჯიშებდა.

მწვრთნელმა გიორგი და სოსო შერმადინების სელექციურ თვისებებსაც გაუსვა ხაზი:

- ერთ საღამოს დამირეკეს და მითხრეს, მცხეთაში ვნახეთ ორი ახმახი ბიჭი. კალათბურთს თამაშობდნენო.

ვუთხარი, აუცილებლად მომიყვანეთ-მეთქი და... ჯერ უფროსი ძმა, გიორგი რევაზაშვილი გახდა ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი (36.1 ქულა, 13.6 მოხსნა), შემდეგ - ლევან რევაზაშვილი (34 ქულა, 12.4 მოხსნა), ხოლო წლეულს მათი მესამე ძმა მაიზერი 18-წლამდელთა ჩემპიონატში გამოირჩა - 36.5 ქულა, 16.8 მოხსნა).

თითქოს, სნაიპერობა შერმადინისგან გადაედოთო - გიორგი ევროპაში გამგზავრებამდე ბოლო სეზონში სუპერლიგაში საშუალოდ 34 ქულასა და 14 მოხსნას აგროვებდა.

ნაკრები

შერმადინი ცოტას დაისვენებს და სანაკრებო ვარჯიშებს შეუდგება.

მოგეხსენებათ, წლეულს ეროვნულ გუნდში ვერ ითამაშებს ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომლის შეცვლაც სწორედ გიორგის მოუწევს.

- ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. ამჯერადაც ჩვეულად ვივარჯიშებ, ვიმედოვნებ, რომ ევრობასკეტის მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები.

დანარჩენს უშუალოდ შეხვედრები გვიჩვენებს, - გვითხრა შერმადინმა და ახალწვეულებზეც ილაპარაკა:

- ტანმაღალ ლუკ ზელერს არ ვიცნობ, უკანახაზელ რიკი ჰიკმანთან ერთად კი "მაქაბიში" ვთამაშობდი. მისი ჩამოყვანის ამბავი რომ გავიგე, ცოტა გამიკვირდა, მის შესახებ არ მკითხეს. ჰიკმანი ნამდვილად კარგი კალათბურთელია.

შერმადინთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეების წინახაზელებზე ვიმსჯელეთ.

- ესპანეთის ნაკრებში პაუ გასოლი არ იქნება, თუმცა ეს მათ შესაძლოა არც დაეტყოთ. სამაგიეროდ, მარკ გასოლი ითამაშებს.

სლოვენიელებსაც აქვთ დანაკლისი - ერაზემ ლორბეკის გარეშე იასპარეზებენ. თუმცა მადრიდის "რეალის" ცენტრ მირზა ბეგიჩს დაიხმარებენ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ლორბეკის არყოფნა დიდი დანაკლისია და მიმაჩნია, რომ მათ ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა სულაც არ ჰყავთ.

ხორვატიის ნაკრებში კარგი ტანმაღალი კალათბურთელები არიან თავმოყრილნი. ამასწინათ დამირ მარკოტას ველაპარაკე, რომელთანაც სლოვენიის "ოლიმპიაში" ვთამაშობდი.

"უნიკახას" მეფარე ლუკა ზორიჩი ასევე "ოლიმპიადან" მანუჩარ მარკოიშვილის მეგობარია. მაღალი დონის მეფარეა ბარსელონელი ხორვატი ანტე ტომიჩი. მეფარეებით გამოირჩევა პოლონეთიც.

"ფინიქსელი" მარცინ გორტატის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, "კახა ლაბორალში" ეფექტური სეზონი ჰქონდა მაცეი ლამპეს.

სხვათა შორის, "კახასთან" საშინაო მატჩში "ოლიმპიაკოსს" 8 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდა.

15 ქულითაც ვიგებდით, მაგრამ ბოლოს 8-ით ვიმარჯვეთ. გასახდელში გაცეცხლებული შემოვიდა ვასილის სპანულისი, იქაურობა სულ მიურ-მოურია.

საბოლოოდ, ევროლიგაზეც ყველაფერი კარგად დასრულდა. ვიმედოვნებ, ქართველებს ნაკრებშიც ისეთივე წარმატებული სეზონი გამოგვივა, როგორც კლუბებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული