[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: სლოვენიასთან უპირატესობა გვექნება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ და ლატვიამ საწყის ორ ტურში ორივე მატჩი მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

მათთან ერთად წაუგებელი შეიძლებოდა საქართველოს ნაკრებიც ყოფილიყო, მაგრამ ხორვატიასთან ბოლო წამებზე დრამატულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დავმარცხდით - 76:77.

გახსნით მატჩში კი საქართველომ პოლონეთს იმდენად დამაჯერებლად სძლია, რომ ევროპის საკალათბურთო საზოგადოება ხმამაღლა აალაპარაკა. 5 სექტემბრის დილას ესპანელი ჟურნალისტების მსჯელობას შევესწარი - მარკოიშვილი, შერმადინი ახსენეს და გაკვირვებას ვერ მალავდნენ, 6-7 კალათბურთელით ასე ძლიერად როგორ თამაშობენო.

რომ არა ხორვატიასთან დასანანი მარცხი, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე
ეტაპზე თამაშის ფავორიტთა შორის თამამად შევიდოდა.

ჩვენი გუნდის შესახებ მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს გავესაუბრეთ. პირველ რიგში ხორვატიასთან შეხვედრაზე ვკითხეთ.

- მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ხორვატიის დონის გუნდთან ჩვენი კალათბურთელების გამოსვლით ვამაყობ. შეიძლებოდა გამარჯვებაც, რასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ კალათბურთი მათემატიკა არ არის, წინასწარ გამოთვალო, რა სხვაობით მოიგებ, ან რა შანსი გაქვს ამა თუ იმ გუნდთან.

ზოგჯერ შეიძლება თამაში წაგივიდეს და ყველაფერი კარგად გამოგივიდეს, ხან პირიქით ხდება. არის შემთხვევები დაცვაში ვერ თამაშობ სათანადოდ, ზოგჯერ - შეტევაში.

მატჩის მსვლელობისას იყო ლოკალური ჩავარდნები, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად იბრძოლა.

- საწყისი ორი მატჩის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გუნდი გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. პოლონელებსაც და ხორვატებსაც მოედნის არც ერთ მონაკვეთში არაფერს უთმობდა.
- ეროვნულ ნაკრებში თამაში განსაკუთრებული მოვლენაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანას წარმოადგენ და გინდა შენი საქმე კარგად შეასრულო, არის მოლოდინი - გულშემატკივარი, მედია ელის შენს კარგ თამაშს, წარმატებას. მათთვის ხომ გუნდის თითოეული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კალათბურთელებმაც იციან და საქართველოს ნაკრების მაისურით სხვა ემოციით თამაშობენ.

- ხორვატიასთან შეხვედრას დავუბრუნდეთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ბოლო მეოთხედში გიორგი ცინცაძეს, რომელსაც თამაში კარგად წაუვიდა, სრული თავისუფლება მიეცით. ქართული კალათბურთი ძველთაგანვე სწორედ "თავისუფალი იმპროვიზაციით" გამოირჩეოდა.
- გიორგი ცინცაძე გამთამაშებელია, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მრავალმხრივი მოთამაშეა. ექვსი წელიწადია საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი და გიორგის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ.

ასე რომ, მჯერა მისი და ისიც ვიცი, რომ შეუძლია გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვეს.

ხორვატიასთან მატჩში მართლაც მივეცი თავისუფლად თამაშის საშუალება, შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა მთავარია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდა, ენერგიაც საკმარისად აღმოაჩნდა. ვთვლი, რომ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მისი დიდი დამსახურება იყო ხორვატიასთან ბოლო წამებამდე თანაბრად რომ ვითამაშეთ.

- საწყის მატჩებში ნაკრები კარგად გამოიყურება. როგორც ფიზმომზადების მწვრთნელი დაგვპირდა, ფორმის პიკს სწორედ ევრობასკეტზე მიაღწია. თუ მიგაჩნიათ, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსაც ასევე ენერგიულად ითამაშებთ?
- მთავარია, ჯანმრთელად დავრჩეთ შეჯიბრების ბოლომდე. ფიზიკურად კარგად მომზადება სწორედ იმას გულისხმობს, რომ კალათბურთელებმა რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მიიღონ და ძალა თავიდან ბოლომდე შეინარჩუნონ. ასევე მნიშვნელოვანია სათადარიგოთა სკამის დახმარება. სადღეისოდ 6-7 კალათბურთელით ვთამაშობთ და იმედი მაქვს, სათადარიგოები მეტად დაგვეხმარებიან. ამის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება.

- ამჯერად მეტად ენდობით სათადარიგოებს...
- ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, რომლებისთვისაც ევრობასკეტზე თამაში დიდი გამოცდილებაა. ისინი ბევრს მუშაობენ და ასევე ბევრს სწავლობენ. მათ მონდომებას რომ ვუყურებ, მჯერა, მომავალში გუნდს ძალიან დაეხმარებიან. ისინი დღითი დღე პროგრესირებენ.

- ხორვატიის ნაკრებთან საინტერესო მატჩის შემდეგ შესაძლოა, ერთგვარად ჩრდილში მოექცა პოლონეთთან გამარჯვება, მაგრამ საბოლოოდ, საერთო სურათის გაანალიზებისას პოლონეთთან ლამაზი მოგება არავის დაავიწყდება.
- ჩვენგან განსხვავებით პოლონელებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ. მათ პერიმეტრიდან სათანადოდ ვერ შეგვიტიეს, რაც ჩვენთვის დიდი ფორა აღმოჩნდა. ყველამ იცის, რომ პოლონეთის ნაკრების მთავარი კოზირი ფარქვეშ თამაში და ორქულიანებია. ეს რომ ვიცოდით, ამიტომაც შევუზღუდეთ სივრცე და მეტოქემ თავისი კოზირი ვერ გამოიყენა. როცა თამაში ვერ წაუვიდათ, პოლონელები ცოტა ანერვიულდნენ და ამან საბოლოო შედეგზეც იმოქმედა.

- მარცინ გორტატთან "ფინიქსში" 2008 წლის შემდეგ მუშაობთ. მან საქართველოს წინააღმდეგ ისე ვერ ითამაშა, როგორც შეუძლია.
- - NBA-ის კალათბურთელობა იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებში 20-30 ქულას ჩააგდებ და გუნდს მოაგებინებ. გორტატი მაღალი დონის ცენტრია, მაგრამ თუ ნაკრებში გულშემატკივრები ბევრ ქულას ელიან, NBA-ში ასე არ არის. ამერიკაში გორტატს ისევე მოეთხოვება ზონის კონტროლი, მოხსნა, თანაგუნდელის დაზღვევა და მოწინააღმდეგე ცენტრის კარგი მეურვეობა, როგორც ქულების ჩაგდება. იგი მრავალმხრივი კალათბურთელია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

- 7 სექტემბერს სლოვენიასთან გადამწყვეტი მატჩი გველის. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი კოზირი მასპინძლებთან?
- სლოვენიელებთან უპირატესობა ნამდვილად გვექნება. სათამაშო ტაქტიკასა და კალათბურთელებზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ თავისუფლად ვითამაშებთ, ყოველგვარი წნეხი მოხსნილი გვექნება. მასპინძლებს კი ჩვენთან მატჩი აუცილებლად მოსაგები ექნებათ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა გაიადვილონ.

ასე რომ, ვითამაშებთ თავისუფლად, მონდომებით და იმედი მაქვს, შედეგიანადაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სლოვენია VS საქართველო - საქართველო საშიშია!
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკოშკოვ,არ გინდა უპირატესობებზე წინაწარი საუბარი,ზედმეტია... გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო (ალბათ არც გსმენიათ სერბებს).

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
მე
21:08 07-09-2013
0
ძალიან მაგრები არიან. ჯგუფიდან გასვლის შანსი ცოტაა, მაგრამ 5-6 კაცით მოთამაშე გუნდი, რომელსაც 2 NBA კაცი აკლია, ძალიან კარგად თამაშობენ.
buxuti
20:02 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული