"ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ხარირმებში" (ინგლისურ ენაზე "ბაქსი" სწორედ ხარირემს ნიშნავს. - ავტ.) გადასვლის მიზეზებზეც ილაპარაკა, ატლანტაში გატარებულ წლებზეც, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ წევრ ლუკ ზელერზეც და თავის უცნაურ თვისებებსა და მეუღლის სტუდიაზეც კი...
- როგორც კი პირველი ივლისი დადგა და სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა, "ატლანტას" ყოფილმა და "მილუოკის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ დამირეკა - ძალიან მინდა, ისევ ჩემს გუნდში ითამაშო და ამისთვის
რვა წელია, დრიუს ვიცნობ. პროფესიონალ მოთამაშედ, ფაქტობრივად, მის თვალწინ ჩამოვყალიბდი და ეს ზარი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
ლარისთან ლაპარაკიდან თხუთმეტ წუთში "ნიუ-იორკ ნიქსიდანაც" დამირეკეს, თუმცა მათ უფრო მცირე ბიუჯეტი აქვთ და გულის სიღრმეში, იქ თამაში თავიდანვე გამოვრიცხე.
ჩემს აგენტს "პორტლენდიდან", "სან ანტონიოდან", "კლივლენდიდან" და "შარლოტიდანაც" დაურეკეს...
- არაერთხელ გითქვამს, რომ ატლანტა შენი სახლია. ჯორჯიელებს იგივე პირობები რომ შემოეთავაზებინათ, ალბათ, "ქორებში" დარჩებოდი...
- რა თქმა უნდა... ვკითხეთ კიდეც, რას ფიქრობდნენ, მაგრამ პირობებში ისეთი სხვაობა იყო, არ მიღირდა დარჩენა...
სხვა ფაქტორებთან ერთად, პროფესიონალი მოთამაშისთვის ფინანსურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, სადაც უნდა ვითამაშო, აშშ-ში ჩემი სახლი მაინც ატლანტა იქნება, ამერიკელებისთვისაც "ატლანტასთან" ვასოცირდები...
ახალ კონტრაქტს ხომ მოვაწერე ხელი, მაგრამ ისე ვარ მიჩვეული ატლანტას, ბოლომდე ჯერაც არ მჯერა, რომ იქ აღარ ვითამაშებ...
რვა წელი ცოტა არ არის. ზოგიერთი მოთამაშე რვა სეზონს საერთოდ ვერ ატარებს NBA-ში, მე კი ერთ კლუბში ვითამაშე.
ატლანტაში, მოედანზეც და მის გარეთაც, ბევრი კარგი რამ მოხდა. სხვა რომ არაფერი, ჩემი სამივე შვილი ამ ქალაქში დაიბადა...
- "მილუოკიში" მხოლოდ ხელფასისთვის ხომ არ წასულხარ? არაერთხელ გითქვამს, რომ ისეთ გუნდში გინდა თამაში, რომელსაც პლეი-ოფში თამაშის ამბიცია აქვს; რომ არ გინდა, მაჩანჩალა კლუბში მხოლოდ ფულისთვის თამაშობდე...
- საინტერესო კითხვაა... ბევრგან წამიკითხავს - რა უნდოდა ფაჩულიას "მილუოკიში", გადასულიყო ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბში - "მაიამიში", "ოკლაჰომაში" ან "სან ანტონიოშიო"...
ვითომ "ბაქსი" რატომ არ არის პლეი-ოფის გუნდი?! მით უმეტეს, შარშანაც ითამაშა და ნამდვილად არ არის ისეთი მაჩანჩალა, მაგალითად, "შარლოტ ბობქეთსი" რომ იყო წლების განმავლობაში.
- ცეკვის სტუდიას, რომელიც შენს მეუღლეს ატლანტაში აქვს, მილუოკიში ხომ არ გადაიტანთ?
- უკვე შეიძლება ითქვას, რომ კი არა აქვს - ჰქონდა (იცინის)... სხვათა შორის, ქართველები მილუოკიშიც არიან და უმეტესობას კარგად ვიცნობთ.
თიკას რაც შეეხება, ჩემი გულისთვის პროფესიულ ცეკვას დაანება თავი და სტუდიის მიტოვებას ვერ გადაიტანს (იცინის)?!
- ბოლო დღეებია, ამერიკელი ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხარ. ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან?
- სანამ კონტრაქტს გავაფორმებდი, თქვენი ატლანტელი კოლეგები მეკითხებოდნენ, ხომ არ გადაიფიქრებო - მათაც უნდოდათ, "ატლანტაში" დავრჩენილიყავი. გულშემატკივრები კი... ბოლო დღეებში კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი, როგორ ვუყვარვარ აქაურებს.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა twitter-ზე ძალიან ემოციური რამ მომწერა - ფულის შეგროვებას ვიწყებ, ზაზას კონტრაქტი რომ გამოვისყიდო და "ატლანტაში" დავტოვოო...
ასეთი რაღაცების კითხვა უნდა შევწყვიტო, თორემ ასეთი გზავნილების შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები - შეცდომა ხომ არ დავუშვი...
დარწმუნებული ვარ, ატლანტელებს არ დავავიწყდები. ყველაზე მეტად სწორედ ქომაგების მიტოვება მიჭირს. მწვრთნელიც შემიცვლია, გუნდის მენეჯერიც, პირადი აგენტიც კი, მაგრამ ასეთი გულისწყვეტა არასდროს მქონია...
ატლანტა ისევ ჩემი სახლი იქნება, მაგრამ ძალიან დამაკლდებიან ადამიანები, რვა წლის განმავლობაში რომ ვხედავდი ტრიბუნაზე. თუმცა, როცა სეზონი დაიწყება და "მილუოკის" თამაშებში ჩავებმები, დარწმუნებული ვარ, არც "ხარირმების" ქომაგების გულის მოგება გამიჭირდება...
- რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე სწრაფი ტემპით მიდის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე შენი თამაში მაინც გამორიცხულია...
- უფლის წყალობით, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სასექტემბროდ რომც ვიყო ფორმაში, ნაკრებში მაინც ვერ ვითამაშებ - სანაკრებო განაცხადი ხომ უკვე გაგზავნილია...
ვეცდები, სლოვენიაში მაყურებლის სტატუსით მაინც ჩავიდე.
- უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრები ნატურალიზებულ მოთამაშეს შენს პოზიციაზეც იმატებს. ლუკ ზელერზე რისი თქმა შეგიძლია?
- მასზე ბევრი არაფერი ვიცი, ზელერის ძმებს უფრო კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ძლიერი კალათბურთელები არიან. ერთი "კლივლენდში" თამაშობს, მეორე "შარლოტში". როგორც გავიგე, ლუკსაც უთამაშია "ფინიქსში", მაგრამ როგორც ჩანს, NBA-ში იმდენი არ უთამაშია, რომ მახსოვდეს...
- ამდენი თავისუფალი დრო პირველად გაქვს. სავარჯიშო დარბაზის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ზაზა ფაჩულიას ნახვა?
- ვცდილობ, ეს დრო განათლების მისაღებადაც გამოვიყენო და ატლანტაში "მასტერის" ხარისხის მისაღებად ვემზადები. სახლი - დარბაზი - სკოლა - ძირითადად, ასეთია ჩემი დღის რეჟიმი...
- ერთხელ მითხარი - გასვლითი მატჩიდან რაც უნდა დაღლილი დავბრუნდე, ჯერ ჩემოდანს ამოვალაგებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიძინებო... სხვა უცნაური თვისებაც გაქვს?
- უცნაურის რა გითხრათ, მაგრამ ამერიკელებისგან განსხვავებით, მომავლის დიდი ხნით ადრე და დეტალურად დაგეგმვას ვერ შევეგუე.
ყველაფრის გაკეთება სპონტანურად, ბოლო დღეს მიყვარს. მაგალითად, სასტუმროს ან ბილეთებსაც ერთი-ორი დღით ადრე ვჯავშნი და ამის გამო ხშირად ვზარალობ კიდეც (იცინის). ძვირი კი მიჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, როცა მინდა, მაშინ ვაკეთებ და კონკრეტულ თარიღებზე არ ვარ "მიბმული"...
ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"