იგორ კოკოშკოვი: ნაკრების ტაქტიკაში ცვლილებები უნდა განვახორციელოთ

AutoSharing Option
ტრენტოში მიმდინარე ოთხთა ტურნირი იტალიელ ჟურნალისტებში დიდ ინტერესს იწვევს.

შეჯიბრებაზე უამრავი მედიელია აკრედიტებული, რომელთაგან ერთ-ერთმა პოლონეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცის იგორ კოკოშკოვის ინტერვიუ ჩაწერა.

ცხადია, ის ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

- მონდომების მიუხედავად, პოლონელებთანაც დამარცხდით. რა მიზანს ემსახურება ტრენტოს ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის?
- ეს იყო მეორე თამაში მოსამზადებელ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები ძალიან შორსაა ოპტიმალური ფორმისაგან.

ჯერ ვერ ვუჩვენებთ ისეთი დონის თამაშს, როგორიც შეგვიძლია. ეს არცაა გასაკვირი, გეგმაზომიერად მივიწევთ წინ და ჩვენი გათვლით ნაკრები სათანადო კონდიციებს ევრობასკეტის დასაწყისისთვის მიაღწევს.

- გაკლიათ
ორი ლიდერი, NBA-ს წარმომადგენლები ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია...

- ორივემ ოპერაცია გაიკეთა და ევრობასკეტზე მათ გარეშე მოგვიწევს გამოსვლა.

ეს საქართველოს დარი გუნდისთვის დიდი დანაკლისია. ქართველთა ნაკრებში ხუთი წელია ვმუშაობ და პირველად მიწევს ახალი გუნდის შენება. ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ტაქტიკაში, ახალი კალათბურთელები გუნდს სათანადოდ უნდა მოვარგოთ.

- აქვს საქართველოს სათანადო რესურსი?
- ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელები ნამდვილად გვყავს. თანაც არაერთი. მათზე დაყრდნობა შეიძლება. მართალია, წინა წლებთან შედარებით სხვანაირი გუნდი გვეყოლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეეძლება მაღალ დონეზე თამაში და იმედია, ევრობასკეტზე შედეგიანადაც გამოვალთ.

- ზოგადად საქართველოსა და იქაურ კალათბურთელებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ქართველებს მებრძოლი ხასიათი გამოარჩევთ. წაგებას ვერ ეგუებიან. ბოლომდე იბრძვიან თითოეული მეოთხედის, თითოეული მატჩის მოგებისთვის.

ამჟამად მზადების საწყის ეტაპზე ვართ და ამხანაგური მატჩების შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. როგორც მწვრთნელი, სიამოვნებით გავცვლიდი ამ საკონტროლოებს ევრობასკეტზე მოგებებში.

- გაზაფხულზე "ფინიქს სანზიდან" "კლივლენდ კავალიერსში" გადახვედით...
- კლივლენდურ გუნდში ახალი ვარ. აქამდე ხუთი წლის განმავლობაში "ფინიქსში" ვმუშაობდი, საერთოდ კი NBA-ში მოღვაწეობის თორმეტწლიანი სტაჟი მაქვს.

ჯერ მხოლოდ მთავარ მწვრთნელ მაიკ ბრაუნს შევხვდი, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ახალ სიტუაციასთან გაშინაურებისთვის დრო არ მქონდა. ვერც კალათბურთელები გავიცანი, რადგან გუნდი მხოლოდ საზაფხულო ლიგებში სათამაშიდ შეიკრიბა და ახალგაზრდები ვარჯიშობდნენ.

- მიზანი პლი ოფში გასვლა უნდა იყოს.
- "კლივლენდი" მომავალ სეზონში კარგი გუნდი იქნება. მისი და ჩემი მიზანი კალათბურთელებისთვის პროგრესში ხელის შეწყობა იქნება.

მაგალითად კაილ ირვინგისთვის, რომელიც მზარდი მოთამაშეა და შეუძლია გახდეს მომავალი სტივ ნეში, ან ჩონსი ბილაპსი.

ორივესთან მომიწია მუშაობამ. კაილ ირვინგისგან კლივლენდელები ბევრს ელიან და, ვიმედოვნებ, იმედებს გაამართლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ისრაელი 79:77 - არის პირველი მოგება!

საქართველო-პოლონეთი 75:87 - ჟურნალი არ ვარგა, როგორი იქნება კინო?

იტალია-საქართველო 85:69 - გზის დასაწყისში აღმართია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული