ბესიკ ლიპარტელიანი: ზაზასა და თორნიკეს გარეშე ბევრ სიახლეზე მოგვიწევს მუშაობა

AutoSharing Option
ზაზას და თორნიკეს ევრობასკეტზე თამაში 100 პროცენტით გამოირიცხა

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადება შინ დაიწყო. 8 ივლისიდან თბილისში ვარჯიშობდა, თუმცა არასრული შემადგენლობით, 25 ივლისიდან კი მზადება სლოვენიაში, დაბა პოდჩეტრტეკში განაგრძო.

მოვუსმინოთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, რომელიც სლოვენიიდან 29 ივლისს დაბრუნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით - პოდჩეტრტეკში სლოვენიის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბაზა იყო, მაინც არ მოველოდით, ნაკრებს ასეთი კარგი პირობები თუ დახვდებოდა, კვებიდან დაწყებული, სავარჯიშო დარბაზებით დამთავრებული.

სლოვენიელებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მხოლოდ პოდჩეტრტეკში იყო შესაძლებლობა ერთ გუნდს, საქართველოს ნაკრებს
ევარჯიშა.

სხვა ბაზებზე ჩვენ გარდა სხვა გუნდები უნდა დაბინავებულიყვნენ. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ "ტერმე ოლიმპიას" სპორტული ბაზა.

- ევროპელები სპორტულ კომპლექსებს ძირითადად საკურორტო ზონებში აშენებენ...
- ასეა სლოვენიაშიც. პოდჩეტრტეკი დაბაა, სადაც უამრავი დამსვენებელი ჩამოდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კომპლექსი ცელიედან მხოლოდ 35 კილომეტრითაა დაშორებული.

ცელიეში კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფის თამაშები გაიმართება. დაბეჯითებით უნდა ითქვას, აკლიმატიზაციის პრობლემა არ იქნება.

- საქართველოს ნაკრების მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ვარჯიშებს სამი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს. მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი დიდ ყურადღებას აქცევს როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე ბურთით მუშაობას.

ბურთით მხოლოდ ტაქტიკური წვრთნა მიმდინარეობს. კალათბურთელები დიდი მონდომებით ვარჯიშობენ. საინტერესო სანახავი იყო ისიც, რომ ახალგაზრდები ნაკრების გამოცდილ კალათბურთელებს დიდ კონკურენციას უწევენ.

- ნაკრებს ორი ახალი მწვრთნელი ჰყავს: ფიზმომზადების სპეციალისტი ალექსანდრ ჩვოროვიჩი და ვიდეოასისტენტი მეთ ბრეისი...
- ვიდეოასისტენტი იგორ კოკოშკოვს ჯერ არ სჭირდება. როცა ნაკრების თამაშები დაიწყება, მეთ ბეითსიც მაშინ შეუერთდება.

ჩვენი გუნდი პირველ საკონტროლო შეხვედრას 7 აგვისტოს იტალიაში გამართავს (სადაც 5 აგვისტოს ჩავა). რაც შეეხება ფიზმომზადების ახალ მწვრთნელ ალექსანდრ ჩვოროვიჩს, იგი ძლიერი სპეციალისტი ჩანს, დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ნაკრებს სათანადოდ დაეხმარება.

სხვათა შორის, გუნდი მისი ხელმძღვანელობით თბილისში ორი კვირა ვარჯიშობდა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეკრების დასაწყისისთვის მეტად კარგ კონდიციებშია.

ალექსანდრ ჩვოროვიჩი გვპირდება, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალურ ფორმას ევრობასკეტის დაწყებისთვის მიაღწევს.

- ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას ევრობასკეტზე თამაში გამორიცხულია?
- 100 პროცენტითაა გარკვეული, რომ თორნიკე და ზაზა სლოვენიაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ფაჩულია აქილევსის მყესის ტრავმას მკურნალობს, ხოლო შენგელია მუხლის ოპერაციას 31 ივლისს გაიკეთებს.

შესაბამისად, იგი სექტემბრის დასაწყისისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრები ფარ-ხმალს დაყრის. როგორც აღვნიშნე, კალათბურთელები საბრძოლველად არიან შემართულნი და ვარჯიშებისას ბოლომდე იხარჯებიან.

- ზაზასა და თორნიკეს გამოკლების შემდეგ ნაკრების ტაქტიკურ სქემებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. ამაზე, ალბათ მწვრთნელები უკვე მუშაობენ.
- რა თქმა უნდა. ბევრ სიახლეზე მოუწევთ მუშაობა. კარგია ისიც, რომ ეროვნულ გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე 11 საკონტროლო შეხვედრის ჩატარება მოუწევს და იგორ კოკოშკოვსაც მეტი ვარირების საშუალება ექნება. ვიმედოვნებ, შედეგს ევრობასკეტზე ვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: რით შეგიძლია გუნდის დახმარებაო? ასეთ კითხვებს აღარ მისვამენ
საქართველოს ნაკრები სლოვენიის საუკეთესო სპორტულ კომპლექსში ემზადება
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: ასეთ სპორტულ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ - პიკზე ვარ

ვიქტორ სანიკიძე: ევრობასკეტზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული