საქართველოს საკალათბურთო ნაკრები: საფრანგეთს ავაცილეთ, სერბეთი ჩამოვაგდეთ

AutoSharing Option
17 აგვისტოს საქართველოში მწყერზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. ჰოდა, ამ დღეს ერთ-ერთი სერბული გაზეთი შემდეგი სათაურით გამოვიდა:

"საქართველომ "არწივები" მიწაზე დაანარცხა". ჩვენმა გუნდმა ბალკანელებს 75:71 აჯობა.

საფრანგეთის სიმბოლო მამალია, თუმცა საქართველოს ნაკრები იმ დონის გუნდი არ არის, ზედიზედ ორი გასროლით სერბები და ფრანგები ერთმანეთზე მიაწყოს.

როგორც მონადირეებს სჩვევიათ, შეგვიძლია მეორე ადგილითაც წავიტრაბახოთ, ჩვენთან ერთად ხომ ტურნირში ფრანგები და სერბები გამოდიოდნენ.

"საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მასთან პაექრობა ჩვენთვის სასარგებლო იყო და ვფიქრობ, კავკასიელები ევროპის ჩემპიონატზე ბევრს შესთავაზებენ სიურპრიზს",
- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების
თავკაცმა ვინსენ კოლემ.

ევროპის ჩემპიონატის საიტზე დაიწერა: "საქართველომ სერბეთს მოუგო. ასე რომ, ევრობასკეტზე C ჯგუფში (რომლის მატჩები ცელიეში გაიმართება) ყველაფერია მოსალოდნელი." ...და, რაც მთავარია, ანტიბის ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრების ქომაგსაც გული მიეცა - ევრობასკეტზე აუტსაიდერის სტატუსით არ მივემგზავრებით.

ვის ვეთამაშეთ?
შესაძლოა, საფრანგეთთან 15-ქულიანი მარცხის შემდეგ, ერთი შეხედვით, პოზიტივის პოვნა რთული იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება.

როცა თამაშს ვიხილავთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელშიც ორივე მხარე ერიდება ტრავმის მიღებას; ორივე გუნდი კარგ ხასიათზეა და ყოველგვარი წნეხი მოხსნილია; ზოგი გამოცდილი (მაგალითად, ტონი პარკერი) შესაძლებლობებს იმ დონემდე ავლენს, სადამდეც მისი გუნდისთვის საკმარისია, ხოლო ახალბედები თავს არ ზოგავენ; ოპტიმალურ ფორმაში არავინაა...

17 აგვისტოს საფრანგეთს ნიკოლა ბატუმი და ალექსის აჟინკა აკლდნენ, რომლებსაც მცირე ტრავმები აქვთ და მწვრთნელმა დაასვენა.

საფრანგეთის ნაკრებში მათ არყოფნაშიც გამოჩნდა იმის პოტენციალი, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე საკუთარი საკალათბურთო ისტორია ხელახლა გადაწეროს - ფრანგებს ევროპის ჩემპიონატი ერთხელაც არ მოუგიათ!

მათი მწვრთნელი, ვინსენ კოლე დაახლოებით ისეთი სტრატეგიით ასპარეზობს, როგორითაც იგორ კოკოშკოვი 2009-11 წლებში: პირველ პერიოდში ძირითადი ხუთეულით თამაშობდა, მეორეში - სათადარიგოებს ენდობოდა და ასე თითქმის ერთიანად ცვლიდა სასტარტოებს თადარიგის მოთამაშეებით.

ჰოდა, შაბათს, როცა მეოთხე პერიოდში მოედნიდან ტონი პარკერი გავიდა და საქართველოს ნაკრებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა 12-მდე შეამცირა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მეორე პარკერი - ტომას უერტელი, რომელმაც სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა, პასს-პასი, ხოლო ფარქვეშიდან ტონიზე არანაკლებ ეფექტურად შედიოდა.

სწორედ მან შეაჩერა თამაშის შემოტრიალების იშტაზე მოსული ქართველები...

მოკლედ, ფრანგებს ყველაფერი წესრიგში აქვთ, რაშიც ევრობასკეტის მსვლელობისასაც დავრწმუნდებით.

პერიმეტრი
საქართველოს ნაკრებმა ასეთი დონის გუნდთან სამი პერიოდი თანაბრად ითამაშა, მხოლოდ მეორე რაუნდში ჰქონდა ჩავარდნა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე. აკი თქვა ვინსენ კოლემ: "რაც უნდა ძლიერი გუნდი იყოს, ზედიზედ ორი მატჩის თანაბრად მაღალ დონეზე ჩატარება გაუჭირდება.

ეს მომენტი კარგად გამოვიყენეთ და წინა დღისით სერბეთთან ნაბრძოლებ ქართველებს მეორე ათწუთეულში ვაჯობეთ".

რით გვაჯობეს: მეორე პერიოდში ფრანგებმა მაღალი სისწრაფე "ჩართეს" და ქართველები დაცვაში დალაგებას ვერ ასწრებდნენ.

ამასთან, რიგ ეპიზოდებში მეტოქე პრესინგს მთელ მოედანზე მიმართავდა და სწრაფ კონტრიერიშებს შედეგიანად აგვირგვინებდა. "სამფეროვნებს" პრესინგის გაშლა შესაძლოა იმანაც უკარნახა, რომ ქართველებმა სერბეთთან 12 სამქულიანი ჩააგდეს. ფრანგებთან სულ 4 შორეული ტყორცნა გამოვიყენეთ.

ზაზას ფაქტორი
თუ ზოგიერთ საკონტროლო მატჩში ფარქვეშ მოწინააღმდეგეებს ვჯობდით, საფრანგეთთან აშკარად დაგვეტყო ზაზა ფაჩულიას არყოფნა.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იოჰან პეტრო (შარშან "ატლანტაში" ზაზას თანაგუნდელი იყო) გიორგი შერმადინს სჯობდა, მაგრამ სამწამიან ზონაში ფორვარდები თუ უკანახაზელები კრაზანებივით ირეოდნენ და ნექტარის ნაცვლად, ჩვენს კალათში ბურთს ტოვებდნენ.

შედეგად, საფრანგეთმა ფარქვეშიდან 46 ქულა ჩააგდო (ჩვენ - 22) და ბურთი 35-ჯერ მოხსნა (ჩვენ - 25-ჯერ). ზაზა ფაჩულიას NBA-ში იმიტომ აფასებენ, რომ როცა ფარქვეშ დგას, არამხოლოდ ცენტრები, სხვებიც ერიდებიან მასთან შეჯახებას.

რადგან ცენტრებზე ვლაპარაკობთ, უნდა დავძინოთ, რომ შაბათს შერმადინი, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოში საუკეთესო იყო - 16. მის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. იგი ჯერ გიორგი შარაბიძემ შეცვალა, შემდეგ ნიკა ცქიტიშვილმა. სკიტამ მხოლოდ მეოთხე რაუნდში ითამაშა და მოკლე დროში საკმარისი გააკეთა: 8 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა.

ბელრუსი თუ საფრანგეთი?
მატჩის ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა (13 ქულა). მისთვის და ვიქტორ სანიკიძისთვის სულ ერთია, ბელორუსს ეთამაშებიან თუ საფრანგეთს, ორივე შემთხვევაში თავისებურად ერთობიან და პუბლიკასაც ოვაციებს სტყუებენ: მატჩი ცინცაძე-სანიკიძის ლამაზი "ალეი უპით" გაიხსნა.

ვიქტორმა 8 ქულა ჩააგდო, მანუჩარ მარკოიშვილმა იმდენი, რა ნომერიც ზურგზე აწერია (11), ხოლო რიკი ჰიკმანმა გაქართველების შემდეგ პირადი რეკორდი დაამყარა - 12 ქულა მიითვალა (აქამდე 10-10 ქულა ჰქონდა).

ზემოთ ჩამოთვლილ ექვს კალათბურთელს ევროპულ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ამიტომაცაა, ზედიზედ ორი მატჩის ერთ დონეზე ჩატარება რომ არ უჭირს.

ახალწვეულებისთვის კი საფრანგეთთან თამაში გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა მთავარია, რომ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში მყოფი 14 კალათბურთელიდან ყველას მისცა თავის გამოჩენის საშუალება (ანატოლი ბოისას გარდა, ლუკ ზელერი სიაში არ იყო).

19 აგვისტოს ჩვენი ნაკრები საქართველოში ბრუნდება, რამდენიმე დღე სამშობლოში დარჩება და 26-27 აგვისტოს ისრაელში იქაურ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი (ნაკრების მეორე მწვრთნელი):
- სერბეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, ეს ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. რაც შეეხება ფრანგებთან თამაშს, მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ჩვენთვის მეტად სარგებლიანი მატჩი გახლდათ, რადგანაც დაცვაში ბევრი ნიუანსი გამოჩნდა, რომლებზეც ევრობასკეტამდე ვიმუშავებთ.

მანუჩარ მარკოიშვილი (ნაკრების კაპიტანი):
- სერბეთთან კარგად გავისარჯეთ, ფრანგებმა კი უკეთ მოამზადეს ჩვენს წინააღმდეგ თამაში და დაცვაში დიდი პრობლემები გვქონდა. იმედია, ეს წაგება ჭკუის სასწავლებელი იქნება და სლოვენიისთვის ერთ-ერთ კარგ მოსამზადებელ ეტაპად იქცევა.

საფრანგეთი 86:71 საქართველო
24:19, 24:12, 20:20, 18:20

საფრანგეთი: პეტრო (21 წ. 9 ქ. 8 მ. 3 პ.), პარკერი (17 წ. 2 ქ.), დე კოლო (23 წ. 11 ქ. 4 მ.), დიაუ (22 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ჟელაბალე (18 წ. 12 ქ. 4 მ.); ლოვერნი (15 წ. 11 ქ. 4 მ.), დიო (17 წ. 2 ქ. 6 პ.), კაჰუდი (22 წ. 8 ქ.), უერტელი (23 წ. 11 ქ.), პიეტრუსი (21 წ. 6 ქ. 4 მ.).

საქართველო: ცინცაძე (31 წ. 13 ქ. 3 პ.), შერმადინი (26 წ. 12 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (11 ქ.), ფაცაცია (15 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ. 8 ქ. 4 მ.); ჰიკმანი (23 წ. 12 ქ. 3 მ.), მეტრეველი (7 წ. 2 ქ.), სანაძე (6 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 5 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (3 წ.), ლეჟავა (7 წ.), ფხაკაძე (10 წ. 3 ქ.), შარაბიძე (7 წ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული